ოთარ ანჯაფარიძე
ოთარ გიორგის ძე ანჯაფარიძე (დ. 12 თებერვალი, 1920, ბათუმი — გ. 27 მაისი 1996, მოსკოვი) — ქართველი ვირუსოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1967), რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1998).
მამამისი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე გიორგი (გიზო) ანჯაფარიძე 1924 წლის აჯანყების მონაწილე იყო და იმავე წელს დახვრიტეს. ოთარ ანჯაფარიძემ 1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1943–1946 წლებში იყო ბათუმის სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი. 1946-იდან მუშაობს მოსკოვის სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1963–1965 წლებში სსრკ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ბაქტერიული და ვირუსული პრეპარატების წარმოების მთავარი სამმართველოს უფროსია. 1958–1963 და 1965 წლიდან განაგებდა მოსკოვის ვირუსული პრეპარატების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. ამ ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელია. შეისწავლიდა ვირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტს და პოლიომიელიტის, ცოფის, ენცეფალიტის, წითელას, ყვავილისა და სხვა ინფექციურ დაავადებათა საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოების მეცნიერულ საფუძვლებს. იკვლევდა ვირუსული ინფექციის ქრონიკული ფორმების ჩამოყალიბების უჯრედოვან მექანიზმს, ადამიანის ლევკოზის ვირუსულ ეტიოლოგიას და კანცეროგენეზის მექანიზმს.
ოთარ ანჯაფარიძე იყო სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინებისა და შრატების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, უჯრედთა კულტურების საერთაშორისო კომიტეტის წევრი და საერთაშორისო ჟურნალ „Acta virologica“-ს თანარედაქტორი, 1990 წლიდან — „Вопросы вирусологии“-ს მთავარი რედაქტორი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და შრომის წითელი დროშის ორდენით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Отар Георгиевич Анджапаридзе, «Вопросы вирусологии», 1970, № 3
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 505.
- ჭანიშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 174.