აფხაზეთის ასსრ-ის XII მოწვევის უზენაესი საბჭო

აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უზენაესი საბჭოაფხაზეთის ასსრ-ის XII მოწვევის უმაღლესი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანო 1991-1992 წლებში. აღნიშნულ პერიოდში სულ მოწვეული იყო უზენაესი საბჭოს 2 სესია.

მმართველი რგოლი

რედაქტირება

აფხაზეთის ასსრ-ის XII მოწვევის უზენაესი საბჭოს ხელმღვანელობა შემდგენაირად დაკომპლექტდა:

აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე — ვლადისლავ გრიგოლის ძე არძინბა;
აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის მოადგილე — თამაზ ვლადიმერის ძე ნადარეიშვილი;
აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის მოადგილე — ალბერტ გასპარის ძე ტოპოლიანი.

აფხაზეთის ასსრ-ის XII მოწვევის უზენაესი საბჭოს I სესია მოწვეულ იქნა 1991 წლის 29 დეკემბერი — 1992 წლის 23 ივლისს.

პირველი (1991 წლის 29 დეკემბრის) სხდომა გაიმართა ყოფილი კომპარტიის საოლქო კომიტეტის, შემდგომში აფხაზეთის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის შენობის სხდომათა დარბაზში, სადაც ადრე პარტიული პლენუმები და აქტივები იმარტებოდა.

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვ. ცუგბამ. მან დეპუტატებს მიულოცა აფხაზეთის უზენაეს საბჭოში არჩევა. მან სესიას მოკლედ მოახსენა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების შედეგების შესახებ.

საარჩევნო კანონით განსაზღვრული 65 საარჩევნო ოლქიდან დეპუტატები არჩეული იქნა 63 ოლქში. ორ საარჩევნო ოლქში ჩატარდება ხელახალი კენჭისყრა, რადგან განმეორებით არჩევნებშიც მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლებმა რაოდენობამ. სესიას ესწრებოდა 60 დეპუტატი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არჩევნების მსვლელობისას ადგილი ჰქონდა საარჩევნო კანონის მთელ რიგ დარღვევებს. ითქვა, რომ საზოგადოების ნაწილმა გაგებით აღიქვა ჩატარებული არჩევნები, თუმცა ბევრმა ისინი მიიჩნია როგორც დემოკრატიული პრინციპების დარღვევა.

საზოგადოების დემოკრატიზაციის ვითარებაში ჩატარებული აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების არადემოკრატიულობა, რამაც ავტონომიური რესპუბლიკის ქართული და ეგრეთ წოდებული რუსულენოვანი მოსახლეობის სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია, გამომდინარეობდა იმ უჩვეულო საარჩევნო კანონიდან, რომლის თანახმადაც 65 საარჩევნო ოლქიდან: 28-ში უფლება მიეცათ კენჭი ეყარათ მხოლოდ აფხაზი ეროვნების დეპუტატობის კანდიდატებს, 26-ში — ქართული ეროვნების, დანარჩენ 11 ოლქში — რუსულენოვანი მოსახლეობის წარმომადგენლებს, არაქართვლებს და არააფხაზებს. ეს, სამართლიანი უკმაყოფილება მთლად უსაფუძვლო არ იყო, ეს ცხადი გახდა ახლადარჩეული პარლამენტის პირველსავე სხდომაზე, როდესაც დეპუტატები ირჩევდნენ სამანდატო კომისიას. სამანდატო კომისიის შემადგენლობა, რომელმაც უნდა გაანალიზოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მასალები არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შესახებ და დასამტკიცებლად გამოიტანოს სესიის მომავალ სხდომაზე, თავდაპირველად განისაზღვრა 7 კაცის შემადგენლობით. დეპუტატთა ერთი ნაწილის სახელით დეპუტატმა ი. ვორონოვმა სამანდატო კომისიის შემადგენლობაში წამოაყენა 4 კანდიდატურა, ამასთან ერთ-ერთი, კერძოდ ვ. ლოგინოვი — ხსენებული კომისიის თავმჯდომარედ (თუმცა თავჯდომარის არჩევა თვით კომისიის წევრებს ხელეწიფებათ). დეპუატატთა მეორე ნაწილის სახელით დეპუტატმა თ. ხუბუამ სამანდატო კომისიის შემადგენლობაში შესაყვანად დაასახელა კიდევ 4 კანდიდატურა. ამ გარემოებამ რამდენადმე გააჭიანურა სამანდატო კომისიის არჩევის პროცედურა, მცირე დებატების შემდეგ სესიამ ხმის უმრავლესობით გადაწყვიტა სამანდატო კომისია არჩეულიყო 7 კაცის შემადგენლობით და არა 8, როგორც ამას ითხოვდა დეპუტატთა ერთი ჯგუფი, რადგანაც წამოყენებული იყო 8 წევრის კანდიდატურა. როდესაც დაიწყო კენჭისყრა, წინასწარ ადვილი მისახვედრი იყო თუ რომელ ოთხეულში აღმოჩნდებოდა ერთი ზედმეტი კანდიდატი. ასეც მოხდა — დარბაზში მყოფი დეპუტატების უმრავლესობის წყალობით ხელუხლებლად გავიდა წინადებები დეპუტატების იმ ნაწილისა, რომლის სახელითაც კანდიდატურები წამოაყენა დეპუტატმა ი. ვორონოვმა. კომისიის თავმჯდომარეც (ვ. ლოგინოვი) არჩეულ იქნა სესიაზე, თუმცა სარედაქციო კომისიის თავმჯდომარე ს. ლაკობა აირჩიეს თვით სარედაქციო კომიტეტის წევრებმა. ამ მაგალითმაც, ცხადყო აუცილებლობა იმისა, რომ დეპუტატებმა არ უნდა დაუშვან პარლამენტის ორ ბანაკად დაჯგუფება, როგორც ამას ახლო წარსულშ ჰქონდა ადგილი.

ამიტომაც ლოგიკური და ამდენად დეპუტატების უმრავლესობისათვისაც მისაღები იყო დეპუტატ ვ. ყოლბაიას წინადადება სადეპუტატო შემთანხმებლობის კომისიის შექმნის შესახებ. ორმხრივი მოლაპარაკებებით შეთანხმებული კანდიდატურების შერჩევის საფუძველზე. შესვენების შემდეგ სესიამ დაამტკიცა აღნიშნული კომისია 12 დეპუტატის შემადგენლობით.

სესიის დასასრულს დეპუტატებმა დაამტკიცეს აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს განცხადება თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკვშირებით.

ამით აფხაზეთის ასსრ-ის მეთორმეტე მოწვევის პირველი სესიის პირველმა სხდომამ მუშაობა დაასრულა. შემდგომი სხდომა დაინიშნა მომავალი წლის 6 იანვრისათვის[1].

დადგენილებები
რედაქტირება

მეორე (1992 წლის 6 იანვრის) სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვ. ცუგბამ.

დეპუტატებმა დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სესიამ მოისმინა სამანდატო კომისიის თავჯდომარის დეპუტატ ვ. ლოგინოვის მოხსენება. მან შეკრებილთ მოახსენა კომისიის მიერ შემოწმებული მასალები არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების შესახებ და კომისიის სახელით სესიის დასამტკიცებლად შეიტანა წინადადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული 63 საარჩევნო ოლქში არჩეული 63 დეპუტატის უფებამოსილების ცნობის შესახებ. ამასთან მან აღნიშნა, რომ დეპუტატთა ერთი ჯგუფი ითხოვდა ოთხი დეპუტატის (საარჩევნო ოლქები №№1, 3, 17, 60), უფლებამოსილების საკითხის განხილვას მოგვიანებით, შესაბამისი მასალების დამატებით შესწავლის შემდეგ.

კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით გავიდა სამანდატო კომისიის წინდადება.

სესიამ მიიღო აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დადგენილება აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს 63 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის შესახებ.

სესიის დღის წესრიგის მეორე საკითხებად დასმული იყო აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის არჩევა. დეპუტატ ო. დამენიას წინადადებით უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ წამოყენებულ იქნა დეპუტატი ვლადისლავ არძინბას კანდიდატურა. ვ. არძინბას კანდიდატურის მხარდაჭერა გამოხატეს თავიანთ გამოსვლებში დეპუტატებმა კ. ოზგანმა, ს. ბაღაფშმა, ნ. მესხიამ, ი. ვორონოვმა, ა. გვარამიამ, ჯ. გამახარიამ და ა. ზებელიანმა.

ფარული კენჭისყრით (61 დეპუტატიდან 59 მომხრე და 2 წინააღმდეგი) აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ დეპუტატებმა აირჩიეს დეპუტატი ვ. არძინბა.

სესიამ ერთხმად მიიღო აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დადგენილება აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ვლადისლავ გრიგოლის ძე არძინბას არჩევის შესახებ.

აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წამოყენებულ იქნა დეპუტატ თამაზ ნადარეიშვილის კანდიდატურა. წამოყენებული კანდიდატურა დადებითად დაახასიათეს და მას მხარი დაუჭირეს დეპუტატებმა ვ. ყოლბაიამ, თ. მჟავიამ, ნ. მესხიამ, ო. დამენიამ, ზ. აჩბამ, ს. ბაღაფშმა და ვ. კვარჭიამ.

სესიის წინაშე სიტყვით გამმოვიდა თ. ნადარეიშვილი. ფარული კენჭისყრის შედეგად აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატი თამაზ ვლადიმერის ზე ნადარეიშვილი.

სესიამ ამ საკითხზე მიიღო აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დადგენილება.

სესიამ აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის მეორე მოადგილედ ღია კენჭისყრით აირჩია დეპუტატი ალბერტ გასპარის ძე ტოპოლიანი.

დეპუტატებმა რიგი შესწორებების შეტანის შემდეგ მთლიანობაში მიიღეს დროებითი დებულება აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს მუშაობის რეგლამენტის შესახებ[2].

სესიაზე დამტკიცებულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს 6 მუდმივმოქმედი კომისია:

  1. სამართლებრივი კომისიის თავმჯდომარე — დეპუტატი ვახტანგ გაბრიელის ძე ყოლბაია;
  2. ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე — დეპუტატი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე ოზგანი;
  3. ადამაინის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე — დეპუტატი იური ნიკოლოზის ძე ვორონოვი;
  4. მეცნიერების, კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე — დეპუტატი სერგეი მირონის ძე შამბა;
  5. ეკოლოგიისა და ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე — დეპუტატი ელგუჯა ანატოლის ძე გვაზავა;
  6. სამანდატო კომისიის თავმჯდომარე — დეპუტატი ეთერ ჰასანის ასული ასტემიროვა[3].

სესიაზე მიიღეს დადგენილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შესახებ:

  1. აფხაზეთის ასსრ-ის ტერიტორიაზე განლაგებულ ყველა საწარმოს, ორგანიზაციას, სხვა იურიდიულ პირებს, საკუთრების ფორმების მიუხედავად, ნება დაერთოთ 1992 წლის 10 იანვრიდან გამოიყენონ თავისუფალი (საბაზრო) ფასები და ტარიფები, რომლებიც იქმნება მოთხოვნილებისა და წინადადებათა გავლენით, გარდა საწარმოო-ტექნიკური დანიშნულების, სამომხმარებლო საქონლის, სამუშაოთა და მომსახურებისა, რომელთა რეალიზაცია ხორციელდება სახელმწიფო ფიქსირებული და რეგულირებადი ფასების მიხედვით;
  2. აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭომ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ აფხაზეთის გადასვლას თავისუფალ (საბაზრო) ფასებზე[4].
დადგენილებები
რედაქტირება

მესამე (25 იანვრის) სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ვ. არძინბამ. სესიას დაესწრო 32 დეპუტატი.

