არჭეშის აღება
საქართველო–აიუბიდების ომების ნაწილი

საქართველოს სამეფოს რუკა, XIII ს.-ის დასაწყისი.
თარიღი 1208–1209
მდებარეობა არჭეში
შედეგი საქართველოს გამარჯვება
მხარეები
საქართველო ეგვიპტის სასულთნო
მეთაურები
ალ-ავჰად აიუბი

არჭეშის აღება1208-1209 წლებში ქართული ჯარის მიერ ქალაქ არჭეშზე მიტანილი იერიში.

XIII საუკუნის დასაწყისში ეგვიპტის სასულთნომ აიუბიდთა დინასტიით სათავეში დაიწყო ჩრდილოეთით, ანატოლიის მიმართულებით ექსპანსია, რასაც საქართველოს სამეფო და ანატოლიის თურქმანული ბეილიქები უარყოფითად შეხვდნენ. 1208 წელს ეგვიპტის სულთან ალ-ადილ I-ის ვაჟმა, ამირა ალ-აუჰად აიუბმა აიღო ხლათის სასულთნო, რომელიც საქართველოს მოხარკედ ითვლებოდა. ქართველებმა გადაწყვიტეს ხლათზე გაელაშქრათ. ასეთი სამხედრო კამპანიის შემდეგ საქართველოს ზურგი უმტკიცდებოდა რეგიონში და მზადყოფნაში ხვდებოდა თურქ-სელჩუკთა მოსალოდნელ შეტევებს. საქართველოს წაქეზებით აუჰადის წინააღმდეგ აჯანყდა არჭეშის და ვანის სომხური მოსახლეობა. მალე აჯანყებას ქალაქი ხლათიც შეუერთდა. ბრძოლების დაწყებიდან ქართულმა ჯარმა მალევე აიღო სასულთნოს დიდი ნაწილი. ქართველთა ლაშქარს ივანე მხარგრძელი მეთაურობდა. მუსულმანები ქალაქ არჭეშში და ხლათში ჩაიკეტნენ. არჭეში მაჰმადიანთა ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი პუნქტი იყო. ქართველებმა იგი მიწასთან გაასწორეს, ხოლო არაქრისტიანული მოსახლეობა ტყვედ აიყვანეს. სულთანმა ვერაფრით გადაარჩინა არჭეში დარბევისგან, რადგან თვითონ ხლათში იყო ჩაკეტილი. იგი ქალაქის დატოვებას ვერ ბედავდა, რადგან ეშინოდა აჯანყებული ხლათის ქრისტიანული მოსახლების, რომელსაც შეეძლო იგი ქალაქში სულაც აღარ შემოეშვა.[1] ორი წლის შემდეგ ქართველთა ლაშქარმა ალყა შემოარტყა ხლათს. ქალაქის გალავნის დასათვალიერებლად მცირე ამალით გამოსული ივანე ხლათელებმა ჩაიგდეს ხელში. გადმოცემების მიხედვით, ივანე მხარგრძელის ცხენს თხრილში ფეხი ჩაუვარდა და მხედარი ჩამოაგდო. სანამ თანმხლები მეომრები ივანეს და მის ცხენს წამოაყენებდნენ, ხლათელები ციხიდან გამოვიდნენ და ქართველები დაატყვევეს. ამ ამბავს ერთნაირად გადმოგვცემენ სომეხი ისტორიკოსები კირაკოს განძაკეცი და ვარდანი, აგრეთვე არაბი აბუ ლ-ფიდა. ივანე იძულებული გახდა თავის დასახსნელად დიდი გამოსასყიდი გადაეხადა და თავისი ქალიშვილი თამთა ხლათის გამგებლის მალიქ აუჰადისათვის მიეთხოვებინა. ამის შემდეგ საქართველოსა და აიუბიდებს შორის დიდი ხნით მშვიდობიანი ურთიერთობა დამყარდა.