ეგვიპტის ახალი სამეფო

(გადამისამართდა გვერდიდან ახალი სამეფო)

ახალი ეგვიპტური სამეფო — ძველი ეგვიპტის ისტორიის ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც გრძელდებოდა ძვ. წ. 1570-1080 წლებში. იგი მოიცავს ეგვიპტის XVIII, XIX და XX დინასტიებს.

ეგვიპტის ახალი სამეფოს ტერიტორია ძვ. წ. XV საუკუნეში

ეგვიპტის ისტორიაში ახალი ერის ფუძემდებლად აღიარებულია ფარაონი იაჰმეს I (ძვ. წ. 1570–1576 წწ.), მენესისა და მენტუჰოტეპ I-ის მსგავსად. მან ჰიქსოსები ქვეყნიდან განდევნა, მისდია შარუჰენამდე (სამხრეთ პალესტინა), რომელიც მათ მთავარ ბაზას წარმოადგენდა. ამის შემდეგ მან წესრიგი დაამყარა ქვემო ნუბიაში, რომელიც ეგვიპტის კონტროლიდან გამოვიდა, ხოლო შემდეგ თანდათან სამხრეთით წაიწია. ნუბიის მმართველად ფარაონმა დანიშნა თავისი უფროსი ვაჟი, ისიც იაჰმესი და მას უბოძა ტიტული „ფარაონის ვაჟი, სამხრეთის ქვეყნების ზედამხედველი“. ამით მან დააარსა ახალი რგოლი ფარაონის ადმინისტრაციულ აპარატში, რომელმაც იარსება ახალი სამეფოს მთელი პერიოდის მანძილზე.

დაახლ. ძვ. წ. 1350 წელს ახალი სამეფოს სტაბილურობას საფუძველი შეურყია ამენჰოტეპ IV-ის ტახტზე ასვლის შემდეგ მის მიერ გატარებულმა რადიკალური და ქაოტური რეფორმების სერიამ. საკუთარი სახელის ახენატენით შეცვლით მან მანამდე ნაკლებად ცნობილი მზის ღმერთი ატონი უზენაეს ღვთაებად შერაცხა, აკრძალა დანარჩენი ღვთაებების მსახურება და ქურუმებზე გაილაშქრა. დედაქალაქის ახალ ქალაქ ახეტატონში (თანამედროვე ამარნა) გადატანით მან საგარეო საქმეები მეორეხარისხოვნად მიიჩნია და საკუთარი თავი ახალ რელიგიას და არტისტულ სტილს მიუძღვნა. მისი გარდაცვალების შემდეგ ატენის კულტი სწრაფად დაივიწყეს, ხოლო მისმა შემდგომმა ფარაონებმა ტუტანხამონმა, ეიემ და ჰორემჰებმა სრულიად წაშალეს მისი მკრეხელობის ხსენება, რომელიც ამჟამად ამარნას პერიოდით არის ცნობილი.

დაახლ. ძვ. წ. 1279 წელს, რამზეს II, აგრეთვე ცნობილი როგორც რამზეს დიდი, ადის ტახტზე და უფრო მეტი ტაძრების და ობელისკების მშენებლობას იწყებს. ფარაონების ისტორიაში მას ყველაზე მეტი შვილი ჰყავდა.[1] გამჭრიახი სამხედრო მმართველი რამზეს II მის არმიას უძღოდა ხეთების წინააღმდეგ ბრძოლაში კადეშთან და საბოლოოდ დათანხმდა ისტორიაში პირველ საზავო ხელშეკრულებაზე ძვ. წ. 1258 წელს.

თუმცა ეგვიპტის სიმდიდრე მაცდური სამიზნე გახდა უცხოელი დამპყრობლებისთვის, განსაკუთრებით ძველი ლიბიელებისა და ზღვის ხალხისთვის. თავდაპირველად ეგვიპტელთა სამხედრო ძალები წარმატებით უმკლავდებოდნენ შემოსევებს, თუმცა საბოლოოდ ეგვიპტემ სირიასა და პალესტინაზე გავლენა დაკარგა. გარე საფრთხის გავლენას განსაკუთრებით ამძაფრებდა საშინაო პრობლემები — კორუფცია, აკლდამების ძარცვა და სამოქალაქო არეულობა. ამუნის ტაძრის უმაღლესი ქურუმები თებეში ვრცელ მამულებსა და უზარმაზარ სიმდიდრეს ფლობდნენ და მათმა მზარდმა ძალაუფლებამ ქვეყანა მესამე გარდამავალ პერიოდში შეიყვანა.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მის ორ მთავარ ცოლთან და ვრცელ ჰარემთან, რამზეს II-ს 100-ზე მეტი შვილი გაუჩნდა. Clayton, Peter A. (1994). Chronicle of the Pharaohs. London, England: Thames and Hudson. ISBN 0-500-05074- გვ. 146
  2. James, T.G.H. (2005). The British Museum Concise Introduction to Ancient Egypt. Ann Arbor, Michigan: University of Michigan Press. ISBN 0-472-03137-6. p. 54