დეპუტატებმა დაამტკცეს დღის წესრიგი:

  1. აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს მიერ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წინაშე თავისი უფლებამოსილების მოხსნის შესახებ;
  2. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ცნობის შესახებ;
  3. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების შემადგენლობათა შესახებ;
  4. აფხაზეთის კანონი „სსრ კავშირის არსებობის შეწყვეტასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების მოქმედების შესახებ“;
  5. აფხაზეთის ასსრ-ის უნზენაესი საბჭოს დადგენილება „აფხაზეთის რესპუბლიკის სამინისტროებში, უწყებებში და ორგანიზაციებში არსებული საუწყებო არბიტრაჟების გაუქმების შესახებ“;
  6. „აფხაზეთის კონსტიტუციაში (ძირითადი კანონი) დამატებათა შეტანის შესახებ“;
  7. დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ აფხაზეთის ასსრ-ის სმართალდაცვითი ორგანოების მუშაობის შესახებ;
  8. აფხაზეთის ასს რესპუბლიკის აფხაზეთის რესპუბლიკად სახელის გადარქმევის შესახებ.

პირველ საკითხზე დეპუტატებმა მოისმინეს აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილის ს. სააკიანის ინფორმაცია. სესიამ მიიღო აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს გადადგომა და დაავალა მისტრთა საბჭოს ძველ შემადგენლობას განაგრძოს თავისი მოვალეობების შერულება მინისტრთა საბჭოს ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე. ამ საკითხზე დეპუტატებმა მიიღეს შესაბამისი დადგენილება.

საკითხზე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ცნობის შესახებ გამოვიდა ამ კომისიის თავმჯდომარე, დეპუტატი ი. ვორონოვი. დეპუტატებმა მიიღეს დადგენილება ა დოკუმენტის ცნობის შესახებ, ასევე გადაწყვეტილება — დეკლარაცია გამოქვეყნდეს პრესაში.

დღის წესრიგის მესამე საკითხზე გამოვიდნენ: მრეწველობისა და სოციალური საკითხების კომისიის თავმჯდომარე კ. ოზგანი, ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე ი. ვორონოვი, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ს. შამბა, სესიამ დაამტკიცა ამ კომისიათა შემადგენლობები.

დეპუტატებმა მიიღეს დადგენილება „აფხაზეთის რესპუბლიკის სამინისტროებში, უწყებებში და ორგანიზაციებში არსებული საუწყებო არბიტრაჟების გაუქმების შესახებ“.

შესვენების შედმეგ დეპუტატების წინაშე გამოვიდა აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სიმბოლიკის — გერბისა და დაროშის პროექტების შემქმნელი მხატვარი გ. გამგია. ამ საკითხის განხილვაშ მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა ს. შამბამ, ვ. კვარჭიამ, ვ. ლოგინოვმა, ზ. აჩბამ. სესიამ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ დამშავდეს ეს პროექტები მუდმივ კომისიებში და გამოტანილ იქნეს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს მორიგ სხდომაზე.

სესიაზე გადაწყვიტეს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის შესახებ საკითხი აფხაზეთის ასსრ-ის შინაგან საქმეთა მინისტრის გ. ლომინაძისა და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავჯდომარის ა. იოსელიანის არყოფნის გამო არ განეხილათ. გადაწყდა, საკითხი მოსმენილ იქნას მორიგ სხდომაზე.

სესიის 25 იანვრის სხდომას არ ესწრებოდნენ ქართელი დეპუტატები. მათი არდასწრების მიზეზების შესახებ სესიაზე განცხადება გააკეთა დეპუტატმა ნ. მესხიამ.

სესიის სხდომა ტრანსლირებული იყო პირდაპირი გადაცემით[5].

დადგენილებები
რედაქტირება

მეოთხე (28 იანვრის) სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ვ. არძინბამ. სესიას დაესწრო 60 დეპუტატი.

აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადილე თ. ნადარეიშვილი გამოვიდა განცხადებით. მან ილაპარაკა 25 იანვრის სხდომაზე დეპუტატთა ნაწილის გამოუცხადებლობის მიზეზებზე, ასევე გამოთქვა თავისი დამოკიდებულება აფხაზეთის ასს რესპუბლიკის — აფხაზეთის რესპუბლიკად სახელის გადარქმევის თაობაზე და შეეხო სახელმწიფო სიმბოლიკის პრობლემებს. თავიანთი შეხედულებები გამოთქვეს დეპუტატებმა ნ. მგალობლიშვილმა, ა. ნაგორნინამ, ე. ასტემიროვამ.

საკითხზე აფხაზეთის ასს რესპუბლიკის — აფხაზეთის რესპუბლიკად სახელის გადარქმევის თაობაზე და სახელმწიფო სიმბოლიკის შესახებ ინფორმაციით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუდმივი კომისიის თავმჯდომარე დეპუტატი ს. შამბა.ამ საკითხზე თავიანთი აზრი გამოთქვეს დეპუტატებმა ნ. მგალობლიშვილმა, რ. დგებუაძემ, ზ. აჩბამ, ლ. ლაკერბაიამ, ი. ვორონოვმა, ო. დამენიამ, ჯ. გამახარიამ, ა. გვარამიამ, კ. ოზგანმა, ა. გასვიანმა, ს. ლაკობამ, ა. ანქვაბმა, ვ. ყოლბაიამ და ს. თარკილმა.

სესიამ გადაწყვიტა კენჭისყრა ამ საკითზე გადატანილიყო 4 თებერვლის სხდომაზე.

შემდეგ სესიის მონაწილეებს მიესალმნენ დაღესტნის წარომადგენლები დ. ხალილოვი და მ. მუგუშაევი.

შესვენების შემდეგ სესიამ მოისმინა საკითხი აფხაზეთის სამართლადამცავი ორგანოების მუშაობის შესახებ, მოხსენებით გამოვიდნენ აფხაზეთის ასსრ-ის შინაგან საქმეთა მინისტრი გ. ლოინაძე, აფხაზეთის ასსრ-ის პროკურორია. კვიწინია და აფხაზეთის ასსრ-ის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარე ა. იოსელიანი. თანამოხსენებით ამ საკითხზე გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს სამართლებრივი კომისიის თავმჯდომარე, დეპუტატი ვ. ყოლბაია.

ამით 28 იანვრის სხდომა დამთავრდა[6].

დადგენილებები
რედაქტირება

მეხუთე (29 იანვრის) სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ვ. არძინბამ.

ვ. არჩინბამ დეპუტატებს მოკლედ გააცნო იმ დროისათვის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებაში გალის რაიონში შექმნილი მდგომარეობა. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ დეპუტატთა ჯგუფის სახელით სესიას შესთავაზა ვითარების ნორმალიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებად — აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დროებითი სრულუფლებიანი რწმუნებულის დანიშვნის მიზანშეწონილობა. დეპუტატმა ნ. მესხიამ რწმუნებულის პოსტზე წამოაყენა დეპუტატ რ. ცატავას კანდიდატურა. სესიამ მიიღო ეს წინადადება. სესიამ აგრეთვე გადაწყვიტა გალის რაიონშ გაეგზავნათ აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დელეგაცია, რომელშიც შევიდნენ ნ. მესხია, ს. ბაგაფში, დ. ფილია და გალის რაიონის დეპუტაცია.

შემდეგ სესიამ განაგრძო აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის შესახებს აკითხის განხილვა.

გ. ლომინაძემ, ა. კვიწინიამ და ა. იოსელიანმა პასუხი გასცეს დეპუტატთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს.

საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს: აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ ზ. ლაბახუამ, დეპუტატებმა: ო. დამენიამ, ი. ვორონოვმა, ნ. მგალობლიშვილმა, რ. ქარჩაამ, ვ. ლოგინოვმა და რ. ქარაიამ.

29 იანვრის სხდომა ამით დამთავრდა[6].

დადგენილებები
რედაქტირება

მეექვსე (30 იანვრის) სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ვ. არძინბამ.

სხდომაზე გაგრძელდა კამათი საკითხზე აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის შესახებ.

ამ საკითხზე დადგენილების პროექტიდეპუტატებს გააცნო აფხაზეთის უზენაესი საბჭოს სამართლებრივი კომისიის თავმჯდომარემ ვ. ყოლბაიამ.

შესვენების შემდეგ დეპუტატებს მიმართა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ვ. არძინბამ. თავის სიტყვაში მან აფხაზეთის პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა და დეპუტატებს შესთავაზა განსახილველად დადგენილების ალტერნატიული პროექტი, რომლითაც, სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის არადამაკმაყოფილებლად შეფასების გარდა შეთავაზებული იყო აფხაზეთის პროკურორის ა. კვიწინიას თანამდებობიდან გათავისუფლება და მისი მოვალეობის შესრულების გადაცემა პროკურორის პირველი მოადგილის ა. ლაცუზბაიასათვის, ხოლო აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გ. ლომინაძის ყოფნის მიზანშეწონილობა განხილულიყო რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ახალი შემადგენლობის ფორმირებისას. დოკუმენტში ასევე აღინიშნა აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის განმტკიცებისა და სამინისტროს სტრუქტურული ცვლილებების აუცილებლობა.

კამათის შემდეგ დეპუტატებმა 33 ხმით მიიღეს დადგენილება ამ საკითხზე.

ამით დასრულდა 30 იანვრის სხდომა[6].

დადგენილებები
რედაქტირება

მეშვიდე (4 თებერვლის) სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ვ. არძინბამ.

სხდომის დღის წესრიგში შეტანილი იყო საკითხი „აფხაზეთში შექმნილი ვითარების შესახებ“. ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ გააკეთა, აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ვ. არძინბამ. მან თქვა რომ თებერვლის პირველ რიცხვებში საქართველოს დროებითმა მთავრობამ რამდენიმეჯერ დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ მიღებულიყო ზომები აფხაზეთში გაფიცვების შესაწყვეტად. ვ. არძინბამ თქვა, რომ ჰქონდა სატელეფონო საუბარი თ. სიგუასთან.

უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თ. სიგუას აზრები გაფიცვის შეწყვეტის და ცხოვრების სრული ნორმალიზაციის შესახებ მთლიანად ემტხვევა მის აზრებს, გამოთქვა მოსაზრებანი სიტუაციის მოგვარების სხვა, პოლიტიკურ მეთოდებზეც.

აფხაზი დეპუტატის დ. ფილიას შეკითხვაზე „ხომ არ გამოიწვევს სამხედრო ქვეგანაყოფების შესვლა გალის რაიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას მთლიანად აფხაზეთში“ ვ. არძინბამ უპასუხა: „შესაძლოა პირიქით, ეს დააწყნარებს სიტუაცის“. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ „აფხაზეთის რაიონებში გამოცხადებულია მზადყოფნა ამისათვის, რომ დავიცვათ ის, რაც დასაცავია“ და „თუ საჭიროა, უზენაესი საბჭო მიიღებს შესაბამის განცხადებას“.

იმავე დღეს სესიაზე ჩამოყალიბდა დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც შეხვდა სოხუმის საგაფიცვო კომიტეტის წევრებს.

ამით დასრულდა 4 თებერვლის სესია[7].

დადგენილებები
რედაქტირება

მერვე (5 თებერვლის) სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ვ. არძინბამ.

სხდომის გახსნისთანავე ვ. არძინბამ სიტყვა მისცა დეპუტატ ა. ანქვაბს. მან თქვა, რომ 4 თებერვალს , გვიან ღამე ოჩამჩირეში გაიმართა აფხაზეთის საგაფიცვო კომიტეტის წევრების, სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებისა და აფხაზეთის უზენაესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატის შეხვედრა სამხედრო ხელმძღვანელობასთან. მან თქვა, რომ სამხედროებმა მკაცრად დააყენეს საკითხი იმის შესახებ, რომ 5 თებერვალს 14 საათისათვის შეწყვეტილიყო რკინიგზელთა გაფიცვა, რომ მიღებულიყო ზომებიიმისათვის, რომ სოხუმშ შეწყვეტილიყო მიტინგები. ა. ანქვაბმა თქვა, რომ სამხედროებმა განსახილველად დასვეს საკითხი სოხუმში კომენდატის საათის შემოღების შესახებ.

აღშანიშნავია ისიც, რომ 4 და 5 თებერვალს, სოხუმში, კონსტიტუციის მოედანზე, გაიმართა ხალხმრავალი მიტინგები ზვიად გამსახურდიას მხარდასაჭერად.

ერთდროულად კი რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მუშაობდა უზენაესი საბჭოს სესია. ვ. არძინბამ თქვა, რომ უკვე რამდენიმე დღეა, რაც სოხუმში იმყოფებოდა საქართველოს პროკურატურის საგამომძიებლო ჯგუფი, რომელიც აფხაზეთის პროკურატურასთან ერთად მიიღებდა ზომებს ვიტარების სტაბილიზაციისათვის. მან აღნიშნა, რომ ჰქონდა კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი საქართველოს დროებითი მთავრობის პრემიერ მინისტრთან თენგიზ სიგუასთან, რომელზეც განხილულ იქნა საკითხი რკინიგზელთა გაფიცვის შესახებ, რადგან კინიგზის ამ უბანს ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოს, სომხეთისა და რუსეთისათვის.

სხდომაზე განიხილეს საკითხი „აფხაზეთის პროკურორის დანიშვნის შესახებ“. სიტყვით გამოვიდა დეპუტატი ზ. აჩბა, მან ამ პოსტზე დასანიშნავად წამოაყენა აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს წევრის, უზენაესი საბჭოს თავჯდომარის მრჩევლის ანრი ჯერგენიას კანდიდატურა. სიტყვით გამოვიდა თვითონ ა. ჯერგენია. დეპუტატის შეკითხვაზე შეთანხმებულია თუ არა ეს კანდიდატურა საქართველოს პროკურატურასთან, როგორც ამას მოითხოვდა აფხაზეთის კონსტიტუცია ვ. არძინბამ თქვა: „დიახ, შეთანხმებულია ვახტანგ რაზმაძესთან და თენგიზ სიგუასთან“.

სხდომაზე ა. ჯერგენია არჩეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის პროკურორად.

დღის მეორე ნახევარში, სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი „აფხაზეთის ასს რესპუბლიკის სახელწოდების შეცვლისა და აფხაზეთის სიმბოლიკის შესახებ“.

აფხაზი დეპუტატები და პირადად ვ. არძინბა, როგორც წინა სხდომაზე კატეგორიულ ფორმებში აყენებდნენ საკითხს იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ასს რესპუბლიკას უნდა დაერქვას აფხაზეთის რესპუბლიკა. ვ. არძინბამ აღნიშნა, რომ სიტყვა ავტონომია აფხაზებისთვის მიუღებელია, რომ აფხაზი ხალხი ელოდებოდა ახალ სახელწოდებას. აფხაზი დეპუტაცია ითხოვდა კენჭისყრას ამ საკითხზე.

ქართველმა დეპუტატებმა თავიან გამოსვლებში აღნშნეს, რომ ასეთი სახელწოდება ფაქტობრივად ნიშნავდა აფხაზეთის სტატუსის შეცვლას, რომ მიუღებელია ამ საკითხის ესოდენ სასწრაფოდ განხილვა და გადაწყვეტა, რომ საჭიროა ამ საკითხის წინასწარი განხილვა, მომზადება სამუშაო ჯგუფში, ექსპერტების მოწვევით. ასეთივე აზრი გამოითქვა სიმბოლიკის შესახებ. ქართველმა დეპუტატებმა მტკიცედ განაცხადეს, რომ არ დაუშვებდნენ საქართელოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.

გადაწყდა, რომ ეს საკითხები — „აფხაზეთის სახელწოდების და სიმბოლიკის შესახებ“ — კვლავ განიხილებოდა 14 თებერვალს სესიის მორიგ სხდომაზე. იმავე დღეს განიხილავდნენ საკითხს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს სამართლებრივი და ეკოლოგიური მუდმივი კომისიების შემადგენლობის შესახებ.

5 თებერვალს დეპუტატებმა სცნეს ოჩამჩირელი დეპუტატის თემურ გოგოხიას უფლებამოსილება[7].

დადგენილებები
რედაქტირება

მეცხრე (14 თებერვლის) სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ვ. არძინბამ.

სესიის დღის წესრიგში შეტანილი იყო შემდეგი საკითხები:

  1. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს სამართლებრივი და ეკოლოგიური მუდმივი კომისიების შემადგენლობათა არჩევა;
  2. აფხაზეთის ასსრ-ის სამი კანონპროექტის (მიწის, მესაკუთრეობის, მეწარმეობის) შესახებ;
  3. აფხაზეთის ასსრ-ის სახელწოდების და სიმბოლიკის შესახებ;
  4. აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატებისათვის სადეპუტატო საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ;
  5. საქართველოს ეროვნული გვარდიის ნაწილების აფხაზეთიდან გაყვანის შესახებ;
  6. აფხაზეთის მოქალაქეების ქცევის განსაკუთრებული რეჟიმის შემოღების შესახებ.

ქართველმა დეპუტატებმა შესთავაზეს დღის წესრიგში შეეტანათ კიდევ ორი საკითხი: 1. აფხაზეთის პარლამენტის დროებითი რეგლამენტის დამტკიცება და 2. აფხაზეთიდან ყოფილი საბჭოთა კავშირის ჯარების გაყვანის შესახებ, მაგრამ ხმების უმრავლესობით ეს საკითხები ოფიციალურად არ იქნა შეტანილი დღის წესრიგში, თუმცა მომავალ სხდომებზე ეს საკითხი, შესაძლოა ყოფილიყო განხილვის საგანი.

დეპუტატმა თემურ ლორთქიფანიძემ შესთავაზა შეექმნათ დეპუტატთა სპეციალური ჯგუფი, რადგან აფხაზეთის ტელევიზია და რუსულენოვანი პრესა ცალმხრივად აშუქებდა აფხაზეთის პარლამენტის მუშაობას.

ქართველი დეპუტაციის მოთხოვნით სხდომის მეორე ნახევარი აფხაზეთის ტელევიზიით გადაიცა პირდაპირ ეთერში.

პირველი საკითხის განხილვისას მხარეები ვერ შეთანხმდნენ სამართლებრივი კომისიის რიცხობრივი და ეროვნული შემადგენლობის საკითხში. ქართველმა დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ პარლამენტის რამდენიმე მუდმივ კომისიაში აფხაზ მხარეს ჰქონდა რიცხობრივი უპირატესობა და ამიტომ ამ კომისიებში საჭირო იყო დაცულიყო პარიტეტული პრინციპი. პირველ საკითხში შეტანილი ორი კომისიის დამტკიცება ვერ მოხერხდა. გადაწყდა ამ საკითხის მომავალ სხდომებზე განხილვა.

მეორე საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციით გამოვიდა სოციალურ-ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე, დეპუტატი კ. ოზგანი. მან შესთავაზა, რომ სამივე კანონპროექტი დარიგებოდა დეპუტატებს შესასწავლად და 10 დღის შემდეგ დაბრუნებოდნენ მის განხილვას. დეპუტატმა მ. კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტების წარდგენა მისთვის (იგი ამ კომისიის წევრი იყო) მოულოდნელი იყო, რომ არ უნდა ეჩქარათ ასეთი პროექტების მიღების დროს.

ვ. არძინბამ თქვა, რომ სამივე კანონპროექტი წარდგენილი იყო სხდომაზე აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ.

დეპუტატმა ზ. ჯგუბურიამ შესთავაზა სამივე კანონპროექტი გამოქვეყნებულიყო ადგილობრივ პრესაში.

მწვავე კამათის შემდეგ დადგინდა, რომ მიწის კანონპროექტის ძირითადიდ მომენტები დაიბეჭდებოდა ადგილობრივ პრესაში.

მესამე საკითხთან დაკავშირებით თითქქმის არ ყოფილა კამათი. ვ. არძინბამ თქვა, რომ აფხაზეთის სახელწოდების და სიმბოლიკის საკითხი მოითხოვდა დამატებით შესწავლას და მუშაობას და შესთავაზა ეს საკითხი მომავალ სხდომებზე განეხილათ.

პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომ დეპუტატებს ყოველთვიურად აუნაზღაურონ სადეპუტატო საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები 250 მანეთის ოდენობით.

მწვავე კამათი გაიმართა მეხუთე საკითხის ირგვლივ. აფხაზ დეპუტატთა ჯგუფმა შესთავაზა ქართველ გვარდიელთა გაყვანა აფხაზეთიდან, ხოლო ქართველმა დეპუტატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აფხაზეთი იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი და გვარდიელთა იქ ყოფნა არ წარმოადგენდა არავითარ დარღვევას.

დეპუტატმა კ. ჯაჭვლიანმა ყურადრება გაამახვილა იმაზე, რომ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან საი-ს პოსტზე იქ მყოფი აფხაზეთის ე. წ. შინაგანი ჯარის ბატალიონის წევრები (მათს აბსოლუუტურ უმრავლესობას შეადგენდნენ აფხაზი ეროვნების მოქალაქეები) არაკორექტულად ახორციელებდნენ ავტომანქანების და მგზავრების შემოწმებას.

დეპუტატმა ნ. მესხიამ თქვა, რომ საქართველოს იმჟამინდელი დროებითი მთავრობა არაკონსტიტუციური იყო, ხოლო დეპუტატმა ა. ანქვაბმა აღნიშნა, რომ „ზვიად გამსახურდია იყო საქართველოს გუშინდელი დღე“.

მცირე შესვენების შემდეგ სხდომაზე ხმების უბრალო უმრავლესობით (ქართველი დეპუტაცია არ მონაწილეობდა მასში) მიღებულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს მიმართვა საქართველოს დროებითი მთავრობის და სამხედრო საბჭოსადმი. მასში აღნიშნული იყო, რომ ეროვნულმა გვარდიელებმა შეასრულეს აფხაზეთში თავიანთი ამოცანები და რომ საჭირო იყო მათი აფხაზეთიდან გაყვანა. მიმართვაში ნათქვამი იყო, რომ „აფხაზეთის უზენაესი საბჭო იძლეოდა რკინიგზის და აეროპორტის ნორალური ფუნქციონირების გარანტიებს“.

მეექვსე საკითხის განხილვისას დეპუტატთა ჯგუფმა აღნიშნა, რომ მოქალაქეთა ქცევის განსაკუთრებული რეჟიმის შემოღება გათვალისწინებული იყო კონსტიტუციის მიერ.

სხდომამ დაავალა ამ საკითხის მომზადება სამართლებრივ კომისიას, აფხაზეთის შინაგან საქმეთა სმინისტროს, პროკურატურას და სახელმწიფო უშიშროების სამსახურს.

16 თებერვალს, კვირას სოხუმის ტურისტულ სასტუმრო „ცხუმში“ ჟურნალისტები შეხვდნენ ეროვნული გვარდიის ნაწილების მეთაურს გია ყარყარაშვილს. მან თქვა, რომ საქართველოს სამხედრო საბჭომ გაითვალისწინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის თხოვნა და მიიღო გადაწყვეტილება ეროვნული გვარდიელები დაებრუნებინათ მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე, მოკლედ გაეყვანათ აფხაზეთიდან. გ. ყარყარაშვილმა აღნიშნა, რომ თუ რკინიგზა და აეროპორტი შეწყვეტდა მუშაობას, თუ აფხაზეთში სიტუაცია კვლავ დესტაბილიზებული იქნებოდა, გვარდიელები დაბრუნდებოდნენ აფხაზეთში[8].

