აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) — კერძო უმაღლესი სასწავლებელი თბილისში.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
დევიზი ცოდნა, რომელსაც რეალურად გამოიყენებ!
დაფუძნდა 14 ოქტომბერი, 2012
ტიპი კერძო
რექტორი დავით ჩერქეზიშვილი
მისამართი შატილის ქ. №4; დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი.
ქალაქი თბილისი
ქვეყანა საქართველო
ტელეფონი

ადმინისტრაცია: +995 32 248 01 41 კანცელარია: +995 32 248 01 20

სასწავლო: +995 32 248 01 18
კამპუსი 2 (ორი)
ფერები შინდისფერი
http://eeu.edu.ge/

უნივერსიტეტი დაარსდა 2012 წელს თბილისში. უნივერსიტეტი  ავტორიზებულია[1] და საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

უნივერსიტეტი ახორციელებს 19 საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამას იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და ინჟინერიისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტებზე.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 2012 წელს დაარსდა. უნივერსიტეტის რექტორის პოსტს იკავებს დავით ჩერქეზიშვილი, რომელიც ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხს და არის სამეცნიერო სტატიებისა და მონოგრაფიის ავტორი, ასევე არაერთი სამეცნიერო კონფერენციის, სემინარის მონაწილე და თანაორგანიზატორი.

უნივერსიტეტი თავდაპირველად ფუნქციონირებდა სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსით და ახორციელებდა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს სამი მიმართულებით: სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება და ინგლისური ფილოლოგია. 2015 წელს რეავტორიზაციის გზით მიენიჭა უნივერსიტეტის სტატუსი და მოიპოვა სადოქტორო პროგრამების განხორციელების უფლება.

2017 წლიდან უნივერსიტეტში ამოქმედდა ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები საერთაშორისო სტუდენტებისთვის. ამავე წელს უნივერსიტეტში შეიქმნა ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტი, შემუშავდა და აკრედიტაცია გაიარა დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანმა ინგლისურენოვანმა პროგრამამ, რომელიც საერთაშორისო სტუდენტებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. უნივერსიტეტში სწავლობენ   საერთაშორისო სტუდენტები მსოფლიოს 14 ქვეყნიდან.

2020 წელს შეიქმნა სადოქტორო კვლევების განვითარების ცენტრი, რომლის მიზანია დოქტორანტურის საფეხურზე სწავლა-სწავლებისა და კვლევის პროცესის, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პროფესული და კვლევითი უნარების განვითარება.

დღესდღეობით უნივერსიტეტი არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია და პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობს მრავალ წამყვან უნივერსიტეტთან მსოფლიოს მასშტაბით.

უნივერსიტეტის ლოგო

რედაქტირება

სამსაფეხურიანი ისარი აღებულია შუმერული ლურსმნული დამწერლობიდან და თანამედროვე გრაფიკულ სიმბოლოებში ასო "E"– ს აღმნიშვნელი ნიშანია, რითაც ხაზი ესმება სახელწოდებაში "ევროპის" მნიშვნელობას.

თითოეული სამკუთხედი “ცოდნის სამკუთხედის“ სიმბოლოს წარმოადგენს, რომელიც ევროკომისიის განათლების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. ისინი, ამავდროულად ასოცირდება სამსაფეხუროვან უმაღლესი განათლების სისტემასთან (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და მათი ერთობლიობა განათლების განგრძობადობას, უწყვეტობასა და ერთიანობას აღნიშნავს.

მთლიანობაში, გრაფიკული სიმბოლო წარმოადგენს საფუძველზე დაშენებულ ერთიან კონსტრუქციას, როგორც აკადემიური განათლების უწყვეტობას და მიღებული ხარისხის მდგრადობას.

უნივერსიტეტის ფაკულტეტები

რედაქტირება
 
უნივერსიტეტის კამპუსი

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სამი ფაკულტეტი: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი, ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტი.

ფაკულტეტი წარმოადგენს უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც, აკადემიური თავისუფლების ფარგლებში, უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და ანიჭებს მათ შესაბამის  კვალიფიკაციას.

