არქაბის ეკლესია
არქაბის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თურქეთში, დაბა არჰავის აღმოსავლეთ ნაწილში.
ეკლესიიდან კარგად მოჩანს სივრცე ოთხივე მხარეს. ზემოდან დაჰყურებს არჰავის მთლიან დასახლებას, მდინარის ორივე მხარის გაყოლებით არსებულ სოფლებს, ქალაქ ხოფასა და მის შემოგარენს, მთის კალთებზე შეფენილ სოფლებს არჰავის ციხემდე. ადგილობრივები ეკლესიას „რაკანას“ უწოდებენ. ეკლესიის ქვემოთ, კლდოვან ქანში, გაჭრილია შავი ზღვისპირა ცენტრალური ტრასისათვის განკუთვნილი გვირაბი.
ეკლესია მიმართულია აღმოსავლეთისაკენ. აქვს ხუთ გრადუსიანი დახრა სამხრეთის მიმართულებით. ძეგლი, სავარაუდოდ, დარბაზული, შვერილაბსიდიანი ტიპისაა. აბსიდის კონტური, არც შიდა და არც გარე მხრიდან არაა გამოკვეთილი, მძლავრი მცენარეული საფარის გამო. სამხრეთიდან, ამჟამად, მხოლოდ ორი სარკმელი ჩანს ადრეული პერიოდისათვის დამახასიათებელი სარკმლის პარალელური კედლებით. სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეში შემორჩენილია თაღოვანი კარის დასავლეთი მხარე, კარის თაღი პლინთუსებითაა ნაგები დუღაბზე. კარის სვეტების სისქე 60 სანტიმეტრია, ხოლო კედლების სისქე 80 სანტიმეტრს უახლოვდება. ნაგებობას კარი, სავარაუდოდ, დასავლეთის მხრიდანაც უნდა ჰქონოდა ცენტრალურ არეში, რომლის ზომებიც ახლა ვეღარ დგინდება. შიდა სივრცის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ფიქსირდება რომაული ბეტონის ფრაგმენტი, რომელშიც ბიზანტიური ხანის ამფორათა ოთხი ეგზემპლარი ტანის ქვედა ნაწილია ჩართული. ჩვეულებრივ, ასეთი დეტალები კამარისათვის იქმნებოდა. კერამიკული ჭურჭელი კამარათა დატვირთვას ანეიტრალებდა. შიდა სივრცეშივე აღმოჩნდა გვერდებაკეცილი, დაბალბორტიანი კრამიტის ფრაგმენტები. მათი სრული ზომები ვერ დგინდება, რისი საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა ძეგლის თარიღის დადგენა. კედლები ძირითადად ნაგებია რიყის ქვით, დუღაბის გამოყენებით. სამხრეთ ფასადზე შეიმჩნევა, რომ ვერტიკალური კედლის მასა ამოყვანილია ყალიბით. სამხრეთის შემორჩენილი თაღოვანი კარი, სავარაუდოდ, ნალისებური იყო, თაღის ქუსლის ფორმაზე დაყრდნობით. შიდა სივრცეში იატაკის დონე ვერ დგინდება. კარის თაღის ქუსლი მიწის დონიდან 1,30 სანტიმეტრზეა.
სარკმლის სიმაღლე — 85 სანტიმეტრია, სიგანე კი 55 სანტიმეტრი. იატაკის დონის დაუზუსტებლობის გამო მისი სრული ზომების განსაზღვრაც ვერ ხერხდება. ეკლესიას სერიოზული გადაკეთების კვალი არ ეტყობა. წინასწარი მონაცემები მიგვანიშნებს, რომ ძეგლი VI საუკუნისაა. ნაგებობის გარე მასების სავარაუდო ზომებია: სიგრძე — 11,50 მეტრი, სიგანე — 7,10 მეტრი. დასავლეთ კედლის ცენტრალური არის უკიდურეს სიღრმეში არის კარის ღიობიც. იგი 95 სანტიმეტრი სიგანისაა. სამხრეთის კედელი დღეისათვის 4 მეტრი სიმაღლისაა. შიდა მხრიდან სარკმლის ღიობის ჩარჩოები არ იკითხება, ხოლო გარე მხრიდან იგი წარმოადგენს სიმაღლეში ოდნავ შევიწროებულ ღიობს. სარკმლის სიმაღლეა — 70 სანტიმეტრი, ქვედა ნაწილის სიგანე — 18 სანტიმეტრი. აგრაფად რიყის ქვაა გამოყენებული. ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ არეში კიდევ ერთი სარკმელი ჩანს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 55-56 ISBN 978-9941-0-6458-6.