ამქარი
ამქარი (სპარს. همکار ჰამქარ — თანამოსაქმე) — ერთი ან მონათესავე ხელობის ოსტატთა გაერთიანება შუასაუკუნის ქალაქებში. ამიერკავკასიაში ამქრის შესატყვისი ტერმინი XVII-XVIII საუკუნეებში იყო ასნაფი, ესნაფი. უფრო ადრე ხელოსანთა გაერთიანებას საქართველოში თაბუნი ეწოდებოდა. სიტყვა ამქარი საქართველოში საყოველთაოდ გავრცელდა მხოლოდ XIX საუკუნეში. არსებობდა წესდება, სადაც აღნუსხული იყო ამქრის ფუნქციები, წევრთა უფლება-ვალდებულებანი, წარმოების პირობები, ხშირად წარმოების საშუალებებიც, სახელოსნოს, როგორც საწარმოს, ორგანიზაცია და სხვა.
ამქარს ჰყავდა უხუცესი (უსტაბაში), ჰქონდა სალარო, ალამი და სხვა.
თბილისში მოსახლეობის ამქრებად გაერთიანების საფუძველს მოსაქმეობა წარმოადგენდა და ამის მიხედვით ამქარში ერთიანდებოდნენ არა მარტო ვაჭრები და ხელოსნები, არამედ ქალაქის სხვა მოსახლენიც. ამქრებს ქმნიდნენ მესანთლეები, ყასბები, ბაყლები, ბაზაზები, სირაჯები, მაზმანები, მეწვრილმანეები, ხუროები, მეპურეები, ზეინკლები, მჭედლები, ხარაზები და სხვა ხელობისა თუ ვაჭრობის წარმომადგენლები. ვაჭართა და ხელოსანთა ამქრები თავიანთი ორგანიზაციით თითქმის არ განირჩეოდნენ ერთმანეთისაგან.
ხელოსნებისა და ვაჭრების ამქრებად გაერთიანებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არც რელიგიურ მომენტს ჰქონდა. გვიანფეოდალური ხანის თბილისის ხელოსანთა თუ ვაჭართა ამქარში შეიძლებოდა ყოფილიყო მართლმადიდებელი, სომეხ-გრიგორიანი, კათოლიკე და ზოგ შემთხვევაში მაჰმადიანიც კი. ამქრული ორგანიზაციისათვის არც ეროვნული კუთვნილება იყო გადამწყვეტი და არც ის, ამქრის წევრი თბილისელი მცხოვრები იყო თუ საქართველოს რომელიმე ქალაქიდან ან კიდევ უცხო ქვეყნიდან მოსული. ამქარში შესვლა ყველას თანაბრად შეეძლო.
ახალი ამქრული ორგანიზაციების წარმოშობას გვიანფეოდალურ თბილისში არა მარტო ხელოსანთა რიცხობრივი ზრდა იწვევდა,არამედ ერთი დარგის ხელოსნური წარმოების თნდათანობითი სპეციალიზაციაც, მათი ვიწრო სპეციალურ ჯგუფებად დაყოფა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 415.
- დ. გვრიტიშვილი, შ. მესხია, თბილისის ისტორია, საბლიტგამი, 1952, გვ.273-275