ანუხვის ეკლესია
ანუხვის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გუდაუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანუხვაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო. მდებარეობს ანაკოფიის ციხესიმაგრიდან სამი კილომეტრის მანძილზე, გუდაუთიდან აღმოსავლეთით, მთისწინა ზოლზე შეფენილ სოფელში. ეკლესია აგებულია XI საუკუნეში.
აღწერა
რედაქტირებაXIX საუკუნეში, სოფელი ანუხვაში, რუსი არქეოლოგის გრაფინია პრასკოვია უვაროვას მიერ გამოვლინდა დიდი ზომის ეკლესიის ნანგრევები. ტაძარი წარმოადგენს XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშს, რომელიც არქიტექტურისა და მაღალმხატვრული ჩუქურთმის ხასიათით აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს განვითარებული შუა საუკუნეების ქართულ არქიტექტურულ ძეგლებს ენათესავება. ტაძრის ირგვლივ არსებული სხვადასხვა ზომის ნაგებობანი და მათი ნანგრევები ანუხვაში სამონასტრო ცხოვრებაზე მიუთითებს.
ანუხვის ტაძრის ნანგრევებში აღმოჩენილი XI-XIV საუკუნეების ქართული ასომთავრული წარწერები მოგვითხრობენ ტაძრის მშენებლობის ისტორიის, ქტიტორებისა და მომდევნო ეპოქებში მისი რესტავრაციის შესახებ. წარწერების შინაარსიდან ირკვევა, რომ XI საუკუნეში ტაძრის მშენებლები ყოფილან ადგილობრივი ფეოდალური სახლის უფროსი გიორგი ბასილისძე და მისი ძმები თევდორე, დემეტრე და მერკილე. ძმებს მამის ხსოვნისა და საკუთარი თავის სალოცავად აუგიათ წმინდა ჯვარი, ხოლო მის ირგვლივ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. XIV საუკუნეში, მორიგი განახლების დროს, ტაძარს მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელი ეწოდა.
ანუხვის ტაძრიდან შემორჩენილი სხვადასხვა ეპოქის არტეფაქტები ყურადღებას იქცევენ ნატიფი დეკორითა და მაღალმხატვრული გემოვნებით: ანუხვის ჯვარი ვაზის ორნამენტებით, ანუხვის სვეტი, ანუხვის ჯვარცმა და ანუხვის ბეჭედი. ოთხივე მათგანზე შემორჩენილია ისტორიული შინაარსის ძველი ქართული ასომთავრული წარწერები. ქართულ ხელოვნებაში ვენახის რელიეფი სიცოცხლის ხედ ითვლება და დამახასიათებელია როგორც საქართველოს ქვის რელიეფებზე, ფრესკულ მოხატულობებზე და ჭედურ ძეგლებზე.
ქვის ფილა, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ქრისტიანულ ხელოვნებაში გავრცელებული ჯვარცმის ყველაზე ცნობილი სცენა — ქრისტე გოლგოთაზე, ხოლო მარჯვნივ და მარცხნივ მარიამ ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი. ფილის ზედა მარჯვენა კუთხეში გამოქანდაკებულია გაბრიელ და მიქაელ მთავარანგელოზების ფიგურები. ქრისტეს ჯვარცმის გამოსახულებას ახლავს ქართულ-ბერძნული განმარტებითი წარწერები.
ანუხვის ეკლესიის წარწერები
რედაქტირებაანუხვის წარწერებს გამორჩეული ადგილი უჭირავთ ქართული ანბანისა და ქვის კალიგრაფიის განვითარების ისტორიაში: XI საუკუნის წარწერებს შორის გვხვდება ხელოვნებითი კიდურწაისრული დამწერლობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში.
საამშენებლო წარწერები
რედაქტირება- გიორგი ბასილის ძის წარწერა — XI საუკუნის დასაწყისი
- ისტორიულ პირთა წარწერები სვეტზე — XI საუკუნის დასაწყისი
მემორიალური წარწერები
რედაქტირება- წარწერები ჯვარცმაზე — XI საუკუნე
- მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების განმარტებითი წარწერები — XIV საუკუნე
ანუხვის ეკლესიის ჭედური წარწერები
რედაქტირება- 2015 წელს აქ კიდევ ერთი წარწერა გამოვლინდა. ამჯერად ჭედური ხელოვნების ნიმუშზე — ტყვიის მრგვალ ბეჭედზე, რომლსაც ახლავს ლეგენდა ქართული ასომთავრული წარწერით:
„წ(მიდა)ო გ(იორგ)ი, მონ(ა)სტრ(ი)სა ანახვჳსაჲ.“
|
ამჟამინდელი მდგომარეობა
რედაქტირებაამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ახალაძე ლ., აფხაზეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო, ლაპიდარული წარწერები I. თბ, 2005
- სილოგავა ვ., სამეგრელო აფხაზეთის ეპიგრაფიკა, თბ., 2004
- ახალაძე ლ., აფხაზეთის მატერიალური კულტურის ძეგლები, წიგნში: აფხაზეთის ისტორიი საკითხები, თბ., 2018
- Виноградов А. Ю., Белецкий Д. В., Церковная архитектура Абхазии в эпоху Абхазского царства Конец VIII–X вв. М. 2015