ანა პერენა
ანა პერენა (ლათ. Anna Perenna; perenne — მთელი წელი, perennis — მთელი წლით: per — განმავლობაში; annus — წელი, უცვლელი, მარადიული)[1] — ძველ რომაელთა გაზაფხულის ქალღმერთი, წლის (დროის გარკვეული ნაწილის) ძვ. იტალიური ღვთაება, დღეგრძელობისა და სვებედნიერების მომნიჭებელი. დღესასწაულს 15 მარტს, სავსემთვარეობისას მართავდნენ (მარტის იდები), რის გამოც ის გაზაფხულს დაუკავშირეს, ხოლო დღესასწაულს უმეტესწილად ქალაქის პლებეები მართავდნენ. მწვანე ველზე თავმოყრილი ქალები და კაცები, მთელი დღე ცის ქვეშ თამაშობდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, სვამდნენ. ერთმანეთს იმდენ სიცოცხლეს უსურვებდნენ, რამდენ სასმისსაც დაცლიდნენ, ასე რომ, ზოგი ძალზე დღეგრძელი იყო. თმაჩამოშლილი ქალებიც ცეკვავდნენ. საღამოს კი, შინ ბარბაცით მიდიოდნენ.
ანა პერენა | |
---|---|
სხვა კულტურებში: | Anna |
სქესი: | მდედრობითი |
გამოსახულებები |
შემდეგ, ეს სახე შეურიეს დიანას (რომაელთა არტემიდე) და იმ მოკვდავ ანას, დიდოს დას, რომელიც დის დაღუპვის შემდეგ კართაგენიდან იტალიაში გაიქცა, ენეასს — ანქიზესა და აფროდიტეს მშვენიერ ვაჟს — შეეხიზნა, შეიყვარა, მაგრამ მისივე ცოლის, ლავინიას — ლატინუსისა და აგატას ასულის[2] ეჭვიანობას ემსხვერპლა, მდ. ნუმიციუსში გადავარდა და მდინარის ნიმფად — პერენად იქცა (ამავე მდინარეში დაინთქა ან მის ნაპირზე გაუჩინარდა შემდეგ ენეასი, ცად ამაღლდა და ღმერთადქცეული გამოეცხადა შვილს).[3]
წარმოშობა
რედაქტირებაოვიდიუსის ლეგენდის მიხედვით, ანა პერენა ვირგილიუსის ეპიკურ ნაწარმოებში, ენეიდა, კართაგენის დამაარსებლის დიდოს დასთან იგივდება.[4] მას შემდეგ, რაც დიდონა ენეასის სიყვარულით (სხვა ვერსიით, იმის გამო, რომ ბერბერთა მეფესთან საქორწინო კავშირის შეკვრა არ შეეძლო, ქალაქის გადასარჩენად თავის მოკვლა გადაწყვიტა) ჯერ გულში დაიფერფლა, შემდეგ კი თავისივე ნებით გაჩაღებულ კოცონზე მახვილით განგმირული დავარდა.[5] ენეასის იტალიაში გამგზავრების შემდეგ, უპატრონოდ დარჩენილ კართაგენში ნუმიდიელთა ურდო შეიჭრა. „მე მაინც შევედი დედოფლის სამყოფელში, საიდანაც მრავალჯერ გამომაგდო“ — ტრაბახობდა ნუმიდიელთა (ბერბერთა) მეფე იარბასი. დიდონას უმცროსი და ანა, ტიროსის ხალხთან ერთად გაიქცა. უკანასკნელად დაემშვიდობა დის ბრძანებით აგებულ კედლებს და დის საფლავს. სამგზის ჩაიკრა ურნა მკერდში, რომელშიც დიდონას ფერფლი ინახებოდა, გემში ჩაჯდა და გამარჯვებულ მტერს გაეცალა. ჯერ ნაყოფიერ კუნძულ მალტაზე გადავიდა. მეფე ბატუსმა დევნილი ქალი ხალისით მიიღო, მაგრამ, როდესაც კუნძულს ანას ბოროტი ძმა პიგმალიონი, განთქმული ფინიკიელი გმირი გემებით მიადგა, კუნძულის გამგებელმა ანა გააფთხილა: „ჩვენთვის იარაღი უცხოა, თავს უშველე“.
