ანდრომაქე
ანდრომაქე (ძვ. ბერძნ: Ἀνδρομάχη, Andromákhē) — ბერძნულ მითოლოგიაში ჰექტორის ცოლი, ასტიანაქტის (ასტინიაქსის) დედა. ჰომერისის პოემის ილიადას ცნობილი გმირი ქალი, კილიკიელთა ქალაქ თებეს მეფის ეეტიონის (ცეტიონის) ასული, პოდესის და. სახელი ძველი ბერძნული სიტყვებიდან ἀνδρ — „კაცი“ და μάχη — „ბრძოლა“ წარმოიშობა და „კაცთან მებრძოლს“ ნიშნავს (ასევე ცნობილია, როგორც ამაძონელი მეომარი — ანდრომაქე).[1]
ოჯახი
რედაქტირებაანდრომაქე კილიკიის ქალაქ თებეში დაიბადა, სადაც მოგვიანებით აქილევსი შეიჭრა და მამამისი ეეტიონი და შვიდი ძმა დაუხოცა.[2] ამის შემდეგ კი, დედამისი ავადმყოფობით მალევე გარდაიცვალა. მამის სამკვიდროდან ის ჰექტორმა წაიყვანა, რომელმაც უთვალავი საქორწინო საჩუქარი უძღვნა. პრიამოსის სამყოფში, ანდრომაქემ ახალი ოჯახი იპოვა. განსხვავებით პარისისა და ელენესაგან, ჰექტორისა და ანდრომაქეს სიყვარული ბერძნული ბედნიერების იდეალისა და წარმატებული ქორწინების განსახიერებაა, რის გამოც, მათ თავსდატეხილი ტრაგედია კიდევ უფრო აძლიერებს მათდამი მწუხარებას. ჰექტორის სიკვდილის, ტროის დაცემისა და შვილის სიკვდილის შემდეგ, ანდრომაქე სრულიად მარტოა.
ტროის დანგრევის შემდეგ, ანდრომაქე აქილევსის შვილს, პიროსს (ნეოპტოლემე) ერგო, რომელმაც ანდრომაქე ეპირში ან ფთიაში ჩაიყვანა. თეტიდას რჩევით, აქილევსის შვილი, მცირე ხნით ტენედოსზე დარჩა, მერე ფეხით გაემგზავრა და მოლოსელები დაამარცხა, იქ გამეფდა და ანდრომაქესაგან შვილი ეყოლა, სახელად მოლოსი.[3] პავსინიასის მიხედვით კი,[4] მას ანდრომაქესაგან 3 ვაჟი შეეძინა (მოლოსი, პიელოსი და პერგამოსი), სხვა ვერსიით, მას მეოთხე ვაჟი — ამფიალოსიც შეეძინა.[5] ნეოპტოლემეს სიკვდილის შემდეგ, ქალი ჰექტორის ძმამ, ეპირელმა წინასწარმეტყველმა, პრიამოსისა და ჰეკაბეს ძემ, ფრინველთმისანმა ჰელენოსმა შეირთო.[6] ეს ის ჰელენოსია, სამშობლოს ღალატის სანაცვლოდ ეპირის ნაწილი, რომ ეგრო. პავსინიასის მიხედვით, ჰელენოსს ანდრომაქესაგან ცესტრინუსი ეყოლა. ჰელენოსის სიკვდილის შემდეგ, ანდრომაქე მცირე აზიაში, მიზიაში დაბრუნდა, სადაც მისმა შვილმა, პერგამოსმა (პერგამო) თავისი სახელობის ქალაქი პერგამო დააარსა. ამ ქალაქში, ანდრომაქეს ტაძარი აუგეს.[7] მოხუცებული ანდრომაქე იქვე გარდაიცვალა.
ანდრომაქეს როლი ლიტერატურაში
რედაქტირებაჰომეროსი ანდრომაქეს ადიდებს, როგორც დიდი და კეთილშობილი გმირის უებრო ცოლსა და მოსიყვარულე მეგობარს. ილიადის გმირ ქალებს შორის, ანდრომაქე ისევე ელვარებს, როგორც დეზდემონა შექსპირის გმირ ქალებს შორის.