დადგენილებები
რედაქტირება

მეათე (26 თებერვლის) სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ვ. არძინბამ.

სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნა შემდეგი საკითხები:

  1. აფხაზეთის კანონში „საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ“ დამატების შეტანის თაობაზე;
  2. აფხაზეთის მოქალაქეების ქცევის განსაკუთრებული რეჟიმის შემორების შესახებ;
  3. აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს სამართლებრივი და ეკოლოგიური მუდმივი კომისიის შემადგენლობის შესახებ;
  4. კანონი აქციზებისა და დამატებული ღირებულების შესახებ;
  5. აფხაზეთის ასსრ-ის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების სტრუქტურის შესახებ;
  6. ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების (ადმინისტრაციის მეთაურთა) შესახებ.

დეპუტატმა თემურ მჟავიამ შესთავაზა შეეტანათ დღის წესრიგში საკითხი: აფხაზეთის ასსრ-ის პარლამენტის მუშაობის დროებითი რეგლამენტის დამტკიცების შესახებ. ვ. არძინბამ ამასთან დაკავშირებით თქვა, რომ სამანდატო კომისიამ იმუშავა ამ საკითხზე, პრეზიდიუმმაც განიხილა ეს საკითხი, ამჟამად ტექსტი უნდა განიხილონ კომისიებში და 3-4 დღე სჭირდება მის საბოლოო დამუშავებას, შემდეგ კი ეს რეგლამენტი საბოლოოდ იქნებოდა დამტკიცებული. მან აღნიშნა, რომ რეგლამენტის დამტკიცების საკითხი უკვე მესამეჯერ დაისვა სესიის სხდომებზე, მაგრამ გარკვეული წრეები არ ჩქარობდნენ მის ოპერატიულ დამტკიცებაზე.

დეპუტატმა თემურ ლორთქიფანიძემ შესთავაზა შეეტანათ დღის წესრიგში საკითხი „აფხაზეთის დროებითი სამხედრო საბჭოს შესახებ“, მანვე ხაზი გაუსვა იმას, რომ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი აჭარბებდა თავის უფლებამოსილებას და თქვა, რომ მას არ ჰქონდა უფლება ამ სამხედრო საბჭოს შექმნისა. ვ. არძინბამ თქვა, რომ „არავითარ დარღვევას არა აქვს ადგილი“, დაშვებულია ის , რაც არ არის აკრძალული“. ეს საკითხი — აფხაზეთის დროებითი სამხედრო საბჭოს შესახებ — არ იქნა შეტანილი დღის წესრიგში.

დეპუტატ რენატ ქარჩაას წინადადებით სხდომამ განიხილა საკითხი აფხაზეთის მოსახლეობის პურით მომარაგების შესახებ. სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილეები სმბათ სააკიანი და ვლადიმერ მიქანბა. აგრეთვე გაერთიანება „აფხაზპურის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსი არჯენიამ და სოხუმის წისქვილქარხნის დირექტორმა გივი ჩაფიჩაძემ აღნიშნეს, რომ სოხუმში დარჩა ხორბლის ორი დღის მარაგი. ასეთივე სიტუაციაა აფხაზეთის სხვა ქალაქებსა და რაიონებში. სესიაზე ითქვა, რომ ასეთი კატასტროფული მდგომარეობის მიზეზია ის, რომ დიდი ხანია არ მუშაობს რკინიგზა და ამიტომ შეუძლებელი იყო ხორბლის შემოზიდვა ფოთიდან და ნოვოროსიისკიდან, და თუ უახლოეს დღეებში რკინიგზა არ ამუშავდება, აფხაზეთის მოსახლეობა დადგება შიმშილობის წინაშე. აღინიშნა აგრეთვე, რომ აფხაზეთის ხელისუფლება ცდილობს შემოიტანოს ხორბალი საზღვაო საშუალებებით, მაგრამ ეს არ შველიდა სიტუაციას.

ვ. მიქანბამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სოხუმში არ იყო ქლორის მარაგი, თქვა რომ სასმელი წყალი არ იყო მოწამლული.

სხდომაზე მიღებულ იქნა დამატება აფხაზეთის ასსრ კანონის „საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ“ ერთ მუხლში: „მოქალაქეების ქცევის განსაკუთრებული რეჟიმის შემოღება საგანგებო მდგომარეობის ცალკეული ელემენტების გამოყენებით“.

მწვავე კამათის შემდეგ დეპუტატებმა ხმების უმრავლესობით მიიღეს დადგენილება „აფხაზეთის მოქალაქეების ქცევის განსაკუთრებული რეჟიმის შემოღების შესახებ“, რომელიც ძალაში 2 მარტის 23 საათიდან შევიდა.

დადგენილების მიხედვით აიკრძალა გაფიცვები, დემონსტრაციები, ქუჩის მსვლელობები. მიტინგების ჩატარება შეიძლებოდა მხოლოდ კანონის მიერ გათვალისწინებული ნორმებით. ღამის საათებში საღამოს 23 საათიდან დილის 6 საათამდე აკრძალულია ავტომობილით მოძრაობა, გარდა იმ მანქანებისა, რომლის მძღოლებს ექნებოდათ აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული საშვები. ავტოტრასებზე იქნება გაძლეირებული შემოწმება.

სხდომაზე დამტკიცდა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ორი მუდმივი კომისიის შემადგენლობა დამიღებული იქნა აგრეთვე კანონი „აქციზებისა და დამატებული ღირებულების შესახებ“.

რაც შეეხება დღის წესრიგის მეხუთე და მეექვსე საკითხებს, აღინიშნა, რომ მათ სჭირდებოდათ დამატებითი შესწავლა და მათი განიხილება მოხდებოდა მომავალ სხდომებზე. საკითხები გადაეცათ შესაბამის კომისიებს[9].

დადგენილებები
რედაქტირება

მეთერთმეტე (5 მარტის) სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ვ. არძინბამ.

დღის წესრიგში შეტანილი იყო საკითხები, რომლებიც წინა დღეს განხილული იყო უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმზე:

  1. აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის სახელმწიფო მართვა-გამგეობის ორგანოების სტრუქტურის შესახებ“;
  2. აფხაზეთის კანონი აქციზების შესახებ და და მატებითი ღირებულების გადასახადის შესახებ;
  3. ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანიზაციის შესახებ.

დეპუტატმა რაისა ქარაიამ შესთავაზა სხდომის დღის წესრიგში შეეტანათ საკითხი აფხაზეთის დროებითი სამხედრო საბჭოს შესახებ. მან დამსწრეთ გააცნო სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის 158 თანამშრომლის მიმართვა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის, უზენაესი საბჭოს თავჯდომარის და მისი პირველი მოადგილისადმი.

მიმართვის ავტორები ითხოვდნენ გაეყვანათ გულრიფშის რაიონის სოფელ აგუძერიდან შინაგანი ჯარების პოლკის ქვეგანაყოფები, რომლებიც ემორჩილებოდნენ „უკანონოდ შექმნილ აფხაზეთის დროებით სამხედრო საბჭოს“.

აღნიშნული იყო, რომ ამ სამხედრო ქვეგანაყოფებში საჭირო დონეზე არ იყო დისციპლინა, რომ მისი მოსამსახურენი არაკორექტულად იქცეოდნენ, რომ ამ სამხედრო ნაწილის ყოფნა აგუძერაში ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დახურულ ზონაში და საერთოდ სოფელში ამწვავებდა სიტუაციას. მიმართვის ავტორები აღნიშნავდნენ, რომ „ვლადისლავ არძინბა ყოველთვის ითხოვდა კონსტიტუციისა და ადამაინთა უფლებების დაცვას, თვითონ კი არღვევდა ამ კონსტიტუციას და ადამიანთა უფლებებს“.

მიმართვაში ნათქვამი იყო, რომ აფხაზეთის დროებითი სამხედრო საბჭო იყო უკანონოდ შექმნილი, რომ პოლკი, რომელიც მას ემორჩილებოდა, დაკომპლექტებული იყო მხოლოდ აფხაზი ეროვნების მოქალაქეებით.

ვლადისლავ არძინბამ თავის გამოსვლაში ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „მისი პიროვნების შეურაცხყოფისათვის თუ საჭიროა მიმართავდა პროკურატურას და მოითხოვდა იმ ადამიანების პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც არანაირი არგუმენტაციის, დასაბუთების გარეშე უყენებდნენ მას ასეთ უსაფუძლო ბრალდებებს“. მან თქვა, რომ „ყველამ უნდა იცოდეს თავისი სიტყვის, ქმედების ფასი“.

ვ. არძინბამ თქვა, რომ შინაგანი ჯარების ბატალიონის ბაზაზე აფხაზეთის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით შეიქნა შინაგანი ჯარების პოლკი, რომელიც ემორჩილებოდა აფხაზეთის დრობით სამხედრო საბჭოს. მან აღნიშნა, რომ „პოლკი შეიქმნა ინტერნაციონალურ საფუძლებზე“. რაც შეეხება, იმას, რომ ამ პოლკში არ მსახურობდნენ ქართველები, ვ. არძინბამ თქვა, რომ დღეისათვის არის საჭიშროება იმისა, რომ „ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა შორის სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების გამო გამორიცხული არ იყო კონფრონტაცია“.

ვ. არძინბამ თქვა, მხარს უჭერდა იმას, რომ დღის წესრიგში შეტანილ იქნას საკითხი დროებითი სამხედრო საბჭოს შექმნის შესახებ. ასეც მოხდა — ზემოთაღნიშნული საკითხი შეიტანეს დღის წესრიგში.

შემდეგ ვლადისლავ არძინბამ გააცნო დეპუტატებს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებები „სახელმწიფო მმართველობის ორგანოებიდან საპენსიო ასაკის პირების განთავისუფლების (დათხოვნის) შესახებ, „ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების დაცვის სამსახურის შექმნის შესახებ“.

შემდეგ სხდომას უძღვებოდა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ნადარეიშვილი.

დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა უზენაესი საბჭოს ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე კ. ოზგანი. მან თქვა, რომ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა სამჯერ განიხილა სახელმწიფო მართვა-გამგეობის სტრუქტურის საკითხი. საბოლოო ვარიანტი ითვალისწინებდა აფხაზეთში 12 სამინისტროს და 11 სახელმწიფო კომიტეტის შექმნას.

ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა მწვავე კამათი. სხვადასხვა აზრი გამოითქვა იმის შესახებ, მიზანშეწონილი იყო თუ არა განათლებისა და კულტურის სამინისტროების, შრომის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროების გაერთიანება. დაყენებულ იქნა საკითხი, საჭირო იყო თუ არა, რომ რამდენიმე სახელმწიფო კომიტეტი დაქვემდებარებოდა აფხაზეთის უზენაეს საბჭოს.

ზემოთაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სიტყვებით გამოვიდნენ დეპუტატები: ზ. ჯგუბურია, ჯ. გამახარია, ზ. აჩბა, ა. ანქვაბი, აფხაზეთის სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი გ. ნაჭყებია, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილე ზ. ლაბახუა, და სხვები.

გამოითქვა აზრი, რომსატყეო მეურნეობისსამინისტროს მაგივრად უნდა შექმნილიყო სატყეო სახელმწიფო კომიტეტი, ხოლო სახელმწიფო უშიშროების სამსახურს უნდა დარქმეოდა აფხაზეთის უშიშროების კომიტეტი ან სამინისტრო.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ შეიქმნებოდა 11 სამინისტრო: 1. შინაგან საქმეთა; 2. ჯანმრთელობის; 3. განათლებისა და კულტურის; 4. ვაჭრობის; 5. მრეწველობის; 6. სოფლის მეურნეობისა და კვების; 7. იუსტიციის; 8. შრომისა და სოციალური დაცვის; 9. ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის; 10. ფინანსთა; 11. ეკონომიკის.

გადაწყდა , რომ აფხაზეთში იფუნქციონირებდა 13 სახელმწიფო კომიტეტი: 1. უშიშროების; 2. პრივატიზაციისა და სახელმწიფო ქონების; 3. კურორტებისა და ტურიზმის; 4. გარემოს დაცვის; 5. საარქივო სამმართველო; 6. საბაჟო სამსახური; 7. მშენებლობის და არქიტექტურის; 8. კულტურის და ისტორიის ძეგლების დაცვის; 9. გეოლოგიის და გეოდეზიის; 10. საგარეო ეკონომიკური; 11. სატყეო; 12. სპორტის; 13. სტატისტიკის.

სხდომაზე აღინიშნა, რომ უახლოეს დროში უნდა გადაწყვეტილიყო საკითხი აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის არჩევის შესახებ.

სხდომაზე მიღებულ იქნა კანონი აქციზების შესახებ და დამატებითი ღირებულების გადასახადის შესახებ.

6 მარტს სხდომამ გააგრძელა მშაობა. განხილულ იქნა დღის წესრიგის მესამე და მეოთხე საკითხები[10].

დადგენილებები
რედაქტირება

მეთორმეტე (6 მარტის) სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ვ. არძინბამ.

თავდაპირველად დეპუტატებმა განიხილეს საკითხი „ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანიზაციის შესახებ“ (აფხაზეთის ქალაქებსა და რაიონებში ადმინისტრაციის მეთაურის შესახებ), ვ. არძინბამ თქვა, რომ მიმდინარე რთულ და დაძაბულ პირობებში ძნელი იყო ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში არჩევნების ჩატარება და ამიტომ დროებით, ერთი წლის ვადით, საჭირო იყო დანიშნულიყო ადმინისტრაციის მეთაურები, რომლებიც მიიღებდნენ ხელისუფლების და მართვა-გამგეობის გადაწყვეტილებებს. დეპუტატებმა ძირითადად მხარი დაუჭირეს ამ იდეას. ამავე დროს ქართველმა დეპუტატებმა დააყენეს საკითხი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილებები ზემოაღნიშნულ საკითხზე პარლამენტმა მიიღოს ხმების ორი მესამედით და არა უბრალო უმრავლესობით, როგორც ამას ითხოვდნენ აფხაზი დეპუტატები და პირადად ვ. არძინბა.

დეპუტატმა მ. კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ დადგენილების პროექტის მიხედვით ადმინისტრაციის მეთაურს ეძლეოდა ძალიან ბევრი უფლებამოსილება, ეს კი გამოიწვევდა ადგილობრივი ხელისუფლების უზურპაციას, რაც მისი აზრით უფრო უარესი იქნებოდა, ვიდრე წინა წლების პარტიული დიქტატი.

დეპუტატმა თ. ლორთქიფანიძემ არაერთხელ გააკრიტიკა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე თავისი უფლებამოსილების გადაჭარბებისათვის და მიმართა ვ. არძინბას შემდეგი სიტყვებით: „თქვენ გინდათ გადააქციოთ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი პოლიტბიუროდ და მიიღოთ უკანონო გადაწყვეტილებები“. თ. ლორთქიფანიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომის დარბაზი. მასთან ერთად სხდომა დატოვეს დეპუტატებმა ნ. მგალობლიშვილმა და რ. უბილავამ.

ვ. არძინბამ უარყოფითი შეფასება მისცა ამ ფაქტს და თქვა, რომ ყველა დეპუტატი დარბაზში და არა ქუჩაში უნდა განიხილავდეს სადავო საკითხებს.

დეპუტატმა რ. დგებუაძემ შესთავაზა დადგენილების პროექტში კონკრეტულად განემარტა აღმასკომის ბედი ადმინისტრაციის მეთაურების ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით. აგრეთვე დადგინდა, რომ დეპუტატთა შემთანხმებელი კომისია განიხილავდა ახალ თნამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურებს რაიონების და ქალაქების მოსახლეობის აზრების გათვალისწინებით.

ხმების უმრავლესობით (36 დეპუტატმა მისცა ხმა) პარლამენტმა მიიღო დადგენილება დღის წესრიგის ზემოაღნიშნულ საკითხზე, დაამტკიცა აგრეთვე „დროებითი დებულება ადმინისტრაციის მეთაურთა შესახებ“.

შემდეგ დეპუტატებმა მოისმინეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხორციელდებოდა მოქალაქეების ქცევის განსაკუთრებული რეჟიმი აფხაზეთში. რესპუბლიკური შტაბის უფროსმა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ ზ. ლაბახუამ აღნიშნა, რომ განსაკუთრებული რეჟიმის შემოღების შემდეგ ღამის საათებში შემცირდა სისხლის სამართლის დანაშაულებანი, თუმცა ვერ მოხერხდა რკინიგზის მუშაობის აღდგენა. თქვა, რომ გამოვლინდა რეჟიმის დამრღვევი 200 კაცი, რომლებსაც საერთო ჯამში გადაახდევინეს 73 ათასი მანეთის ჯარიმა.

აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მილიციის გენერალ-მაიორმა გ. ლომინაძემ აღნიშნა, რომ მას ძალიან აწუხებდა საკითხი მილიციის თანამშრომლების და შჯ პოლკის სამხედრო მოსამსახურეთა ფსიქოლოგიური შეთავსების საკითხი. მან თქვა, რომ მიტინგები გრძელდებოდა, აღნიშნა, რომ სოხუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომმა გასცა ნებართვა მიტინგის სოხუმის რესპუბლიკურ სტადიონზე ჩატარების შესახებ. ამასთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ სოხუმში, კონსტიტუციის მოედანზე უკვე 63 დღეა ზედიზედ გრძელდებოდა მიტინგები ზვიად გამსახურდიას მხარდასაჭერად. სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის ქართული დრამატულ თეატრთან კი უკვე 21დღეა, რაც გრძელდებოდა ქართველი ახალგაზრდების მჯდომარე აქცია, რომლის მონაწილეები ითხოვდნენ საქართველოს დროებითი მთავრობის გადადგომას და ზვიად გამსახურდიას დაბრუნებას საქართველოში, პრეზიდენტის რანგში.

სხდომაზე ვ. არძინბამ გამოთქვა წინადადება, რომ მომიტინგეებმა უნდა გადაიხადონ გარკვეული თანხა იმისათვის, რომ ამით ანაზღაურდეს ხარჯი მიტინგების დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის.

დეპუტატი ზ. აჩბა არ დაეთანხმა და, თქვა, რომ სანქციონირებული მიტინგების ჩატარება იყო ადამიანთა კონსტიტუციური უფლება. დეპუტატმა ნ. მესხიამ კი აღნიშნა, რომ უზნეო იქნებოდა ფულის გაკეთება მომიტინგეთა ხარჯზე. რაზეც ვ. არძინბამ უპასუხა, რომ უზნეოდ მიაჩნია კანონიერი გადაწყვეტილებების იგნორირება, რომ ჩვენ არ ვესვრით მომიტინგეებს, არ ვარბევთ მონაწილეებსო.

სხდომის ბოლოს ქართველი დეპუტატის მოთხოვნით განიხილეს საკითხი „აფხაზეთის დროებითი სამხედრო საბჭოს შესახებ“, რომელიც შეიქმნა 1991 წლის დეკემბერს ვ. არძინბას ხელმძღვანელობით.

ქართველმა დეპუტატებმა, როგორც წინა სხდომებზე აღნიშნეს, რომ ეს საბჭო შეიქმნა უკანონოდ, აფხაზეთის კონსტიტუციის დარღვევით. ითქვა, რომ შინაგანი ჯარის პოლკი, რომელიც ექვემდებარებოდა დროებით სამხედრო საბჭოს, დაკომპლექტებული იყო ძირითადად აფხაზი ეროვნების მოქალაქეებით.

ვ. არძინბამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს საბჭო შეიქმნა კონსტიტუციური ნორმების მიხედვით. მან თქვა, რომ შჯ პოლკი შეიქმნა იმ ბატალიონის ბაზაზე, რომელიც განლაგებული იყო სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში და რომლის მოსამსახურების დიდი უმრავლესობა სსრ კავშირის დაშლის შემდეგ დაუბრუნდა თავის რესპუბლიკებს. ვ. არძინბამ თქვა, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა იმ დროს უარი თქვეს ყოფილის სსრ კავშირის სამხედრო ნაწილებში სამხედრო სამსახურის გავლაზე, ამავე დროს მან აღნიშნა, რომ პოლკი იქნებოდა მრავალენოვანი, მასში სამხედრო სამსახურს გაივლიდნენ ქართველებიც. ვ. არძინბამ აღნიშნა, რომ აფხაზები სავალდებულო სამსახურს გაივლიდნენ მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე, თუმცა იქვე დაამატა, რომ ხელს არ შეუშლიდნენ იმ ქართველ ახალგაზრდებს, რომელთაც სურდათ სამხედრო სამსახურის გავლა აფხაზეთის ფარგლებს გარეთ. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ თქვა, რომ აფხაზეთში დისლოცირებული სამხედრო ნაწილები და სამხედრო კომისარიატების ქონება და ტერიტორია იყო აფხაზეთის კუთვნილება.

დეპუტატმა რ. დგებუაძემ შეახსენა დამსწრეებს, რომ აფხაზეთი იყო საქართველოს რესპუბლიკის ნაწილი და ამიტომ ზემოაღნიშნული სამხედრო ხასიათის საკითხები უნდა გადაწყვეტილიყო საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. ვ. არძინბამ უპასუხა, რომ შეთანხმება უნდა იყოს ორმხრივი. მან აცნობა ასევე დეპუტატებს, რომ უახლოეს ხანში სოხუმში ჩავიდოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი გენერალი ლევან შარაშენიძე და ერთად განიხილავდნენ ზემოთხსენებულ საკითხებს[11].

დადგენილებები
რედაქტირება

მეცამეტე (3 აპრილის) სხდომა დაინიშნა დილის 11 საათზე[12].

დადგენილებები
რედაქტირება

მეთოთხმეტე (8 მაისის) სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ვ. არძინბამ.

სხდომაზე გამოცხადდა 35 დეპუტატი. ქართულმა დეპუტაციამ სხდომაზე გააკეთა სპეციალური განცხადება (გამოქვეყნადა გაზ. „აფხაზეთის ხმა“ 9 მაისის ნომერში).

დღის წესრიგში შეტანილ იქნა საკითხები:

  1. დეპუტატ დ. გვაძაბიას უფლებამოსილებათა ვადამდე შეწყვეტის შესახებ;
  2. ქ. სოხუმის ადმინისტრაციის მეთაურის დანშვნის შესახებ;
  3. აფხაზეთის ასსრ-ის მთავრობის შექმნის შესახებ.

პირველ საკითხზე მიღებულ იქნა დადგენილება:

  1. დეპუტატ დ. გვაძაბიას გულრიფშის რაიონის ადმინისტრაციის მეთაურის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, მოეხსნას სადეპუტატო უფლებამოსილებანი;
  2. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დანიშნოს არჩევნები გულრიფშის რაიონის #50 ფშაფის საარჩევნო ოლქში.

რიგი კანდიდატურების განხილვის შემდეგ, ქ. სოხუმის ადმინისტრაციის მეთაურად არჩეულ იქნა ნ. ხაშბა.

შემდეგ, აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის ვ. ზარანდიას წინადადებით, მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს ს. ბაგაფში.

აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილეთა მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნენ ზ. ლაბახუა, გ. იარემკო, ვ. ბერულავა, ასევე მინისტრების მოვალეობის შემსრულებლად:

  1. ჯანმრთელობის დაცვისა — მ. ჯანგველაძე;
  2. მრეწველობისა — ი. პრილეპო;
  3. ენერგეტიკის, ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის — გ. დოპუა;
  4. ფინანსთა — რ. სიჭინავა;
  5. ვაჭრობის — გ. მხითარიანი;
  6. შინაგან საქმეთა — ა. ანქვაბი[13].
დადგენილებები
რედაქტირება

მეთხუთმეტე (12 მაისის) სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ვ. არძინბამ. სხდომას ესწრებოდა 34 დეპუტატი.

დღის წესრიგის პირველ საკითხად დამტკიცდა აფხაზეთის ასსრ-ის მთავრობის ფორმირება, მეორე საკითხად — „სხვადასხვა“.

პირველ საკითხზე გამოვიდა აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ვ. ზარანდია, რომელმაც აფხაზეთის იუსტიციის მინისტრის პოსტზე შესთავაზა ო. ბენიძის კანდიდატურა. ო ბენიძემ ჩამოაყალიბა იუსტიციის სამინისტროს მუშაობის პროგრამა. კენჭისყრის შედეგებით ო. ბენიძის კანდიდატურა დამტკიცდა აფხაზეთის ასსრ-ის იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად.

შემდეგ სატყეო სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ა. კობახია.

საგარეო ეკონომიკური კავშირების სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გ. გაგულია.

ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ვ. ლოგუა.

განათლებისა და კულტურის, ასევე ეკონომიკის მინისტრების მოვალეობათა შემსრულებლების, რიგი კომიტეტების თავმჯდომარეთა მოვალეობების შემსრულებლების დანშნვნის საკითხი გადაიდო მორიგ სხდომისთვის.

უმაღლესი საბჭოს სხდომამ მიიღო დადგენილება „აფხაზეთის ასსრ უშიშროების კომიტეტის შესახებ“. გარდა ამისა, მიღებულ იქნა შესწორება კანონისა „სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სტრუქტურის შესახებ“.

სახელმწიფო საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარედ სესიის მიერ არჩეულ იქნა დ. სილაგაძე[14].

დადგენილებები
რედაქტირება

მეთექვსმეტე (3 ივნისის) სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ვ. არძინბამ.

სხდომას ესწრებოდა 35 დეპუტატი. ქართული დეპუტაცია და მისი მხარდაჭერები სესიას არ ესწრებოდნენ.

სესიამ დაამტკიცა შემდეგი დღის წესრიგი:

  1. კულტურისა და განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა;
  2. გუდაუთის რაიონის ადმინისტრაციის მეთაურის დანიშვნა;
  3. აფხაზეთის რესპუბლიკური საბაჟოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლისათვის პერსონალური წოდების მინიჭების შესახებ;
  4. აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს (მთავრობის) შესახებ;
  5. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დადგენილება „აფხაზეთში ფულადი მიმოქცევის სტაბილიზაციისა და განმტკიცების გადაუდებელ დროებით ღონისძიებათა შესახებ“;
  6. „საქართველოს რესპუბლიკის სასაზღვრო ზონის ფორმირებისა და ფუნქციონირების კომპლექსურ პრობლემათა გადაწყვეტის თაობაზე“, „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დადგენილების შესახებ“;
  7. სხვადასხვა.

3 ივნისის სხდომაზე აფხაზეთის კულტურისა და განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე სესიამ განიხილა ნ. ჭანბას კანდიდატურა და აირჩია იგი.

სესიამ გუდაუთის რაიონის ადმინისტრაციის მეთაურად დანიშნა ს. ცარგუში.

ამით დასრულდა 3 ივნისის სხდომა[15].

დადგენილებები
რედაქტირება

მეჩვიდმეტე (4 ივნისის) სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ვ. არძინბამ.

4 ივნისის სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს აფხაზეთის რესპუბლიკური საბჭოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლისათვის პერსონალური წოდების საკითხი. სესიამ დაადგინა მიენიჭოს აფხაზეთის რესპუბლიკური საბაჟოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს რ. გიცბას საბაჟო სამსახურის მესამე რანგის სახელმწიფო მრჩევლის წოდება.

მოკლე განხილვის შემდეგ სესიამ მიიღო დადგენილება „აფხაზეთში ფულადი მიმოქცევის სტაბილიზაციისა და განმტკიცების გადაუდებელ დროებით ღონისძიებათა შესახებ“.

სესიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ეხება საქართველოს რესპუბლიკის სასაზღვრო ზონის ფორმირებისა და ფუნქციონირების კომპლექსურ პრობლემათა გადაწყვეტის თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დადგენილებას.

ამით დასრულდა 4 ივნისის სხდომა[15].

დადგენილებები
რედაქტირება

XVIII სხდომა

რედაქტირება

მეთვრამეტე (30 ივნისის) სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ვ. არძინბამ, რომელიც თითქმის ერთთვიანი შესვენების შემდეგ გაიმართა.

სხდომას ესწრებოდა 33 დეპუტატი და არ ესწრებოდა ფრაქცია „დემოკრატიული აფხაზეთის“ დეპუტაცია. ფრაციის დეპუტატები ბოიკოტს უცხადებდნენ პარლამენტის სხდომებს იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც ახორციელებდა უზენაესი საბჭოს ხელმძღვანელობა.

სხდომის გახსნისას უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ვ. არძინბამ გამოხატა თავისი დამოკიდებულება აფხაზეთში მიმდინარე დღეებში პოლიტიკური გაფიცვისადმი. მან თქვა, რომ გარკვეული ძალები, მათ შორის თბილისიდან, ცდილობდნენ დესტაბილიზაცია მოეხდინათ აფხაზეთში, თუმცა მას ამ მოსაზრების დასამტკიცებლად არგუმენტი არ მოუყვანია. ვ. არძინბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთის უზენაესი საბჭოსა და მისი თავჯდომარის სახით იქმნებოდა მტრის სახე, რომ მას გამუდმებით აკრიტიკებდნენ, რაც მას ძალზედ არ სიამოვნებდა.

ვ. არძინბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთის ხელისუფლებას შეუძლია მიიღოს მკაცრი ზომები პოლიტიკური გაფიცვების ორგანიზატორების მიმართ, რომლებიც, მისი სიტყვებით, ცდილობენ მოახდინონ დაწოლა პარლამენტზე. აფხაზეთის პროკურატურამ მისცა გაფრთხილებაზოგიერთი სამსახურისა და უწყების ხელმძღვანელებს.

შემდეგ მან განაცხადა, რომ „ჩვენ არ შეგვიძლია მშვიდად ვუყუროთ იმ შეიარაღებულ ფორმირებებს, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოაწყონ სამხედრო გადატრიალება აფხაზეთში. ჩენ შეგვიძლია დავაწესოთ საგანგებო მდგომარეობა, მობილიზაციაც გამოვაცხადოთ“. მან აღნიშნა, რომ თბილისთან გაგრძელდებოდა მოლაპარაკება.

შესავალი სიტყვის შემდეგ, სხდომაზე განხილულ იქნა მთელი რიგი კანონპროექტებისა, მათ შორის კანონები „აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შესახებ“ და „სახელმწიფო საბაჟო გადასახადის შესახებ“.

საღამოს სხდომის დამთავრებისას გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია დეპუტატ ზურაბ აჩბას გამოსვლამ. მან თქვა, რომ „სსრ კავშირის ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები ცდილობდნენ მოილაპარაკონ ავტონომიური რესპუბლიკების ხარჯზე“. მისი სიტყვებით აფხაზეთმა უნდა მოითხოვოს, რომ საქართველოს რუსეთთან და სხვა სახელმწიფოებთან ხელშეკრულების დადებისას გარანტირებული უნდა ყოფილიყო აფხაზეთის უფლებები. ზ. აჩბას აზრით რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებს უნდა ესწრებოდეს აფხაზეთის წარმომადგენელიც. მან შესთავაზა, რომ ეს წინადადება ეცნობებინათ საქართელოს სახელმწიფო საბჭოსთვის. თუ ეს არ მოხდებოდა, საქართველო-რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ აფხაზეთის უფლებებს იგნორირება გაუკეთდებოდა. ვ. არძინბამ დაავალა აეხსნა მის მიერ წარმოთქმული მოსაზრება. ასევე პარლამენტის სახელით დაავალა ზ. აჩბას შეემუშავებინა საქართელო-აფხაზეთის ხელშეკრულება.

დეპუტატმა ს. შამბამთავის გამოსვლაში თქვა, რომ აფხაზეთში იქმნებოდა ხელისუფლების პარალელური სტრუქტურები რასაც კონფრონტაციისაკენ მივყავართო. შეეხო მიმდინარე კვირას გამართულ პოლიტიკურ გაფიცვას და აღნიშნა, რომ აფხაზეთს შეეძლო საქართველოსთვის ელექტროენერგიის გამორთვა და საავტომობილო მოძრაობის შეჩერება საქართელოს მიმართულებით. შემდეგ იქვე დაამატა, რომ „თუ ამ ადამიანებთან არ შეგვიძლება მოლაპარაკება საპარლამენტო გზით, ჩენ გამოვაცხადებთ დამოუკიდებლობას და შემდეგ დავიცავთ აფხაზეთის უფლებებს, წინააღმდეგობასაც გავუწევთო“.

ს. შამბას განცხადებამ დარბაზში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ვ. არძინბამ აღნიშნულთან დაკავშირებით თქვა, რომ „მოქმედების პრინციპი — ვინ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ერთმანეთს, საერთოდ არ ვარგა. თუ ვინმე ჩქარობს, ფიცხობს. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ გონიერება. ჩვენ გვექნება კიდევ შეხვედრები საქართელოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან. დაგეგმილია შეხვედრა ე. შევარდნაძესთან. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შანსი მოლაპარაკებისათვის. მე ვაკავებ იმ ძალებს, რომლებსაც სურთ კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის ძალების შემოყვანა ჩვენთან“.

ამით დასრულდა 30 ივნისის სხდომა[16].

დადგენილებები
რედაქტირება

მეცხრამეტე (1 ივლისის) სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ვ. არძინბამ.

სხდომაზე ლ. ლაკერბაია დაამტკიცეს აფხაზეთის კურორტებისა და ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ. მიღებულ იქნა კანონი „აფხაზეთში უცხოური ინვესტიციების შესახებ“; დადგენილება და კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“, დადგენილება მოსახლეობის მცირეშემოსავლიანი ფენების სოციალური დაცვის ღონისძიებათა შესახებ“.

ამით დასრულდა 1 ივლისის სხდომა[16].

დადგენილებები
რედაქტირება

20 ივლისის სხდომა

დადგენილებები
რედაქტირება

მეოცე (23 ივლისის) სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ვ. არძინბამ.

სხდომას ესწრებოდა 36 დეპუტატი. დეპუტატთა ფრაქცია „დემოკრატიული აფხაზეთი“, რომელშიც შედიოდნენ ქართველი დეპუტატები და რამდენიმე არაქართველი დეპუტატი, არ დაესწრო სხდომას უზენაესი საბჭოს იმჟამინდელი პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად. დაახლოებით ერთი თვეა, რაც ფრაქციამ დატოვა უზენაესი საბჭოს შენობა, 25 ივნისს გაკეთდა შესაბამისი განცხადება, რომელშიც დასაბუთებული იყო ამ ნაბიჯის მიზეზები (გაზ. „აფხაზეთის ხმა“, 26 ივნისი).

23 ივლისის სხდომის წინ სოხუმში გავრცელდა ხმები, რომ აფხაზეთის პარლამენტი აპირებდა აფხაზეთის ასსრ-ის 1978 წლის კონსტიტუციის გაუქმებას და აფხაზეთის სსრ-ის 1925 წლის კონსტიტუციის აღდგენას. ეს ხმები უსაფუძლო არ ყოფილა, თუმცა სესიის სხდომის წინ, ოთხშაბათს საღამოს და ხუთშაბათს დილით უზენაესი საბჭოს ორმა პასუხისმგებელმა მუშაკმა საუბარში აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხი არ იქნებოდა განხილული. თუმცა ეღტ-ერთმა მათგანმა მაინც თქვა, რომ სხდომის დაწყების წინ ჩატარდებოდა უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა, სადაც დამტკიცდებოდა სესიის დღის წესრიგი.

