ახალსოფლის წმინდა ბარბარეს ეკლესია

ახალსოფლის წმინდა ბარბარეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას ყვარლის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის აღმოსავლეთით 1 კილომეტრზე, მდინარე ავანისხევის მარცხენა ნაპირას, მთაზე. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და რიყის ქვით. კარ-სარკმლები და აფსიდის კუთხეები გამოყვანილია აგურით. დაზიანებულია: ჩაქცეულია კამარა და კონქის მნიშვნელოვანი ნაწილი, დანგრეულია კედლების ზედა ნაწილები. შემორჩენილ კედლებს გარეთა მოპირკეთება დიდ ფართობზე ჩამოშლილი აქვს. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან კი თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, სარკმელს ჩრდილოეთი გვერდი და გადახურვის მცირე ნაწილიღა შემორჩა. თითო სარკმლის ქვედა ნაწილია შემორჩენილი დანარჩენ კედლებშიც. აფსიდი გადახურული იყო სხმული კონქით. შიგნით კედლები შელესილი ყოფილა.

ლიტერატურა

რედაქტირება