ანტიოქე III დიდი
ანტიოქე III დიდი (ძვ. წ. 242 - 187) – სელევკიდების ელინისტური სახელმწიფოს – სირიის მეფე. სელევკე II-ის ძე. მეფობდა ძვ. წ. 223 წლიდან. მის დროს სელევკიდების სამეფომ ჯერ დიდ პოლიტიკურ ძლიერებას მიაღწია, შემდგომ კი დაკნინდა. ძვ. წ. 220 წელს ჩაახშო მიდიის სატრაპის მოლონისა და მისი ძმის ალექსანდრეს აჯანყება. ძვ. წ. 219-217 წლებში იბრძოდა ეგვიპტის წინააღმდეგ, დაიპყრო ფინიკია და პალესტინა, მაგრამ რაფიასთან ბრძოლაში (ძვ. წ. 217 წ.) დამარცხდა და დაკარგა ყველა მონაპოვარი. ძვ. წ. 212-205 წლებში ილაშქრა აღმოსავლეთში და თავის გავლენას დაუმორჩილა პართიისა და ბაქტრიის სამეფოები. ძვ. წ. 203 წელს მაკდონიის მეფე ფილიპე V-სთან ერთად ეგვიპტეს წაართვა პალესტინა; შეეცადა მცირე აზიის ქალაქებისა და თრაკიის დამორჩილებასაც, რამაც მის წინააღმდეგ აამხედრა პერგამონის სამეფო და როდოსი. კოალიციას მიემხრო რომის რესპუბლიკა (სირიის ომი ძვ. წ. 192-188 წწ.) ანტიოქე დამარცხდა ჯერ საბერძნეთში, ხოლო ძვ. წ. 190 წელს მცირე აზიაში, ქალაქ მაგნესიასთან. ძვ. წ. 188 წელს, რომსა, მის მოკავშირეებსა და ანტიოქეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელმაც ძალზე დაასუსტა სელევკიდების სამეფო და მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ აქცია. ანტიოქე მოკლეს ელემაისში ადგილობრივი ტაძრის გაძარცვის დროს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 490.