არგოხის მთავარანგელოზის ეკლესია

არგოხის მთავარანგელოზის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხში, სოფლის ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

აღწერილობა

რედაქტირება

ეკლესია დარბაზულია, გეგმით სწორკუთხა (8,2 X 5,3 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ფასადებზე, ძირითადად კუთხეებში, შირიმის მოზრდილი ქვებიცაა ნახმარი. კედლები გარედან მობათქაშებულია. ძეგლი დაზიანებულია: გრძივ კედლებს მთელ სიმაღლეზე ფართო ბზარები დაუყვება. საკურთხევლის ნაწილი აღმოსავლეთითაა გადახრილი.

ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან მიდგმული სამრეკლოს პირველი სართულიდანაა. კარი გარედან ტიმპანითაა დასრულებული, შიგნით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე ერთი მაღალი თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია, ხოლო ქვემოთ, კედელს, აგურით ნაგები ტრაპეზი ეკვრის. საკურთხეველი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით. რომლის ჩრდილოეთ ნაწილში, ქუსლის დონეზე, მცირე სამალავია მოწყობილი. აგურის კანკელი გვიანდელია. კანკელის შუაში და ჩრდილოეთ ნაწილში თითო შესასვლელია, სამხრეთ ნაწილში - პატარა სწორკუთხა ღიობი.

დარბაზის გრძივი კედლების შუა ნაწილში თითო მარტივი პილასტრია, რომლებსაც შეისრული კამარის შეისრული საბჯენი თაღი ეყრდნობა. სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია.

XVI-XVII საუკუნეებში ეკლესია მოუხატავთ. მოხატულობა ხალხურ ძეგლთა ჯგუფს განეკუთვნება. მხატვრობის შემორჩენილი ფრაგმენტები დაზიანებულია. საკურთხეველში მხატვრობა სამ რეგისტრადაა დაყოფილი. კონქში ვედრების კომპოზიციაა. მეორე რეგისტრში მოციქულებია გამოსახული. მესამეში - ეკლესიის მამები - ტრაპეზის სამხრეთით სამი (ერთ-ერთი დიაკვანია), ხოლო ჩრდილოეთით - ერთი. ტრაპეზის თავზე განირჩევა მაცხოვრის თავის კონტური და ძვირფასი ქვებით შემკული შარავანდი. საკურთხევლის სარკმლის წირთხლებზე შავი, ნაცრისფერი, მოწითალო-ყავისფერი და ყვითელი ტალღისებრი ხაზებია.

დასავლეთ კედელზე, ზემოთ, სარკმლის ჩრდილოეთით წარმოდგენილია ნათლისღება (?), მეორე რეგისტრში - ჯვარცმა, მესამე რეგისტრში - ვედრების პოზაში სამი ქტიტორის გამოსახულების ფრაგმენტები. ქტიტორებს მოკლე სხეული და დიდი მტევნები აქვთ.

ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთზე ქტიტორების - ერთი ქალის და ერთი კაცის გამოსახულებაა შემორჩენილი. ჩრდილოეთ პილასტრზე - წმინდანთა ფიგურები, ხოლო საბჯენი თაღის ცენტრალურ მონაკვეთზე - ჭადრაკული ორნამენტი.

აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის წირთხლები ამოყვანილია რიყის ქვისა და აგურის შერეული წყობით. სარკმლის თაღი შირიმის ერთ მთლიან ქვაშია გამოკვეთილი. სარკმლის ზემოთ, შირიმის მომცრო სწორკუთხა ქვაზე, ამოკვეთილია ტოლმკლავა ჯვარი. ჯვრის ზემოთ, ფრონტონის არეში, ნალესობით გამოყვანილი მცირე სწორკუთხა შეღრმავებებისა და ცისფრად მოჭიქული აგურის ნამტვრევების თავისებური კომბინაციით დეკორატიული აქცენტია შექმნილი. ეკლესიას აგურის ოთხსაფეხურიანი ლავგარდანი (შემორჩენილია ნაწილობრივ) აქვს.

სამრეკლო ორსართულიანია. იგი ეკლესიაზე მოგვიანებითაა მიდგმული. ნაგებია ნატეხი ქვით - საკმაოდ ტლანქად. აქა-იქ შირიმიცაა ნახმარი. მომდევნო ხანებში სამრეკლოს მეორე სართულის ზედა ნაწილი აგურით განუახლებიათ. განახლებული ნაწილი გარედან კუთხურად ნაწყობი აგურის მაღალი ჰორიზონტალური ზოლითაა გამოყოფილი. სამრეკლოს პირველი სართულის ოთხივე კუთხეში თითო სწორკუთხა ბოძია ჩაწერილი, რომლებსაც ოთხი შეისრული თაღი ეყრდნობა. აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის თაღები გარედან სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. ამჟამად აღმოსავლეთის და დასავლეთის თაღები მთლიანად ამოშენებულია, ხოლო სამხრეთისაში პატარა სწორკუთხა შესასვლელია მოწყობილი. სართულს რიყის ქვის ბრტყელი ჭერი აქვს. ჭერის შუა ნაწილში პატარა, ნახევარსფერული შეღრმავებაა. მეორე სართულზე ასასვლელი კიბე მიშენებულია პირველი სართულის ჩრდილო-დასავლეთ ბოძზე.

მეორე სართული გუმბათოვანი კამარით გადახურული ცხრაწახნაგა ფანჩატურია. ყოველ წახნაგში ზემოთკენ გაფართოებული და ნახევარწრიული თაღით გადახურული თითო მაღალი ღიობია. სამრეკლოს აგურის რვაწახნაგა, პირამიდული ფორმის სახურავი აქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება