აჩაბეთის ციხე
აჩაბეთის ციხე – ციხესიმაგრე შიდა ქართლში, ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჩაბეთის (ზემო აჩაბეთის) ტერიტორიაზე. მდებარეობს პატარა მდინარე თირისწყლის მარჯვენა ნაპირას, მცირე შემაღლებაზე. იქვე, რამდენიმე ასეულ მეტრზე მიედინება მდინარე ლიახვი.
ისტორია
რედაქტირებააჩაბეთის შესახებ მეტად მცირე ცნობები გაგვაჩნია. მის წარმოშობაზე არაფერია ცნობილი. პირველად იგი XVI საუკუნის შუა წლებში იხსენიება. ირანელთა წინააღმდეგ ლუარსაბ I-ის ბრძოლის დროს მთავარი ბანაკი ქართლში, აჩაბეთში ყოფილა. შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში, მასზე არაფერი ცნობა არ არის. ვიცით, რომ ირანელთა წინააღმდეგ მებრძოლ გივი ამილახორს შიდა ქართლის ციხეთა, უმრავლესობა ეკავა. მათ შორის იყო აჩაბეთიც. გივი ამილახორთან ბრძოლის დროს ერეკლე მეორეს ორჯერ მოუხდა აჩაბეთისათვის ბრძოლა. ორივეჯერ ციხემ, მართალია, არაჩვეულებრივი სიმტკიცე გამოიჩინა, მაგრამ მეფემ მაინც შეძლო მისი აღება. XVIII საუკუნის 50-იან წლებში ლეკთა თარეშთან დაკავშირებით აჩაბეთის ციხესთან მოხდა შეტაკებები. 1759 წელს ქართლში დიდი ჯარით შემოიჭრა დაღისტნის ბელადი კოსტა და ჩონჩოლ-მუსა. ჩონჩოლ-მუსამ აჩაბეთის ციხე აიღო და ავნევს ალყა შემოარტყა. კოსტა ბელადი კი ატოცის ციხეს შემოსდგომია. მდგომარეობა იმდენად სერიოზული ყოფილა, რომ ერთიანი ბრძოლისთვის შეკრებილან თეიმურაზი, ერეკლე და იმერეთის მეფე სოლომონი თავიანთი ჯარებით. მათ ჯერ კოხტა ბელადს შეუტიეს, მოშალეს ლეკთა განლაგება და მტერი გააქციეს. აქედან გაქცეულ ლეკებს ავნევში მყოფთათვის შეუტყობინებიათ. ჩონჩოლ-მუსა მაშინვე გასცლია ციხეს და დვანის ციხისათვის, შეუფარებია თავი. როცა მეფეებმა ავნევს ვერავინ ნახეს, დვანს მიაშურეს. შიგ შეფარებულმა ლეკებმა პირისპირ შებმა ვერ გაბედეს და მცირე რაზმით გამოხდომები არჩიეს. მხოლოდ ღამემ გაჰყარა მებრძოლნი. როცა გათენდა, ახლო-მახლო ერთი ლეკიც აღარ ჩანდა: მათ ისარგებლეს ღამის სიბნელით და გაიპარნენ. ქართველთა ჯარი დაედევნა, მაგრამ გვიანღა იყო, ვეღარ დაეწივნენ. აჩაბეთის ციხე შემდეგ ხანებშიაც იხსენიება, მაგრამ იქ დიდი ბრძოლები, არ ჩანს.
არქიტექტურა
რედაქტირებანანგრევებში გაირჩევა სხვადასხვა დროის ოთხი ფენა. პირველად აქ მდგარა კოშკი მცირე გალავნით. შემდეგ გალავნის შიგნით რეკონსტრუქცია მომხდარა. ძველ გალავანზე მიუშენებიათ არცთუ ისე დიდი გალავანი. რამდენიმე საუკუნის შემდეგ საჭირო გამხდარა ციხის ტერიტორიის გაზრდა. ამჯერად ბევრად უფრო დიდი ფართობისათვის შემოუყოლებიათ კედელი.
კოშკი ქვემო ნაწილში ოთხკუთხედს უახლოვდება, ზემოთ კი თითქოს წრიულია. დაზიანებული სახით მოღწეულია ოთხი სართული. ქვემოთ კოშკი მასიურია. შესასვლელი მეორე სართულზეა. ქვედა სართულებს მხოლოდ კარ-ფანჯრები აქვთ, ზედა სართულების კედლებში კი სათოფურებია მოწყობილი.
თავდაპირველი გალავანი უსწორო ნახევარწრეს უახლოვდება. მისი ერთი ბოლო კოშკის ჩრდილო-დასავლეთის კუთხეს ებჯინება მეორე — ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეს. შემდეგში სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში კამაროვანი სათავსო ჩაუდგამთ. მეორე გალავანი თითქმის პირველის პარალელურად მიემართება. კედლებში სათოფურები ყოფილა განლაგებული. გალავნებს შორის მანძილი ერთ ადგილას განიერდება და იქ მოწყობილია ღრმა ხარო ხორბლის შესანახად.
მესამე გალავანი საკმაოდ დიდ ფართობს შემოსაზღვრავს. გეგმაში იგი უსწორო ოთხკუთხედს წარმოადგენს. ჭიშკარი მოწყობილი ყოფილა აღმოსავლეთით. გალავნის სიმაღლე ექვს მეტრს აღემატება. ზედა იარუსზე განლაგებული იქნებოდა სათოფურები.
აჩაბეთის ციხეს 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. ტ, თბ.. — გვ. 268.
- გვასალია ჯ., ლიახვის ხეობის ისტორიულ-გეოგრაფიული საკითხისათვის, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, VI, თბ., 1982.
- მაკალათია ს., ლიახვის ხეობა, თბ., 1971.
- ზაქარაია პ., სამშობლოს გუშაგები, თბ., 1965.
- ზაქარაია პ., ცხინვალის რაიონი, თბ., 1987.
- ზაქარაია პ., ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები, თბ., 2001.
- შიდა ქართლი ტ. I, პატარა და დიდი ლიახვების ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა. თბ. 2002 წ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2020-01-29.