ასანურის წმინდა გიორგის ეკლესია
ასანურის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ასანურში.
აღწერა
რედაქტირებაასანურის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა, ნაშენია რიყის ქვისა და აგურის რიგების მონაცვლეობით, კონსტრუქციულ დეტალებში (თაღები, კარნიზი) აგურია გამოყენებული. ეკლესია მრავალჯერაა გადაკეთებული. პირველი გადაკეთება XIX საუკუნეში მომხდარა, 1921 წლამდე ეკლესია მოქმედი იყო, შემდეგ მიატოვეს, XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე ეკლესია ადგილობრივმა მოსახლეობამ აღადგინა, რის გამოც ტაძარმა თითქმის მთლიანად იცვალა სახე.
თავდაპირველ ეკლესიას ორი შესასვლელი ჰქონდა: დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. კარის ჭრილები თაღოვანი იყო, რომლებიც გადაკეთების შემდეგ შეიცვალა. მეორე გადაკეთების შემდეგ ჩრდილოეთის კარი ამოაშენეს. ტაძარი ნათდება დასავლეთისა და აღმოსავლეთის თითო, ასევე, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ორ-ორი სარკმლით. სარკმლები თაღოვანი იყო, გადაკეთების შემდეგ სარკმლის თაღები მოშალეს.
ნახევარწრიული აფსიდა დარბაზისგან პილასტრითაა გამოყოფილი. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში ორ-ორი თაღოვანი ნიშია გაკეთებული. დარბაზი სამი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული, რომელიც სამსაფეხურიანი კაპიტელებით სრულდება. კაპიტელებზე კამარის და კონქის საბჯენი შეისრული ფორმის თაღებია გადაყვანილი. ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში პილასტრებს შორის ღრმა შეისრული ნიშებია გაკეთებული, რომლებშიც კარ-სარკმელთა ღიობებია გაჭრილი.
ამჟამად ეკლესიას ქვისგან გაკეთებული კანკელი და იატაკი აქვს. 1990 წლის მონაცემების მიხედვით, თავდაპირველი ეკლესია მოხატულიც ყოფილა. ეკლესიის ფასადების გაფორმებას ქმნიდა სამშენებლო წყობის მონაცვლეობა, დასავლეთ და აღმოსავლეთ ფრონტონებში გაკეთებული აგურის დადაბლებით მიღებული გოლგოთის ჯვრის გამოსახულებები, რომლებიც დღეს სრულად წაშლილი და სახეცვლილია. ეკლესია სრულდებოდა აგურის საფეხუროვანი კარნიზით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12903