აღბიჟი (აფხ. Аӷбажь[1] < аӷба — „გემი“ და ажь — „ყურძენი“), აბყურძენიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

გადმოცემის მიხედვით ეს ჯიში აფხაზეთში გემით იყო შეტანილი და შემდეგ გავრცელდა გუდაუთასთან, სოფელ ყულანურხვაში.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომის და მომრგვალო ფორმისაა. სამნაკვეთიანი, სუსტად დანაკვთული, თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ხშირი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალოზომისაა, კონუსური, იშვიათად ცილინდრული ფორმის, ფრთიანი, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომის და მომრგვალოა. მუქი ლურჯი, შავში გარდამავალი, მაგრამ ცვილისებრი ფიფქის გამო მონაცისფრო ელფერი დაჰკრავს. მარცვალი მკვრივი და თხელკანიანია, ცუდად შორდება რბილობს. სასიამოვნო გემო აქვს, მომჟაო, ჯიშური არომატით, წვენი ღია ვარდისფერია.

აღბიჟი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე აფხაზეთის ტერიტორიაზე 198 დღეა, ხოლო თელავში 175 დღე. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 112-150 გრამს შორის მერყეობს. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 22-23%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-9 გ/ლ-ს.

გამოიყენება მაღალი ხარისხის მუქად შეფერილი სუფრის ღვინის დასამზადებლად. აფხაზეთის სუბტროპიკული კლიმატის პირობებში შაქრის მნიშვნელოვანი დაგროვების გამო გამოდგება ბუნებრივად ნახევარტკბილი ღვინის დასაყენებლად და ნაკლებად შეფერილი სუფრის წითელი ღვინის ფერის გასაძლიერებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 52-53
  1. жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015