ასკილაურის მეხუთე ეკლესია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ასკილაურის ეკლესია.

ასკილაურის მეხუთე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ასკილაურის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 0,7 კილომეტრზე, ტყეში. სავარაუდოდ განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს

ასკილაურის მეხუთე ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ასკილაური

ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია საკურთხევლის ნაწილი და დასავლეთ კედელი, გრძივი კედლები კი - დაახლოებით 1 მეტრ სიმაღლეზე. აღმოსავლეთ კედელს ჩრდილოეთ კიდე და სააფსიდე წყობის დიდი ნაწილი ჩამოშლილი აქვს, ინტერიერი ამოვსებულია ქვებითა და მიწით. მიწითა და ნანგრევებითაა დაფარული გარეთა კედლების მნიშვნელოვანი ნაწილიც.

ეკლესია დარბაზულია (5,8×3,75 მეტრზე), ნაგებია სხვადასხვა ზომის ქვიშაქვის ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. გარეთა კედლები გამოყვანილია მოზრდილი, შემთხვევით ფორმის, თხელი ქვებით, რომლებიც ბრტყელი პირით ფასადის მხარეს არის მიქცეული. წყობა ძირითადად ქაოსურია, ტლანქი. შიგნით კედლების წყობაში, გაცილებით მცირე ზომის ქვებია გამოყენებული. ჩრდილოეთ კედლის საპირე წყობაში ქვები თავისებურად არის განლაგებული - თხელი, მოგრძო, ნატეხი ქვები თევზიფხურადაა დაწყობილი. მსგავსი წყობით გამოყვანილი ერთი ზოლი დასავლეთ კედლის ქვედა ნახევარშიცაა. ინტერიერი შელესილი ყოფილა. ნალესობის ფრაგმენტები ძირითადად საკურთხველშია შემორჩენილი.

ერთადერთი შესასვლელი (შემორჩენილია წირთხლების ნაშთი) ეკლესიას სამხრეთიდან აქვს. აფსიდი ნახევარწრილი ფორმისაა. იგი იმდენად ღრმაა, რომ მისი სიღრმე დარბაზის სიგრძის ტოლია. აფსიდის შუა ნაწილი, სარკმლის ადგილზე, განგრეულია, ბოლოებთან კი, თითო ოთხკუთხა ნიშაა (სამხრეთით მდებარეს უკანა მხარე განგრეული აქვს). აფსიდი გადახურულია ტლანქად ნაგები კონქით. კონქის თაღი ნახევარწრიულია. მსგავსი ფორმა ჰქონდა კამარასაც, რომლის კვალი დასავლეთ კედელზეა შემორჩენილი. ამავე კედლის ფრონტონის მცირე ნაწილიც შემორჩა.

ეკლესია გადახურული იყო დამუშავებული, ქვიშაქვის თხელი ფილებით (ნაშთები შემორჩენილია აღმოსავლეთ ნაწილის სახურავზე), რომლებიც დაწყობილი იყო დუღაბის სქელ ფენაზე.

ლიტერატურა

რედაქტირება