ბრძოლის ველზე მიმავალ ჰექტორთან ანდრომაქეს დამშვიდობება მსოფლიო პოეზიის შედევრია:
შენ მოგკლავს შენი სიმამაცე, მრისხანე კაცო,
არც მოტიკტიკე ბავშვი გახსოვს, არც ჩემთვის დარდობ,
რომ სადაც არის დამაქვრივებ, როს დანაელთა,
მოიერიშე ჯარი მოგკლავს, ჩემთვის ჯობია,
რომ მიწამ მიყოს პირი უმალ, ვიდრე შენ მოკვდე,
რადგან მორჩება სიხარული უშენოდ ჩემი...
ჩემნი და-ძმანი, სრა-სასახლის შვიდნი მფლობელნი,
ერთ დღეს ჩაგზავნე ბნელ ჰადესში მძლე აქილევსმა.
დადგება წმინდა ილიონის დაქცევის დღეცა,
დაემხობიან პრიამოსიც, მებრძოლი ხალხიც,
მაგრამ ტროელთა ბედი ისე კი არ მანაღვლებს,
აღარც ჰეკაბეს აღსასრული, არც პრიამოსი,
არც ღვიძლი ძმები, მამაცები, გვამთა გროვაში
მტვერში დაყრილნი უმოწყალო მტერთა ხელითა,
ვითარცა შენი საკუთარი ტკივილი, ოდეს
გვამს დანაელთა დაითრევს და გაგვიხდის მონად...[8]
ანდრომაქე უზომოდ დანაღვლიანებულია, მისი კილო სევდიანია და ქმარს ამუნათებს: „ჩვენზეც იფიქრე, თავს გაუფრთხილდი“. სრულიად სხვაგვარად ჟღერს მეორე კლასიკური სიტყვა ნესტანისა, რომელიც საქმროს პირიქით, ბრძოლისკენ მოუწოდებს:
...წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე...
ანდრომაქე ერთგული მეუღლის სიმბოლოა. ანტიკური ნაშრომებიდან, მის შესახებ ცნობებს გვაწვდიან: ჰომეროსი (ილიადა), აპოლოდორე (ბიბლიოთეკა, ეპიტომა), ევრიპიდე (ანდრომაქე, ტროელი ქალები), ვირგილიუსი (ენეიდა), ოვიდიუსი (სიყვარულის ხელოვნება — „Ars Amatoria“), სენეკა (ტროელი ქალები), საფო (ფრაგმენტი 44).
ანდრომაქეს დრამა მიუძღვნა ჟან რასინიმაც (1639-1699). წინათქმაში დრამატურგი წერს: „ჩემი პერსონაჟები იმდენად ცნობილი იყვნენ ძველ სამყაროში, რომ ჩემს დრამაშიც ზუსტად ისე ავსახე, როგორც ანტიკურ მსოფლიოს ჰქონდა წარმოდგენილი“. დრამატურგმა, პიროსის მგზნებარე სიყვარული აღწერა, თუმცა, განსხვავებით სენეკასაგან („ტროელი ქალები“) და ვერგილიუსისაგან („ენეიდა“), აქილევსისის შვილის სისასტიკე შეარბილა.[9].
ანდრომაქეს ვხვდებით ულიამ შექსპირის პიესაშიც — „Troilus and Cressida“. ანდრომაქე ჩანს ბოდლერის 1857 წლის კრებულის „Les Fleurs du Mal“ („ბოროტების ყვავილები“) პოემაშიც „Le Cygne“. 1932 წელს, ანდრომაქეს ოპერა მიუძღვნა ჰერბერტ უინდიტმა. 1971 წელს, ევრიპიდეს ნაწარმოებზე დაფუძნებულ ფილმში ტროელი ქალები ანდრომაქეს როლს ვანესა რედგრეივი ასრულებს, ხოლო 2004 წლის ფილმში – ტროა, მის როლს ასრულებს საფრონ ბუროუსი. ანდრომაქე, დევიდ გიმელის სერიისტროას, ერთ-ერთი პერსონაჟია.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Campbell, Mike. Andromache. Behind the Name. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 დეკემბერი, 2007. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2017.
- ↑ Minchin, Elizabeth. 2011. “Andromache.” In The Homer Encyclopedia, edited by M. Finkelberg, 53-4.Chichester: Wiley-Blackwell.
- ↑ (თქმულება ჰომეროსის შემდეგდროინდელია)
- ↑ Pausanias. Description of Greece, 1.11.1.
- ↑ გელოვანი, ა, მითოლოგიური ლექსიკონი, პალიტრა L, თბილისი, 2016, ISBN 978-9941-21-968-9, გვ.476
- ↑ იქვე, გვ.789
- ↑ იქვე, გვ.67
- ↑ იქვე. გვ.67
- ↑ იქვე, გვ.68