ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანი (ანა) ტაკიძე (დ. 13 დეკემბერი, 1972, თბილისი) — ქართველი მუსიკოსი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

მამა, რევაზ ტაკიძე – დირიჟორია, დედა, ლალი – პიანისტ-კონცერტმაისტერი. ანიმ 1991 წელს დაამთავრა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა – „ნიჭიერთა ათწლედი“ (ფ-ნოს პედაგოგი ლიანა ფირალიშვილი), 1996 წელს კი ბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, პროფესორ ნანა ხუბუტიას კლასი. მისივე ხელმძღვანელობით 1998 წელს – ასპირანტურა.

2002-2005 წლებში ანი ტაკიძე იყო DAAD-ის სტიპენდიატი და სწავლობდა მიუნჰენის მუსიკისა და თეატრის უმაღლესი სკოლის (hochschule für Musik und Theater München) ასპირანტურაში პროფესორ ფრანც მესინგერთან (ფ-ნო), კამერული ანსამბლის კლასში კი ჰელმუტ დოიჩთან (საკონცერტო დახელოვნება). 2005 წელს გახდა მოსკოვის სვიატოსლავ რიხტერის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. იგი ფინალისტებს შორის ერთადერთი მანდილოსანი იყო და მეხუთე პრემია დაიმსახურა. მოსკოვის პრესამ ანის „პუბლიკის საყვარელი პიანისტი“ უწოდა.

2005 წლიდან ანი ტაკიძე არის მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის დოცენტი. პედაგოგიურ საქმიანობას წარმატებით უთავსებს აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას. როგორც სოლისტი და ანსამბლისტი მონაწილეობდა ისეთ ფესტივალებში როგორებიცაა: ოლეგ კაგანის სახელობის ფესტივალი კრეუტში (გერმანია, 2010), გიდონ კრემერის კამერული მუსიკის ფესტივალი ლოკენჰაუზში (ავსტრია, 2011), „შემოდგომის თბილისი“ (2008), თანამედროვე მუსიკის ფესტივალი თბილისში (2008-2010).

პიანისტი თანამშრომლობს ცნობილ სიმფონიურ ორკესტრებთან: ნიურნბერგის, მიუნხენის, ტრიერის, მოსკოვის, დუბროვნიკის, თბილისის Sinfonietta; მუშაობს დირიჟორებთან: ჰიროიუკი ივაკი, მარკ მასტი, ერი კლასი, იური კოჩნევი, რობერტ კანეტი, ნორმან ვიჯაჯა, ვახტანგ კახიძე, რევაზ ტაკიძე, დავით კინწურაშვილი და სხვა. 2012 წელს პიანისტმა ჩაატარა მასტერკლასები DAAD-ის პროგრამით თბილისისა და ჯაკარტის (ინდონეზია) კონსერვატორიებში. გასტროლებით მოიარა: რუსეთი, იუგოსლავია, გერმანია, იტალია, ჰოლანდია.

ანი ტაკიძის რეპერტუარშია: ბიძინა კვერნაძე – „პოემა“; რევაზ ლაღიძე – „რონდო–ტოკატა“; საფორტეპიანო კონცერტები: მოცარტი №14, 20, 21, 24; ბეთჰოვენი №2,4,5; ბრამსი №1; შოპენი №1,2; შოსტაკოვიჩი №2; რაველი №2; შუმანის ინტროდუქცია და საკონცერტო allegro (პირველი შესრულება; თბ., 2015, 06, 06); ბეთჰოვენის 32–ე საფორტეპიანო სონატა; ბრამსის საფორტეპიანო პიესები; პროკოფიევის მე-9 სონატა; კამერული რეპერტუარი: სკარლატი, ი.ს. ბახი, მოცარტი, ბეთჰოვენი, შუმანი, შოპენი, რაველი და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 445
  • რევაზ და ანი ტაკიძეების ბენეფისი, გ. ტორაძე, მუსიკა, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ჟურნალი, თბ., 2012, №4, გვ. 47-48

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანი_ტაკიძე“-დან