ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

არგუსი (ბერძ. Ἄργος) — ოდისევსის ერთგული ძაღლი ჰომეროსის „ოდისეადან“.

არგუსი
სქესი მამრობითი
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ცნობილია როგორც სისწრაფე, სიძლიერე, კვალის მიგნების უნარი

ტროას ომის დასრულებიდან ათი წლის შემდეგ მრავალჭირნახული ოდისევსი საბოლოოდ ბრუნდება სამშობლოში. მისი არყოფნის პერიოდში უგუნური სასიძოები მის სახლს დაეპატრონენ და პენელოპეს ცოლად შერთვა განიზრახეს. იმისათვის, რომ სამშობლოში საიდუმლოდ შეეღწიოს და სამაგიერო მიუზღოს სასიძოებს, ოდისევსი თავს მათხოვრად მოაჩვენებს და მხოლოდ ტელემაქეს გაანდობს საიდუმლოს. ოდისევსი ერთგულ მეგობარს დაბეჩავებულ, მოუვლელ მდგომარეობაში იხილავს.

გმირმა არგუსი კონტრასტულად განსხვავებულ მდგომარეობაში დატოვა. ის იყო სისწრაფითა და სიძლიერით გამორჩეული, კვალის მიგნების არაჩვეულებრივი უნარის მქონე ძაღლი. ყველასგან განსხვავებით, ერთგული მეგობარი ოდისევსს იმ წამსვე იცნობს, თუმცა საკმარისი ძალა არ აღმოაჩნდება იმისათვის, რომ პატრონს შეეგებოს. საიდუმლოს გამჟღავნებით შეშინებული ოდისევსი თვალცრემლიანი ჩაუვლის გვერდს ერთგულს მეგობარს და სწორედ მაშინ კვდება არგუსი. მათი ურთიერთობის სისადავე შეხვედრას მოულოდნელი და გულწრფელი ემოციებით სავსეს ხდის. სწორედ ამ მნიშვნელოვანი მოვლენითაა აღნიშნული ოდისევსის სამშობლოში დაბრუნება.[1]

ამონარიდი „ოდისეადან“

რედაქტირება
ამ საუბარში რომ იყვნენ, იქვე მწოლმა ძაღლმა თავი ასწია და ყურები ცქვიტა. ეს იყო ოდისევსის ძაღლი — არგუსი. თავისი ხელით გამოეკვება და გაეწვრთნა, მაგრამ ილიონს წასულს, ამ ძაღლით ნადირობა ვეღარ მოესწრო. წინათ არგუსი ითაკელ ჭაბუკებს დაჰყავდათ ირმებზე, გარეთხებსა და კურდღლებზე სანადიროდ. ახლა კი უპატრონოდ ეგდო ჭიშკართან დახვავებულ ნაკელზე, რომელიც ოდისევსის ყანების გასაპოხიერებლად გაჰქონდათ დროდადრო. გაძვალტყავებულ და გაქუცულ არგუსს ჯღიბები დასეოდა. ოდისევსის სიახლოვე რა იგრძნო, ყურები ჩამოყარა და კუდი გააქიცინა. ღონედალეულს პატრონამდე მისვლის თავიც აღარა ჰქონდა. ამის შემხედვარე ოდისევსს ცრემლი მოერია. შებრუნდა, ევმეოსის უჩუმრად შეიმშრალა თვალი და ჰკითხა:
 — სანეხვეზე რატომ გდია ეს ძაღლი, ჩემო კეთილო? ჯიშიანი ჩანს, თუმცა ძნელი სათქმელია, სანადიროდ გამოსადეგი იყო თავის დროზე თუ სილამაზის გამო ინახავდნენ პატრონები იმ ძაღლების მსგავსად, დღენიადაგ სანადიმო სუფრის ქვეშ რომ დასუნსულებენ.
 — ეჰ, სადღა ჰყავს ამ ძაღლს პატრონი, — დანანებით უპასუხაევმეოსმა, – შენ მაშინ გენახა, ოდისევსი ტროაში სანამ წავიდოდა, რა გეში ჰქონდა, რა ფეხმარდი იყო. ამ ჩვენს ტყეებში ნადირი არ გაჰქცევია არასოდეს, ახლა უპატრონოდ ასე გდია მთელი დღე. მონებიც ხომ ეგრე უქმად ყრიან ხოლმე, როცა პატრონის ხელს ვეღარა გრძნობენ? მონობაში მყოფს ნახევარ კაცად აქცევს აკი მაღლითმგრგვინავი ზევსი!
ეგრე თქვა, კარი შევლო და პირდაპირ სანადიმო დარბაზში შევიდა ევმეოსი. ხოლო ოდისევსის ძაღლს, არგუსს, მას შემდეგ, რაც ოცი წლის უნახავი პატრონი იცნო, შავი სიკვდილის მოირა ეწვია.
 — ჰომეროსი, ოდისეა, თავი 17, სტროფი 290–327

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  • ჰაჩიკო — ნამდვილი ძაღლი, რომელიც ელოდა თავის გარდაცვლილ პატრონს წლების განმავლობაში მისი გარდაცვალების მიუხედავად 
  1. Homer. Odyssey. Trans. Stanley Lombardo. Canada: Hackett Publishing Company, Inc., 2000. Print.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არგუსი_(ძაღლი)“-დან