ანჟუს დინასტია

(გადამისამართდა გვერდიდან ანჟუების დინასტია)

ანჟუს დინასტია (ფრანგ. Maisons d'Anjou) — ანჟუს გრაფების საგვარეულოსაგან მომდინარე სამეფო დინასტია IX–XV საუკუნეების დასავლეთ ევროპაში.

ანჟუს დინასტიის გერბი

პირველი ანჟუს დინასტია (ინგელგერის დინასტია) დააარსეს ფულკ I-ის (X საუკუნე) მემკვიდრეებმა.

ანჟუს მეორე დინასტია (გატინე-ანჟუს დინასტია) დაარსდა ჟოფრუა II, გატინეს გრაფისა და ანჟუს საგრაფოს მემკვიდრის, ერმენგარდის ქორწინების შედეგად. ფულკ V-ის (1109–1131) შვილიშვილმა ანრი პლანტაგენეტმა (ჰენრი II) საფუძველი ჩაუყარა ანჟუს დინასტიის ინგლისის შტოს ანუ პლანტაგენეტთა დინასტიას, ხოლო ფულკ V-მ — იერუსალიმის სამეფოს ანჟუს დინასტიის იერუსალიმის შტოს (1131–1228).

მესამე ანჟუს დინასტიას (ანჟუ-კაპეტინგების დინასტია ან ანჟუ-სიცილიის დინასტია) საფუძველი ჩაუყარა შარლ I-მა ანჟუელმა (1246–1285), რომელმაც საუფლისწულოდ მიიღო ანჟუ, შეიძინა პროვანსი და 1266 წელს დაიპყრო სიცილიის სამეფო (ნაწილი დაკარგა 1282 წლის „სიცილიის მწუხრის“ შემდეგ). შარლ II-ის ოთხმა შვილმა საფუძველი ჩაუყარა ანჟუს დინასტიის ოთხ შტოს: უნგრეთის (1290-იდან), ნეაპოლის (1309-იდან), ტარენტოს (1294-იდან), პოლონეთის (1370–1382 და 1384–1385).[1]

მეოთხე ანჟუს დინასტია (ანჟუ-ვალუას დინასტია) დააარსა ფილიპე IV ლამაზის ძმამ შარლ ვალუამ, რომელმაც მიიღო ანჟუ და მენი (1290). მისი შთამომავალი რენე ანჟუელი (1334–1380) ერთხანს ფლობდა ნეაპოლის სამეფოს (1438–1342). ანჟუს დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლის შარლ V ანჟუელის ანდერძით, 1481 წელს ანჟუს სამემკვიდრეო — ანჟუს საჰერცოგო და პროვანსი მიიღო საფრანგეთის მეფემ ლუი XI-მ; მისმა ძემ შარლ VIII-მ ანჟუს დინასტიის პრეტენზიები ნეაპოლის სამეფოზე იტალიაში ლაშქრობის (1494–1559 წლებში) საბაბად გამოიყენა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჟორდანია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 471–472.
  • ს. თეზელიშვილი. მსოფლიოს სამეფო დინასტიები. გამომცემლობა "საქართველოს მაცნე". თბილისი. 1998 წელი.
  • Christian Thévenot, La légende dorée des comtes d'Anjou : d'Ingelger à Geoffroy V Plantagenêt (850-1151), Paris, Olivier Orban, 1991, 307 p., (ISBN 2-85565-624-9). Réédition : Histoire des comtes d'Anjou, 850-1151, Joué-lès-Tours, Alan Sutton, coll. « Histoire et archéologie », 2001, 159 p., (ISBN 2-84253-605-3).
  1. ს. თეზელიშვილი, მსოფლიოს სამეფო დინასტიები.