ასეც მოხდა. 23 ივლისს, დილით გაიმართა პრეზიდიუმის სხდომა, რომელსაც პრეზიდიუმის 9 წევრთან ერთად ესწრებოდა 5. რასაკვირველია, არ იყო ფრაქცია „დემოკრატიული აფხაზეთის“ — 4 წარმომადგენელი (თ. ნადარეიშვილი, ე. ასტემიროვა, გ. გვაზავა, ვ. ყოლბაია).

თავადსესიის სხდომის გახსნისას უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ თქვა, რომ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა დილით დაამტკიცა სესიის სხდომის შემდეგი დღის წესრიგი:

  1. კანონი „სატრანზიტო გადასახადის შესახებ“;
  2. კანონი „აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა სტატუსის შესახებ“;
  3. დებულება „სახელმწიფო ქონების და პრივატიზაციის კომიტეტის შესახებ“;
  4. აფხაზეთის საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის შექმნის შესახებ;
  5. აფხაზეთის რესპუბლიკისა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ხელშეკრულების პროექტის შესახებ.

თავმჯდომარემ დასძინა, რომ აგვისტოს დასაწყისში ჩატარდებოდა სესიის კიდევ ერთი სხდომა, სადაც მიღებული იქნებოდა რამდენიმე კანონი და ამის შემდეგ გამოცხადდებოდა საპარლამენტო არდადეგები.

დეპუტატებმა საკმაოდ სწრაფ რეჟიმში განიხილეს დღის წესრიგის პირველი ოთხი საკითხი.

მიღებულ იქნა კანონი „სატრანსპორტო გადასახადის“ შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე გასვლის დროს ამ გადასახადს არ გადაიხდიდა საქართველოს რესპუბლიკა და მეზობელი ქ. სოჭის ავტოტრანსპორტი.

მეორე კანონპროექტი გადაცემული იყო პარლამენტის შესაბამის კომისიაში დასამუშავებლად.

პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთის საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის შექმნის შესახებ., რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა პოლკოვნიკი ავთანდილ იოსელიანი. იგი 1990 წლის დეკემბრიდან 1992 წლის ივლისამდე იყო აფხაზეთის ასსრ-ის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.

მეხუთე საკითხზე სიტყვით გამოვიდა დეპუტატი ზ. აჩბა. მან თქვა, რომ სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა 15 დამოუკიდებელი სახელმწიფო, მათ შორის საქართველო. ამასთან იგი შეეცადა დაერწმუნებინა მსმენელები, რომ მომავალშ საქართველოს ხელისუფლება მოინდომებს აფხაზეთის უფლებების შეზღუდვას და აფხაზეთი იქნება დაყვანილი საოლქო ავტონომიამდე, ანუ აღმოჩნდება უფრო უარეს მდგომარეობაში, ვიდრე 1985 წლამდეო. თუმცა ზ. აჩბას არ მოუყვანია სათანადო არგუმენტები, ალბათ, დასაბუთება მან აუცილებლად არ მიიჩნია. მთავარი იყო ამ აზრის ჩამოყალიბება და შესაბამისი ფონის შექმნა. შემდეგ მან თქვა, რომ საჭიროა შეწყდეს აფხაზეთის ასსრ-ს 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედება და აღსდგეს 1925 წლის კონსტიტუცია. დეპუტატებს მან შესთავაზა განეხილათ საქართველოს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ხელშეკრულების პროექტი, რომლის ტექსტი ივნისის ბოლოს დაიბეჭდა „აბხაზიაში“ და რომლის ავტორია მოსკოვში მცხოვრები იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ტარას შამბა („აიდგილარას“ თავჯდომარის, აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატის სერგეი შამბას ძმა).

პარლამენტმა გადაწყვიტა გადაეცა ეს პროექტები უზენაესი საბჭოს შესაბამის კომისიებში დასამუშავებლად.

ვ. არძნბამ თქვა, რომ შექმნილი იქნება ექსპერტთა ქართულ-აფხაზური სამშაო ჯგუფები ამ ხელშეკრულების მოსამზადებლად, აღნიშნა, რომ თბილისში იყო ამ ხელშეკრულების სამუშაო პროექტი. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის არჩევამდე მიღწეული იქნებოდა დროებითი შეთანხმება აფხაზეთსა და საქრთველოს შორის, შემდეგ კი დაიდებოდა ხელშეკრულება.

ამის შემდეგ განხილულ იქნა საკითხები, რომლებიც არ იყო შეტანილი დღის წესრიგში.

დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება აფხაზეთის ასსრ-ის 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედების შეწყვეტისა და აფხაზეთის ახალი კონსტიტუციის მიღებამდე (ვ. არძინბას სიტყვებით სეექტემბერში იგეგმებოდა ახალი კონსტიტუციის მიღება) 1925 წლის აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციის აღდგენის შესახებ. ამავე დროს, ამ გადაწყვეტილების თანახმად ძალაში დარჩა იმჟამად მოქმედი საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ორგანოების აქტები. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ მოტივით, რომ მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს სამხედრო საბჭომ გააუქმა საქართველოს 1978 წლის კონსტიტუცია და აღადგინა 1921 წლის კონსტიტუცია.

დეპუტატმა ე. კაპბამ ჰკითხა ზ. აჩბას: „ეს ხომ თებერვალში მოხდა, უკვე გავიდა თითქმის ნახევარი წელი, მანამდე არ გიფიქრიათ აფხაზეთის 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დღეს რატომ წამოიჭრა ეს საკითხი?“

დეპუტატმა ვ. ვასილევმა კითხვით მიმართა პარლამენტის სპიკერს: „თუ სექტემბერში მიიღებთ აფხაზეთის ახალ კონსტიტუციას, რა საჭირო იყო ამჟამად მოქმედი 1978 წლის აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციის მოქმედების შეწყვეტა და 1925 წლის კონსტიტუციის აღდგენა? ხომ სჯობია დავტოვოთ ამჟამინდელი კონსტიტუცია და სექტემბერში მივიღოთ ახალი“. ზ. აჩბას პასუხი ე. კაპბას შეკითხვაზე: „საქართველოში ფაქტობრივად ომი მიმდინარეობდა, ამ 6 თვის განმავლობაში ჩვენ ველოდებოდით, რომ მიღწეული იქნებოდა ხელშეკრულება საქართველოსა და აფხაზეთს შორის, მაგრამ ეს არ მოხდა, ამიტომაც ვღებულობთ აფხაზეთის უფლებების დაცვის მექანიზმს“.

მიღებულ გადაწყვეტილებაში კი ჩაწერილი იყო, რომ აფხაზეთის ახალი კონსტიტუციის მიღებამდე შექმნილიყო სამშაო ჯგუფები საქართველოსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების პროექტის მოსამზადებლად.

ზემოთაღნიშნული დადგენილების შემდეგ პარლამენტი არ დაკმაყოფილდა მიღებული გადაწყვეტილებით და მიიღო კანონების მთელი კასკადი.

ვ. არძინბამ თქვა, აფხაზეთის 1925 წლის კონსტიტუციის მიხედვით აფხაზეთის სახელწოდების, გერბის, დროშის შეცვლა ხდება ხმების არა 2/3-ით, არამედ უბრალო უმრავლესობით და ამიტომ მათ მიიღეს აფხაზეთის ახალი სახელწოდება „აფხაზეთის რესპუბლიკა“, ახალი სახელმწიფო გერბი და დროშა.

მოკლედ, ერთი საათის განმავლობაში ერთბაშად მიიღეს გადაწყვეტილებები, რომლებსაც იხილავდნენ მიმდინარე წლის იანვარ-თებევლის რამდენიმე სხდომაზე.

სესიის სხდომის დამთავრებისთანავე ჟურნალისტების თხოვნით ვ. არძინბამ გამართა 25 წუთიანი პრეს-კონფერენცია.

კითხვაზე, „რატომ არ იყო შეტანილი დღის წესრიგში საკითხი 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედების შეწყვეტისა და 1925 წლის კონსტიტუციის აღდგენის, აგრეთვე საკითხები აფხაზეთის სახელწოდების, გერბისა და დროშის შესახებ, რატომ ხდებოდა ყოველივე ეს ფარულად?“ მან უპასუხა, რომ ამ საკითხების განხილვას ითვალისწინებდა დღის წესრიგის მეხუთე საკითხი.

კითხვაზე, „ნიშნავდა თუ არა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფას?“ ვ. არძინბამ ასე უპასუხა: არა, არ ნიშნავდა, რადგან აფხაზეთის 1925 წლის კონსტიტუციის მეოთხე მუხლში წერია, რომ აფხაზეთი გაერთიანებული იყო საქართველოსთან განსაკუთრებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძელზე“.

კითხვაზე, „ხომ აღარ იყო იმ მომენტისათვის ასეთი ხელშეკრულება დადებული. ესე იგი, მანამ არ დაიდება მსგავსი ხელშეკრულება საქართველოსა და აფხაზეთს შორის, აფხაზეთი არ შედის საქართელოს შემადგენლობაში?“ ვ. არძინბამ უპასუხა, რომ„ძალაში რჩებოდა მიმდინარე დღის რეალიები, მომედების დღეს არსებული საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ორგანოების აქტები“.

კითხვაზე, „1978 წლის კონსტიტუციის შეწყვეტისა და 1925 წლის კონსტიტუციის აღდგენისათვის ხომ იყო საჭირო ხმების 2/3?“ ვ. არძინბამ თქვა, რომ „არა, ეს არსად არ ეწერა, არც ერთ კანონში. 2/3 უნდა კონსტიტუციაში კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, კონსტიტუციის მოქმედების შეწყვეტისათვის კი უბრალო უმრავლესობა საკმარისი იყო“.

კითხვაზე, „რა საჭირო იყო გადაწყვეტილებების მთელი კასკადის მიღება — სახელწოდების, გერბის, დროშის შეცვლა, საკმარისი არ იყო 1978 წლის კონსტიტუციის გაუქმება და 1925 წლის კონსტიტუციის აღდგენა, — მით უმეტეს, რომ გერბი, დროშა და სახელწოდება არ იყო ერთი ხალხის კუთვნილება, არამედ ყველასი?“ ვ. არძინბამ უპასუხა, რომ „ეს არ იყო კასკადი, რომ თვითონ ობიექტური რეალიები ითხოვდა ასეთი გადაწყვეტილების მიღებას, სხდომის გადაწყვეტილებები ითალისწინებდა აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესებსო“[17].

დადგენილებები
რედაქტირება

პირველი (29 ივლისის) სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესის აბჭოს თავჯდომარის პირველმა მოადგილემ თ. ნადარეიშვილმა, რომელზეც აფხაზეთის ასსრ-ის უსენაესი საბჭოს ქართულმა ფრაქციამ „დემოკრატიულმა აფხაზეთმა“ 23 ივლისის სხდომის საწინააღმდეგოდ გამართა კონტრსესია.

1992 წლის 29 ივლისს, სოხუმში, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სამთავრობო შენობაში გაიმართა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს მეორე სესიის პირველი სხდომა, რომელიც გახსნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ნადარეიშვილმა.

