არქიტექტურული ორდერი

არქიტექტურული ორდერი, არქიტექტურული ორდენი (ფრანგ. ordre, იტალ. ordine - წესი, რიგი) — დგარულ-კოჭოვანი სისტემის სტრუქტურა და მხატვრული დამუშავება. ფართო გაგებით ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტის, ბაბილონურ-ასურულ და ძვ. სპარსულ ხუროთმოძღვრებაში, კლასიკურ სისტემად კი მხოლოდ ძვ. ბერძნულ არქიტექტურაში ჩამოყალიბდა (ძვ. წ. V ს.). კლასიკური ბეძნული არქიტექტურული ორდერების დორიული, იონური და კორინთული (იმ ოლქებისა და ტომების სახელწოდების მიხედვით, სადაც ეს ორდერები შეიქმნა). ძვ. რომში ჩამოყალიბდა ტოსკანური ორდერი და კომპოზიტური ანუ რთული ორდერი. ორდერების მზიდი ნაწილებია სვეტი, კაპიტელთა (სვეტისთავი) და ბაზისითურთ, რომლებზედაც დაყრდნობილია ანტაბლემენტი. დორიულ ორდერს (კლასიკური ნიმუშებია პართეონი და პროპოლეონი ათენის აკროპოლისზე) ბაზისი არ აქვს. სვეტი ზევით თანდათან ვიწროვდება და შვეული კანელურებით არის დაღარული, შუა ნაწილი კი გამსხვილებულია (ენტაზისი). სვეტს კაპიტელი ეყრდნობა, მას მოსდევს ქვის კოჭი - არქიტრავი, ტრიგლიფებითა და მეტოპებით დანაწევრებული ფრიზი და შემდეგ კარნიზი.

კლასიკური ორდერის ცხრილი: a. ტოსკანური, b. დორიული, c. იონური, d. თანამ. იონური e. კორინთული, f. კომპოზიტური.

იონიურ ორდერს (კლასიკური ნიმუშია ერექთეონი ათენის აკროპოლისზე) აქვს ბაზისი, ზევით შევიწროებული კანელურებიანი სვეტი და ვოლუტებიანი კაპიტელი. არქიტრავი სამი ჰორიზონტალური ზოლისაგან შედგება. ფრიზი დანაწევრებულია და ზოგჯერ რელიეფით შემკული. კორინთული ორდერი ყველაზე დეკორაციულია ბერძნულ ორდერთა შორის. პირველად გამოყენებულია აპოლონის ტაძარში (ძვ. წ. 430). კაპიტელი შემკულია აკანთოს სტილიზებული ფოთლებითა და ხვიებით (ვოლუტებით). ტოსკანური ორდერი დორიულის სახესხვაობაა, ხოლო კომპოზიტური - კორინთუკუსა და იონიურისა.

არქიტექტურული ორდერის აგების წესები მოცემულია ვიტრუვიუსის ტრაქტატში, ორდერის სიმაღლისა და პროპორციების საზომად მიჩნეულია მოდული - სვეტის ფუძის დიამეტრის ნახევარი.

ლიტერატურა

რედაქტირება