აპოლო (კინოთეატრი)
კინოთეატრი „აპოლო“ (დავით აღმაშენებლის N135) — თბილისში კინოთეატრისთვის აგებული ერთ-ერთი პირველი შენობა. გაიხსნა 1909 წელს და მოდერნის სტილის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ნიმუშია.
აპოლო | |
---|---|
კინოთეატრ აპოლოს ხედი რესტავრაციის შემდეგ დავით აღმაშენებლის გამზირიდან. | |
წინა სახელები | ოქტომბერი |
ზოგადი ინფორმაცია | |
შენობის ტიპი | კინოთეატრი |
არქიტექტურული სტილი | არტ-ნუვო |
ქვეყანა | საქართველო |
მდებარეობა | თბილისი |
კოორდინატები | 41°42′55″ ჩ. გ. 44°47′36″ ა. გ. / 41.7153889° ჩ. გ. 44.7933806° ა. გ. |
მფლობელი | იხ. მფლობელი |
დაიწყო | 1909 |
დასრულდა | 1909 |
ზომები და ტექნიკური დეტალები | |
სართულთა რაოდენობა | 3 |
ისტორია
რედაქტირება„აპოლო“ აშენდა 1909 წელს, როგორც კერძო კინოთეატრი. დადასტურებულად უცნობია, თუ ვინ იყო ამ შენობის არქიტექტორი, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით ეს შეიძლება არქიტექტორი კოლჩინი ყოფილიყო. შენობის გაფორმება ა. ნოვაკმა და კარლ სოუჩეკმა შეასრულეს.[1]
„აპოლო“ თბილისში პირველი ელექტრონული კინოთეატრი იყო, რომელიც 1909 წლის 12 აპრილს გაიხსნა მიხეილის პროსპექტზე (დღეს - დავით აღმაშენებლის გამზირი). შენობა მოდერნის სტილში აშენდა და მსოფლიოში ამ სტილით აგებული სულ რამდენიმე კინოთეატრი არსებობს. ის იყო იმ დროის ევროპაში და, კერძოდ, რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი უდიდესი კინოთეატრი. მოდერნის მრავალ ნიშანს შეიცავდა ნაგებობის ინტერიერიც.[2]
კინოთეატრი „აპოლო“ თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ცნობილი შენობაა. ეს იყო გასაბჭოებამდელი თბილისის ყველაზე დიდი კინოთეატრი. ნაგებობა მოდერნის სტილის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია თბილისში.[2]
საბჭოთა პერიოდში მას „ოქტომბერი“ ეწოდებოდა. 1987 წელს რეკონსტრუქციის შემდეგ კინოთეატრი ხელახლა გაიხსნა. მიუხედავად საფუძვლიანი რეკონსტრუქციისა, რომელმაც შეცვალა კინოთეატრის შიდა გეგმარებითი მოწყობა და ახალ ყაიდაზე გადაიყვანა მისი ფუნქციონირება, პრაქტიკულად ხელშეუხებელი დარჩა ინტერიერის მხატვრულ-არქიტექტურული ელემენტები, რომლებიც საბედნიეროდ დღემდე არის შემონახული და იძლევა საშუალებას მათი კონსერვაცია-რესტავრაციისათვის.[2]
1990 წლიდან მას დაუბრუნდა სახელი „აპოლო“. 2010 წელს აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით „აპოლოს“ რეკონსტრუქციის პროექტი გამოქვეყნდა, რასაც საზოგადოების ნაწილის წინააღმდეგობა მოჰყვა. ამჟამად კინოთეატრში სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულებულია.
მფლობელი
რედაქტირება2002 წელს კინოთეატრი „აპოლო“ სს „ქართული ფილმის“ მაშინდელმა ხელმძღვანელობამ კულტურის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის თანხმობით 500 000 ლარად მიჰყიდა კერძო პირს იმ პირობით, რომ კინოთეატრს ათი წლით პროფილი შეუნარჩუნდებოდა და ახალი მეპატრონე მილიონნახევარი ლარის ინვესტიციებს განახორციელებდა. ახალმა მეპატრონემ კი ზუსტად ერთი თვის შემდეგ შენობა გაასხვისა იმავე ფასად. კინოთეატრის მფლობელი მას შემდეგ იყო შპს „თეატრები აპოლოა“. ახალმა მეპატრონემ კინოთეატრი ვერ აამუშავა. ამასობაში ათი წელიც გავიდა და შენობა შესაძლოა გაიყიდოს.[3]
2023 წლის აგვისტოს მონაცემებით, აღმაშენებლის N135-ში მდებარე ძეგლის თანამესაკუთრეა შპს „კონფიდენს გრუპი“, რომელსაც „ელიტ პრო“ ფლობს. თავის მხრივ, „ელიტ პროს“ მფლობელი აზერბაიჯანის მოქალაქე რაუფ ალიევია.[2] ძეგლის მეორე თანამესაკუთრეა შპს „თეატრები აპოლო“. მის 10%-იან წილს ქართული ოცნების დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე ფლობს (წილის მმართველი ამჟამად მისი შვილი, გიორგი ჩიგოგიძეა). ამავე შპს-ს 80%-იან წილს „კონფიდენს გრუპი“ ფლობს. 7%-ს – პორტუგალიის მოქალაქე მანანა გეტაშვილი; 3%-იან წილს კი – თინათინ სვანიძე.[2]
არქიტექტურა
რედაქტირებაშენობა სამსართულიანია. აღმაშენებლის გამზირისა და ია კარგარეთელის ქუჩის შესაყარისკენ იგი გუმბათიანი ცილინდრული მოცულობით არის მიმართული. ფასადები სწორკუთხა და თაღოვანი დიდი ფანჯრებით და გიგანტური იონიური პილასტრებით არის დანაწევრებული. ძირითად სამკაულს მოდერნის სტილისთვის დამასახიათებელი ნაძერწი გირლანდებისა და გვირგვინებისგან შემდგარი კიმპოზიციები და სიმბოლური ფიგურული რელიეფები წარმოადგენს. შენობას ნაძერწი კრატერებით აქცენტირებული არასწორხაზოვანი უკარნიზო კონტური ასრულებს. მოდერნის სტილის მრავალ ნიშანს შეიცავს ნაგებობის ინტერიერიც.
ფოიედან დაწყებული, დარბაზის გარეთ არსებულ სივრცეებში უამრავი დეკორატიული ელემენტი – ნალესი რელიეფები, სვეტების კაპიტელებისა და ბაზების ქვის ჩუქურთმა, კედლის მხატვრობის ფრაგმენტები, იატაკის მოზაიკა და ლითონის ჭედურობა მოდერნის სტილის კინოთეატრის უმდიდრესი შიდა კაზმულობის დამადასტურებელია და გაოცებას იწვევს როგორც თავისი მხატვრული ხარისხით, ასევე ფანტაზიის გაქანებით.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- „საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი“, 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 3303