აფრასიაბი (უზბეკ. Afrosiyob; ტაჯ. Афросиёб) — 200 ჰექტარის მქონე ძველი ნაქალაქარი, რომელიც მდებარეობს თანამედროვე ქალაქ სამარყანდის ჩრდილოეთ ნაწილში. ვარაუდობენ, რომ აფრასიაბი იყო ძველი სოგდიანის დედაქალაქი, რომელიც მარაყანდის სახელით იყო ცნობილი. სახელწოდება მიიღო ტურანის ნახევრად ლეგენდარული მეფე აფრასიაბის სახელის მიხედვით, რომელიც იყო სპარსი პოეტის ფირდოუსის შაჰნამეს პერსონაჟიც.

აფრასიაბის თანამედროვე მდგომარეობა

ისტორიული ცნობები

რედაქტირება

არქეოლოგიური კვლევა აფრასიაბის ტერიტორიაზე დაიწყო 1870-იან წლებში. პირველი გათხრები ჩაატარა მაიორმა ბორზენკოვმა 1874 წელს და პოდპოლკოვნიკმა კრესტოვსკიმ 1883 წელს. მალევე მას შემდეგ, რაც ცენტრალური აზია დაიპყრო რუსეთმა. არქეოლოგიურმა კვლევამ, რომელსაც 1885 წლიდან ხელმძღვანელობდა ნიკოლოზ ვესელოვსკი, აღმოაჩინა უამრავი ძველი ნივთი, მათ შორის თიხის ჭურჭელი, ადამიანის თავების გამოსახულებით, თიხისა და აგურის საცხოვრებელი სახლის კედლები, ყოფილი ჭები, წყლის საერთო საცავები. აღნიშნულმა გათხრებმა, რომელიც გაგრძელდა 1895 წლამდე, დაადასტურა, რომ ჩვენს ერამდე რამდენიმე საუკუნით ადრე სამარყანდი (ძველი სახელწოდება მარაყანდა) წარმოადგენდა ცენტრალური აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო და კულტურულ ცენტრს. ქალაქი მარაყანდა ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან აცული იყო მდინარეებითა და მაღალი ფლატეებით, ხოლო სამხრეთიდან და დასავლეთიდან ღრმა ხეობებით.

ნაქალაქარზე აღმოჩენილია თიხის ორნამენტირებული ჭურჭელი, ტერაკოტის ქანდაკებები, მინისაგან დამზადებული ნივთები, სხვადასხვა სახის შრომის იარაღები, ქალის სამკაულები და მონეტები.

დაადგინეს, რომ ქალაქი დაქსელილი იყო სწორი ფართო ქუჩებით და იყოფოდა საცხოვრებელ კვარტალებად - გუზარებად., გარშემორტყმული იყო თავდაცვითი კედლით, რომლის შიგნითაც მდებარეობდა ციტადელი, საცხოვრებელი სახლები და სავაჭრო სახელოსნოები.

შენობების კედლებზე, რომელიც მიეკუთვნება VI-VII საუკუნეებს, გამოსახულია მაღალი ოსტატობით შესრულებული მხატვრობის ნიმუშები. ერთ-ერთ კედელზე აღმოჩენილია ჟანრობრივი მხატვრობა, ქალი და მამაკაცი საზეიმო კოსტიუმებში, მათ გვერდით რეალური და ფანტასტიკური ცხოველების გამოსახულებით.

ქალაქის მმართველის სასახლის კედელზე გამოსახულია დიდი კომპოზიცია, ეს არის მსვლელობა, რომლის პირველი ფიგურა ზის თეთრ სპილოზე, სავარაუდოდ იგი უნდა იყოს პრინცესა ან მეფე. კარგად არის შემონახული სამიდან ერთი ქალის ფიგურა. მას აცვია მოკლე წითელი ტანსაცმელი, ყვითელი შარვალი და შავი ფეხსაცმელები. ხელზე უკეთია სამაჯურები, ხოლო ყელზე კაშნე აქვს გაკეთებული. მის გვერდით გამოსახულია აქლემზე ჯდომი ორი მამაკაცი, რომლებიც აღჭურვილნი არიან გრძელი ხმლებით და მოკლე ხანჯლებით. სავარაუდოდ აქ გამოსახულია საქორწინო მსვლელობა[1].

აქემენიდების ბატონობის პერიოდში ქალაქს შემოავლეს მაღალი მასიური კედელი, შიგნით ჩაყოლებული კორიდორებით და კოშკებით.

IX-X საუკუნეებში, როდესაც სამარყანდი გახდა აღმოსავლეთის ისლამური სამყაროს კულტურული ცენტრი და სამანიდების პირველი დედაქალაქი, აფრასიაბის დასავლეთ ნაწილში ააშენეს სამანიდების მეფეთა სასახლე. X საუკუნეში ქალაქის შიდა ნაწილის ფართობი იყო 220 ჰა. სამხრეთით განლაგებული იყო ბაზრები, მეჩეთები, აბანოები და ქარავან-სარაიები. ქალაქში აგებული იყო წყალსადენის სისტემა და აწარმოებდნენ ჩინურ ქაღალდს.

XI-XIII საუკუნეებში სამარყანდი გახდა ყარახანიდების სამეფოს დედაქალაქი და გარს შემოავლეს ახალი თავდაცვითი კედელი. XII საუკუნეში ყარახანიდმა იბრაჰიმ იბნ ჰუსეინმა (1178-1202 წწ.) ააგო სასახლე, რომელიც ციტადელის ქვედა ნაწილში მდებარეობდა. გათხრებისას აღმოჩნდა მონუმენტური მხატვრობის კვალი[2].

XIII საუკუნის დასაწყისში ხორეზმშაჰმა ალაადინ მუჰამად II-მსამარყანდი დაიყრო და ყარახანიდების სასახლის ადგილზე ააშენა ახალი სასახლე. XIII საუკუნეში ხორეზმშაჰების სახელმწიფო დაიპყრო ჩინგიზ-ყაენმა, სამარყანდი მონღოლების ხელში აღმოჩნდა. ჩინგიზიდებს შორის ბრძოლების დროს სამარყანდი საკმაოდ დაზარალდა, რამაც გამოიწვია აფრასიაბის სრული მიტოვება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ю. Н. Алескеров // Городище Афросиаб. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-03. ციტირების თარიღი: 2017-11-26.
  2. Karev Yury, Qarakhanid wall paintings in the citadel of Samarqand: first report and preliminary observations in Muqarnas. Annual on the visiual culture of the Islamic world. Editor Gutru Necipoglu. Volume 22. Leiden-Brill, 2005, p.46-83