ართურ უელსლი (ინგლ. Arthur Wellesley; 1798 წლამდე Wesley — „უესლი“; დ. 1 მაისი, 1769, დუბლინი, ირლანდია — გ. 14 სექტემბერი, 1852, უალმერის ციხესიმაგრე, დუვრი, კენტის საგრაფო) — გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი უდიდესი მთავარსარდალი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და პრემიერ-მინისტრი. დაამარცხა ნაპოლეონ ბონაპარტი ვატერლოოს ბრძოლაში, ვიკონტი (1809), ერლი (თებერვალი 1812), მარკიზი (ოქტომბერი 1812) და 1814 წლიდან უელინგტონის I ჰერცოგი.

ართურ უელსლი, I ჰერცოგი უელინგტონი
ართურ უელსლი, გოიას ნახატი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

უელსლი დაიბადა 1769 წლის 1 მაისს დუბლინში, ირლანდია, როგორც ართურ უესლი ანგლო–ირლანდიურ ოჯახში.[1] ის იყო მორნინგტონის I გრაფი, გარეტ უესლისა და I ვიკონტი დანგანონის უფროსი ქალიშვილის ენ ჰილის მესამე ვაჟი. მამამისი იყო მუსიკოსი და პოლიტიკოსი, ირლანდიური ლორდთა პალატის წევრი.[2] ოჯახი დანგანის სასახლეში ცხოვრობდა და ართურიც განათლებას სასახლესთან ახლოს, ტრიმის პატარა სკოლაში იღებდა, ოჯახის ლონდონში გადასვლის შემდეგ კი ბრაუნის სემინარიაში, ჩელსი.[1] როდესაც 12 წლის იყო, მამამისი გარდაიცვალა და ოჯახიც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა.[3] მისმა უფროსმა ძმამ, რიჩარდმა ოჯახის მიწები დააგირავა და 1781 წლის შემოდგომაზე ართური და მისი უმცროსი ძმა ჯერარდი ეტონის კოლეჯში გაგზავნა, სადაც მათ სამი წელი გაატარეს. მან მცირე ხანი ჯერ ბრაიტონში, შემდეგ კი ბრიუსელში დაჰყო, რის შემდეგაც ის საფრანგეთში, ანჟერის სამხედრო აკადემიაში გაგზავნეს.[4] სწორედ ანჟერიდან დაბრუნების შემდეგ იყო, როდესაც მანამდე მოუხეშავ და უპერსპექტივო ართურს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეატყვეს.[5]

ადრეული სამხედრო კარიერა

რედაქტირება

ართურის უფროსმა ძმამ, რიჩარდმა, რომელიც უკვე უილიამ პიტის ადმინისტრაციის უმცროსი წევრი იყო, თავისი გავლენა გამოიყენა და 1787 წლის 7 მარტს ართურმა მიიღო ენსინის ჩინი 73-ე ქვეითთა პოლკში. მალევე ოჯახის გავლენით ის დუბლინის ლორდ-ლეიტენანტის, ბუკინგემის მარკიზის ადიუტანტი გახდა. ის ლეიტენანტად დააწინაურეს 76-ე ქვეითთა პოლკში, თუმცა რამდენადაც ეს პოლკი ინდოეთში ბრუნდებოდა, უესლი 41-ე ქვეითთა პოლკში გადაიყვანეს. ამ პერიოდში ის არც თუ ისე გატაცებული იყო თავისი სამხედრო ვალდებულებებით და უმეტეს დროს ვიოლინოზე დაკვრას და აზარტულ თამაშებს უთმობდა. ის პოლიტიკაშიც ჩაერთო. 19 წლის ასაკში ის ირლანდიურ თემთა პალატაში აირჩიეს.

პარალელურად საფრანგეთში რევოლუცია დაიწყო და ართურის მისწრაფებებიც ისევ სამხედრო საქმეს დაუბრუნდა. ის გადაიყვანეს მე-12 მსუბუქ დრაგუნთა პოლკში. 1791 წლის 30 ივნისს კი გახდა კაპიტანი 58-ე ქვეითთა პოლკში, მაგრამ იმ წელსვე კვლავ კავალერიას დაუბრუნდა, ამჯერად მე-18 მსუბუქ დრაგუნებში. ორი წლის შემდეგ 30 აპრილს, ძმისგან მიღებული ფულით, 33-ე ქვეითთა პოლკში იყიდა მაიორის ჩინი, სექტემბერში კი ლეიტენანტ–კოლონელის.

  1. 1.0 1.1 რიჩარდ ჰოლმსი - უელინგტონი: რკინის ჰერცოგი, 2007, გვ.7
  2. კრისტოფერ ჰიბერტი - უელინგტონი: პირადი ისტორია, 1997, გვ. 3
  3. ჰოლმსი, გვ. 8
  4. ჰიბერტი, I თავი
  5. ჰოლმსი, გვ. 20
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: