სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბენაშვილი.

ანდრია მიხეილის ძე ბენაშვილი (დ. 4 აპრილი [ძვ. სტ. 23 მარტი], 1868, თბილისი — გ. 28 ივნისი, 1941, სოხუმი) — ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე

ანდრია ბენაშვილი
დაბადების თარიღი 4 აპრილი, 1868(1868-04-04)
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაცვალების თარიღი 28 ივნისი, 1941(1941-06-28) (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი სოხუმი
საქმიანობა სამხედრო და მასწავლებელი
ჯილდოები წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი და წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანდრია ბენაშვილი დაიბადა სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. 10 წლის ანდრია მამამ თბილისის კადეტთა კორპუსში მიაბარა, სადაც იგი შვიდი წლის განმავლობაში სწავლობდა.

კადეტთა კორპუსის დამთავრების შემდეგ შევიდა მოსკოვის ალექსანდრეს სამხედრო სასწავლებელში, რომელსაც წარმატებით დაამთავრა 18 წლის ასაკში. წარჩინებულ კურსდამთარებულს უფლება ჰქონდა აერჩია მომავალი სამუშაო ვაკანსია და 1887 წელს დაიწყო სამსახური სამეგრელოს გრენადერთა მე-16 პოლკში პოდპორუჩიკის წოდებით. იგი სამხედრო სამსახურით არ იზღუდებოდა და ეწეოდა ლიტერატურული მოღვაწეობასაც. გამოაქვეყნა რამდენიმე მოთხრობა, ხოლო „ივერიაში” იბეჭდებოდა მისი პიესები „დაუსრულებელი ამბავი, ანუ თელაველი ოტელო”, „დროთა ბრუნვა” და სხვა. 1890 წელს გახდა პორუჩიკი.

1896 წელს ჩაირიცხა გენერალური შტაბის აკადემიის გეოდეზისტურ განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1899 წელს 1-ლი თანრიგით და დაიცვა დისერტაცია. 1899 წელს გახდა შტაბსკაპიტანი, 1901 წელს კაპიტანი. 1902 წელს მიიწვიეს სანქტ-პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გეოდეზიის კათედრის გამგედ და ა. ბენაშვილი იწყებს უმაღლეს სკოლაში პედაგოგიურ მოღვაწეობას, რაც თითქმის 40 წელი გაგრძელდა. 1904 წელს გახდა პოდპოლკოვნიკი. 1904-1916 წლებში იყო რუსეთის დასავლეთ სასაზღვრო სივრცეთა ტრიანგულაციის უფროსი. 1905 წელს პარალელურად ასრულებდა გეოდეზიისა და ასტრონომიის კათედრის გამგის მოვალეობებს სამხედრო-საინჟინრო აკადემიაში. 1908 წელს გახდა პოლკოვნიკი.

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ირიცხებოდა კიევის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში. ფრონტებზე გენერალური შტაბის ოფიცერთა დიდი ნაკლებობის გამო 1916 წლის ივლისიდან გაიწვიეს 404-ე პოლკის მეთაურად. 1917 წელს იყო 32-ე საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი. იმავე წელს გახდა გენერალ-მაიორი, შემდეგ კი გენერალ-ლეიტენანტი. ამავე დროს მუშაობდა სამხედრო-საინჟინრო აკადემიაში. მოქმედ არმიაში მიდის, სადაც დიდი წარმატებით მოღვაწეობს, იღებს შემდეგ წოდებებს: პოლკის მეთაური, დივიზიის შტაბის უფროსი; აღწევს გენერალ-ლეიტენანტის ჩინს. 1918 წლიდან იგზავნება კავკასიის ფრონტზე არმიის უფროსის თანამდებობაზე.

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 1918 წლის დეკემბერში სომხეთ-საქართველოს ომის დროს მეთაურობდა ქვეითთა მე-5 პოლკს. შემდგომში იყო გენერალური შტაბის ტოპოგრაფიული განყოფილების უფროსი.

ანდრია ბენაშვილის ჩამოსვლა ქართული უნივერსიტეტის გახსნის დამამთავრებელ ეტაპს ემთხვევა. ივანე ჯავახიშვილი კარგად იცნობდა ა. ბენაშვილის მოღვაწეობას. მისი ჩამოსვლა თბილისში ბედნიერი შემთხვევითობა არ ყოფილა. ქართულ უნივერსიტეტში მუშაობა ანდრია ბენაშვილისთვის ჭაბუკობისდროინდელი ოცნების ასრულება იყო. ითვლება ქართული უნივერსიტეტის ერთ-ერთ დამაარსებლად. პეტრე მელიქიშვილი და ანდრია ბენაშვილი პირველი პროფესორები იყვნენ ბუნებისმეტყველების დარგში. მათ შემდგომში ანდრია რაზმაძეც შეუერთდათ.

1919 წელს გახდა სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი. ა. ბენაშვილი თავმჯდომარეობდა პროფესორთა საბჭოს იმ სხდომას, სადაც ივ.ჯავახიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს. სხვადასხვა დროს იყო თბილისის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი, გეოდეზიის და ასტრონომიის კათედრების გამგე.

1921 წლის 30 სექტემბერს ა. ბენაშვილი ხსნის აგრონომიული ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს პირველი სხდომას. ამით არ ამოიწურება მისი როლი აგრონომიული ცოდნის ამ კერის მიმართ. პროფ. ა. ბენაშვილია გეოდეზიის სწავლების დამწყები საქართველოში. პროფ. ა. ბენაშვილი ყველა იმ წინასწარ მოსამზადებელი საორგანიზაციო ღონისძიების აქტიური მონაწილეა, რომელმაც შესაძლებელი გახადა 1922 წლის იანვრიდან თბილისის უნივერსიტეტში პოლიტექნიკური ფაკულტეტის გახსნა.

უმაღლესი ტექნიკური განათლების სარბიელზე იგი გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა და უდიდესი წვლილი შეიტანა ქართველ ინჟინერთა კადრების აღზრდაში.

გენერალ-ლეიტენანტი ა. ბენაშვილი თბილისის სამხედრო სასაწავლებელის უფროსია, რომელმიც მალე იხურება. ა. ბენაშვილის მეცადინეობით სასწავლებლის ძვირადღირებული ქონება უნივერსიტეტს გადაეცემა. ასევე მისი წყალობით ყოფილი კავკასის სამხედრო ოლქის შტაბის ბიბლიოთეკიდან წიგნების მშნიშვნელოვანი ფონდი გადაეცა თბილისის უნივერსიტეტს.

იგი იყო აგრეთვე ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოში გეოგრაფიის ინსტიტუტის შექმნისა.

პროფ. ა. ბენაშვილი გარდაიცვალა სოხუმში. დაკრძალულია ვაკის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 67-68.
  • გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 54-56, ISBN 978-9941-0-7386-1.

რესურსები ინტერენტში

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ცდომილებათა თეორია : დამხმ. სახელმძღვ. უმაღლ. ტექნ. სასწავლებლებისათვის (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1965. - 326გვ.
  • სფერული ასტრონომია (ავტორი). - თბილისი, ტეხნიკა და შრომა, 1938, - 428 გვ.
  • სფერული ტრიგონომეტრია (ავტორი). - ტფილისი, ტეხნიკა და შრომა, 1933. - 192გვ.
  • ტოპოგრაფია : (ავტორი) // ნაკვ. 2. - ტფილისი, ტეხნიკა და შრომა, 1932. - 88გვ.
  • ტოპოგრაფია (ავტორი) // ნაკვ. 1. - ტფილისი, ტეხნიკა და შრომა, 1932. - 368გვ.