ფაკულტეტის შექმნის, რეორგანიზაციის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, სამართლებრივი აქტით-ბრძანებით, წარმომადგენლობითი საბჭოს  არგუმენტირებული  წინადადების საფუძველზე.

ფაკულტეტს ხელმძღვანელობს და მესამე პირებთან ურთიერთობებში წარმოადგენს ფაკულტეტის დეკანი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.

ფაკულტეტის მმართველი წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა არჩეული წევრები.   ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები აირჩევიან აკადემიური პერსონალის  საერთო  კრებაზე ღია კენჭისყრით, ხოლო სტუდენტი წევრები აირჩევიან სტუდენტთა თვითმმართველობის მიერ. საბჭოს შემადგენლობის დაკომპლექტების წესი, პროცედურა, უფლებამოსილება და მუშაობის რეგლამენტი  განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით.

იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

რედაქტირება

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ახორციელებს სწავლებას სამივე საფეხურზე შემდეგი მიმართულებებით:

საბაკალავრო პროგრამები:

  • სამართლი (კერძო სამართალი, საჯარო სამართალი, სისხლის სამართალი,)
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • ფსიქოლოგია

სამაგისტრო პროგრამები:

  • სამართალი (კერძო სამართალი, საჯარო სამართალი, სისხლის სამართალი)
  • საჯარო მმართველობა

სადოქტორო პროგრამა:

  • სამართალი

ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი

რედაქტირება

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი ახორციელებს სწავლებას სამივე საფეხურზე ქართულ და ინგლისურ ენებზე შემდეგი მიმართულებებით:

საბაკალავრო პროგრამები:

  • ბიზნეს ადმინისტრირება (მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები)
  • ბიზნეს ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)
  • არქიტექტურა

სამაგისტრო პროგრამები:

  • ბიზნესის ადმინისტრირება ფინანსებში (ინგლისურენოვანი )
  • ციფრული მენეჯმენტი (ინგლიურენოვანი)  
  • ბიზნეს ადმინისტრირება ფინანსებში
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • აგრობიზნესის მენეჯმენტი
  • ურბანული დაგეგმარება
  • განათლების კვლევები და ადმინისტრირება

სადოქტორო პროგრამები:

  • ბიზნეს ადმინისტრირება (მენეჯმენტი)
  • განათლების მეცნიერები

ამასთანავე, ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე ხორციელდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას (60 კრედიტი).

ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტი

რედაქტირება

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტი დაარსდა 2017 წელს და ახორციელებს  დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამას.

ფაკულტეტს ხელმძღვანელობს და მესამე პირებთან ურთიერთობებში წარმოადგენს ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ნატო ალავიძე, რომელიც ფლობს ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს.  ფაკულტეტის მმართველი წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს ფაკულტეტის დეკანი.

ჯანდაცვის ფაკულტეტზე სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.   ფაკულტეტზე ირიცხება  საერთაშორისო სტუდენტები მსოფლიოს 14 ქვეყნიდან: ისრაელი, ინდოეთი, ნიგერია, შრი-ლანკა, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ბანგლადეში, ერაყი, ირანი, ყატარი, ლიბანი, პაკისტანი,  სინგაპური, აშშ.

ჯანდაცვის ფაკულტეტზე სწავლა ხორციელდება საქართველოში კლინიკების ბაზებზე, როგორებიცაა:

  1. თბილისის ცენტრალური საავადმყოფო;
  2. აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი;
  3. აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა;
  4. სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯია“;
  5. პინეო სამედიცინო ეკოსისტემა;
  6. კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი;
  7. კ. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი.


უნივერსიტეტის სამედიცინო განათლება აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და შეტანილია სამედიცინო სკოლების მსოფლიო კატალოგში. ასევე, არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ ასოციაციის წევრი:

  • მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO)
  • ინდოეთის მედიცინის საბჭო (MCI)
  • სამედიცინო სკოლების ასოციაცია ევროპაში
  • სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაცია

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება