აპენდიკულარიები (Appendicularia) — ზღვის პლანქტონური ცხოველების კლასი გარსიანების ქვეტიპისა. მათი მცირე ზომის (1 სმ-მდე სიგრძის) სხეული შედგება ტანისა და კუდისაგან, რომელშიც მოთავსებულია ქორდა, ზურგის ნერვული სიმი და კუნთოვანი უჯრედები. სხეულს გარს აკრავს გამჭვირვალე ლაბოვანი „ქოხი“, რომლის წინა, ცხრილისებრი ფილტრით დაფარულ ხვრელში შედის წყალი და მასთან ერთად მცირე ზომის ორგანიზმები, რომლებითაც აპენდიკულარიები იკვებებიან. უკანა ხვრელით აპენდიკულარიები დროდადრო ტოვებენ ძველ „ქოხს“ და რამდენიმე საათის განმავლობაში წარმოქმნიან ახალს. მრავლდებიან სქესობრივად. გავრცელებული არიან ყველა ზღვასა და ოკეანეში. ვითარდებიან მეტამორფოზის გარეშე. აპენდიკულარიების აგებულების მთელი რიგი პრიმიტიული ნიშანი აახლოებს მათ ყველა გარსიანის წინაპრებთან.