სესიას ესწრებოდა ავტონომიური რესპუბლიკის ამომრჩეველთა უმეტესი ნაწილის მიერ არჩეული ფრაქცია „დემოკრატიული აფხაზეთის“ 31 დეპუტატიდან — 28 დეპუტატი, დეპუტატებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. სესიის სხდომაზე განხილული იყო საკითხი — აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 23 ივლისს ჩატარებული პირველი სესიის პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასებების შესახებ. მოხსენებით — ამა წლის 23 ივლისს აფხაზეთის ასსრ მეთორმეტე მოწვევის უზენაესი საბჭოს პირველი სესიის დადგენილების შეფასების, კერძოდ, მისი გადაწყვეტილების შესახებ — „1978 წლის აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის მოქმედების შეწყვეტისა და 1925 წლის აფხაზეთის სსრ კონსტიტუციის მოქმედების აღდგენის თაობაზე“ — გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილე თ. ნადარეიშვილი. თანამოხსენება ამ საკითხზე გააკეთა დეპუტატმა ჯ. გამახარიამ. კონსტატირებულ იქნა, რომ 1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთში დეპუტატთა ნაწილმა მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება, რის შედეგადაც ფაქტობრივად გაუქმდა დემოკრატიის პირველი მონაპოვრები.

1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს სესიის გადაწყვეტილებანი მიღებულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის მოქმედი კონსტიტუციის უხეში დარღვევით.

ავტონომიური რესპუბლიკის ძირითადი კანონის 162 მუხლის თანახმად, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელი იყო მხოლოდ აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა საერთო რიცხვის არანაკლებ ორი მესამედის თანხმობის შემთხვევაში. 23 ივლისის სესიას ესწრებოდა მხოლოდ 36 დეპუტატი, ამასთან ხმების დათვლას ადგილი არ ჰქონდა.

ამ და სხვა აქტების მიღება იყო შედეგი ავტონომიურ რესპუბლიკაში ავტორიტატული რეჟიმის დამკვიდრებისა, რომელიც ატარებდა უმრავლესობაზე უმცირესობის დიქტატის დაკანონების მყარ კურსს ეროვნული განსაკუთრებულობის პრინციპით.

აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს ამ უკანონო გადაწყვეტილების შედეგად 23 ივლისს ფაქტობრივად მოხდა დეპუტატების იმ ნაწილის სამართლებრივი ბაზის ლიკვიდაცია, რომლებმაც ცალმხრივად, არაკონსტიტუციურად გადადგეს ასეთი წინდაუხედავი ნაბიჯი. ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ასსრ-ის მეთორმეტე მოწვევის უზენაესი საბჭოს მუშაობის კანონზომიერი შედეგი იყო თვითდაშლა.

ამ საკითხის ირგვლივ კამათში გამოვიდნენ დეპუტატები: ნ. მესხია, ზ. ჯგუბურია, შ. ხეცურიანი, თ. გოგოხია, კ. ჯაჭვლიანი, რ. დგებუაძე, ვ. ყოლბაია, ვ. ქარაია, ა. გასვიანი, ო. ნაგარნინამ და სხვებმა. განსახილველ საკითხზე სესიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც 23 ივლისს აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კვალიფიცირდა, როგორც აფხაზეთისა და საქართველოს სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი ურთიერთობის ხელოვნურად, ცალმხრივად გაწყვეტისკენ მიმართული პოლიტიკური ილეთი.

სესიამ დაადგინა:

  1. აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა ჯგუფის 1992 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება „აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედების შეწყვეტისა და აფხაზეთის სსრ 1925 წლის კონსტიტუციის აღდგენის შესახებ“ წარმოადგენს პოლიტიკურ თამაშს, რომელიც მიმართულია საქართველოს რესპუბლიკასთან ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი ურთიერთობის ხელოვნურად შეწყვეტისაკენ;
  2. ავტონომიური რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის მიღებამდე ძირითად კანონად ჩაითვალა აფხაზეთის ასსრ-ის 1978 წლის კონსტიტუცია, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი მოწყობის ერთადერთი პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტი;
  3. ძალადაკარგულად ჩაითვალა ყველა აქტი, რომელიც მიიღო აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს სესიამ 1992 წლის 23 ივლისს[18][19].

აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს ლიკვიდაცია

რედაქტირება

1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს აფხაზურმა ფრაქციამ, ყოველგვარი პროცესუალური ნორმებისა და რეგლამენტის აშკარა დარღვევით მიიღო დადგენილება აფხაზეთის ტერიტორიაზე 1978 წლის კონსტიტუციის გაუქმებისა და 1925 წლის კონსტიტუციის აღდგენის შესახებ. დადგენილება მიღებულ იქნა 1991 წლის კანონმდებლობის გვერდის ავლითა და იგნორირებით. 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედების უკანონოდ, ცალმხრივი წესით შეჩერება, წმინდა იურიდიული თვალსაზრისით, ნიშნავდა ამ კონსტიტუციით გათვალისწინებული ავტონომიური სტატუსის იმავე წესით გაუქმებას და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თვითლიკვიდაციას. 1925 წლის კონსტიტუციის აღდგენა ფაქტობრივად საქართველოსაგან აფხაზეთის გამოყოფის დეკლარირებას წარმოადგენდა, თუმცა ისიც ცნობილია, რომ ეს კონსტიტუცია თავიდანვე მკვდრადშობილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დადგენილების მიღების პარალელურად უზენაესი საბჭოს აფხაზურმა ნაწილმა შექმნა სამუშაო ჯგუფი ერთიანი ორსუბიექტიანი ქართულ-აფხაზური ფედერაციული სახელმწიფოს პროექტის შესამუშავებლად.

25 ივლისს არაკონსტიტუციურმა დროებითმა ორგანომ — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ სპეციალური დადგენილებით აფხაზეთის ეზენაესი საბჭოს 20 გადაწყვეტილება უკანონოდ გამოაცხადა.

28-30 ივლისს აფხაზეთის პარლამენტის ქართულმა ფრაქციამ „დემოკრატიული აფხაზეთი“ გამართა კონტრსესია, გააუქმა 23 ივლისის უკანონო აქტი და მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთისათვის სახელწოდება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის“ მინიჭების შესახებ[20].

უფლებამოსილების შეწყვეტა-გაგრძელება

რედაქტირება

1994 წლის 10 მარტს საქართველოს პარლამენტმა დაითხოვა 1991 წლის XII მოწვევის აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭო[21].

1995 წლის 24 თებერვალს „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის მე-3 აბზაცის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა დაადგინა:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით და საკანონმდებლო ორგანოდ – უმაღლეს საბჭოდ – ცნობილი იქნეს 1991 წელს აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოში არჩეული ის დეპუტატები, რომლებიც რეალურად გამოხატავენ აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ინტერესებს და არ მონაწილეობდნენ გუდაუთის სეპარატისტულ დაჯგუფებასთან ერთად ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში[22].

  1. ასტემიროვა ეთერ გასანის ასული – ქ. სოხუმის №4 საარჩევნო ოლქი;
  2. გვაძაბია დავით დავითის ძე – გულრიფშის რაიონის ფშავის №50 საარჩევნო ოლქი;
  3. გვაზავა ელგუჯა ანატოლის ძე – ქ. სოხუმის №2 საარჩევნო ოლქი;
  4. გასვიანი აკაკი იპოლიტეს ძე – ქ. გაგრის კოლხიდის №13 საარჩევნო ოლქი;
  5. გამახარია ჯემალ ორესტის ძე – გალის რაიონის ნაბაკევის №37 საარჩევნო ოლქი;
  6. გოგოხია თემურ ნურის ძე – ოჩამჩირის მეორე №61 საარჩევნო ოლქი;
  7. დგებუაძე რენალდ ეგნატეს ძე – გალის რაიონის საბერიოს №34 საარჩევნო ოლქი;
  8. ზუხბაია ოთარ გიორგის ძე – გალის მეორე №30 საარჩევნო ოლქი;
  9. კალანდია თემურ ალექსანდრეს ძე – სოხუმის რაიონის №64 საარჩევნო ოლქი;
  10. კაჭარავა ვახტანგ მიხეილის ძე – გულრიფშის რაიონის ბაბუშარის №52 საარჩევნო ოლქი;
  11. კვარაცხელია მურმან სარდიონის ძე – ოჩამჩირის რაიონის ილორის №59 საარჩევნო ოლქი;
  12. ლორთქიფანიძე თემურ სერგოს ძე – ქ. სოხუმის №1 საარჩევნო ოლქი;
  13. მგალობლიშვილი ნუგზარ პეტრეს ძე – გულრიფშის რაიონის მაჭარის №48 საარჩევნო ოლქი;
  14. მესხია ნაპოლეონ შალვას ძე – გალის რაიონის აჩიგვარის №31 საარჩევნო ოლქი;
  15. მჟავია თემურ ვალერიანის ძე – სოხუმის რაიონის №65 საარჩევნო ოლქი;
  16. ნადარეიშვილი თამაზ ვლადიმერის ძე – ქ. გაგრის №17 საარჩევნო ოლქი;
  17. ნაგარნინა ოლღა სიმონის ასული – გულრიფშის რაიონის დრანდის №51 საარჩევნო ოლქი;
  18. უბილავა რაისა ორესტის ასული – ქ. გაგრის ლესელიძის №20 საარჩევნო ოლქი;
  19. ქარაია რაისა კონსტანტინეს ასული – გულრიფშის №49 საარჩევნო ოლქი;
  20. ხეცურიანი შოთა გიორგის ძე – ოჩამჩირის რაიონის კოჩარის №56 საარჩევნო ოლქი;
  21. ხუბუა თამაზ ტერენტის ძე – ქ. გაგრის №29 საარჩევნო ოლქი;
  22. ყოლბაია ვახტანგ გაბრიელის ძე – გალის რაიონის ჭუბურხინჯის №35 საარჩევნო ოლქი;
  23. ცატავა რუდიკ ძიკას ძე – გალის რაიონის სოფ.პირველი გალის №33 საარჩევნო ოლქი;
  24. ჯაჭვლიანი კიმი ვარლამის ძე – გულრიფშის რაიონის წებელდის №47 საარჩევნო ოლქი;
  25. ჯგუბურია ზურაბ გრიგოლის ძე – გალის რაიონის ოქუმის №32 საარჩევნო ოლქი;
  26. შამუგია როსტომ ვლადიმერის ძე – გალის რაიონის ზემო ბარღების №36 საარჩევნო ოლქი.
  1. გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №213 (13579), 31 დეკემბერი, 1991
  2. გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №4 (13583), 7 იანვარი, 1992
  3. გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №6 (13585), 10 იანვარი, 1992
  4. გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №9 (13588), 15 იანვარი, 1992
  5. გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №14 (13593), 1 თებერვალი, 1992
  6. 6.0 6.1 6.2 გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №15 (13594), 4 თებერვალი, 1992
  7. 7.0 7.1 გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №17 (13596), 7 თებერვალი, 1992
  8. გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №19 (13598), 18 თებერვალი, 1992
  9. გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №26 (13605), 28 თებერვალი, 1992
  10. გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №32 (13611), 7 მარტი, 1992
  11. გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №33 (13612), 11 მარტი, 1992
  12. გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №49 (13628), 2 აპრილი, 1992
  13. გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №76 (13655), 12 მაისი, 1992
  14. გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №79 (13658), 15 მაისი, 1992
  15. 15.0 15.1 გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №94 (13673), 6 ივნისი, 1992
  16. 16.0 16.1 გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №109 (13688), 4 ივლისი, 1992
  17. გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №32 (13697), 25 ივლისი, 1992
  18. გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №120 (13699), 30 ივლისი, 1992
  19. გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №121 (13700), 1 აგვისტო, 1992
  20. ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან : აფხაზეთი : უძველესი დროიდან დღემდე, თბ., 2007, 978-9941-0-0410-0
  21. საქართველოს პარლამენტის უწყებები, N16-17 (633-634), გვ. 22-26, თბ., 1994 წ. ISSN 0203-2023
  22. საქართველოს პარლამენტის დადგენილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს შესახებ