ქალი კვლავ ნავში ჩაჯდა, რადგან ძმა ზღვაზე უფრო უნდო იყო. ნანატრი ხმელეთიც გამოჩნდა, მაგრამ ქარიშხალმა გემი ღია ზღვაში გადააგდო და ლავინიუმის ნაპირზე გარიყა. აქ უკვე მეფობდა ლაციუმის (ლიციუმის) დამპყრობი ენეასი. ნაპირზე ფეხშიშველა მოსიარულე ენეასმა უცხო ქალი დაინახა, გაუკვირდა. ენეასმა ანას ფიცით უთხრა, რომ თავისი ნებით არ მიუტოვებია დიდონა, იუპიტერი მოითხოვდა მის იტალიაში დაბრუნებას,[6] არ ეგონა, თუ მის სიყვარულს დიდონა შეეწირებოდა, ვალშია დიდონას ხსოვნის წინაშე და მის დას ზრუნვას არ მოაკლებს. კიდეც შეავედრა ლავინიას, მაგრამ ქალი უზომოდ ეჭვიანობდა. ღამით ანას დიდონას აჩრდილი გამოეცხადა და უბრძანა: „დაუყოვნებლივ დატოვე ეს წყეული სახლი!“. შეძრწუნებული ანა უქამროდ გადახტა ფანჯარაში და გაიქცა. მდინარე ნუმიციუსმა გადააფარა მას ზვირთების კალთა. ამის შემდეგ ამაოდ ეძებდნენ დაკრგულ ქალს. მდინარე შეჩერდა და გაისმა ხმა: „მე კეთილი მდინარის ნიმფა ვარ, ჩემი სახელია ანა პერენა“.[7]
ოვიდიუსი კიდევ ერთ რამეზე ამახვილებს ყურადღებას; მჩაგვრელი პატრიციების წინააღმდეგ აჯანყებულმა პლებეებმა წმ. მთას შეაფარეს თავი, მაგრამ საზრდო შემოაკლდათ. კეთილი მოხუცი ანა ყოველდღე პურს აცხობდა და მშიერ ამბოხებულებს უნაწილებდა. მშვიდობის დამყარების შემდეგ, პლებეებმა ის ქალღმერთად შერაცხეს და მისი სახელობის დღესასწაულიც დაწესდა.
ფრანც ალთჰეიმერი, რომაული რელიგიის მკვლევარი, თვლის, რომ ანა პერენა ეტრუსკების დედაღვთაება იყო. რაც შეეხება მის ურთიერთობას ენეასთან, როგორც ჩანს ეს რომთან ასოციაციის გაძლიერებისთვის დააკავშირეს.
კულტი
რედაქტირებაანა პერენას თაყვანისცემის 2 ადგილია ცნობილი: ერთ-ერთი ბუშემიშია, სიცილიაში, სადაც 1899 წელს ანა პერენასა და აპოლონის სახელობის წარწერები აღმოაჩინეს, ხოლო მეორე კი რომშია, სადაც ანა პერენას რიტუალებისადმი მიძღვნილი შადრევანი 1999 წელს აღმოაჩინეს.[8]
ლიტერატურა
რედაქტირება- გელოვანი, ა. მითოლოგიური ლექსიკონი, პალიტრა L, თბილისი, 2016, ISBN 978-9941-21-968-9.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ანა პერენა“ ვიკისაწყობში.
- Obscure Goddess Online Dictionary
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გელოვანი, ა. გვ.65
- ↑ იქვე, გვ.373
- ↑ იქვე. გვ.65
- ↑ ოვიდიუსი, Fasti, წიგნი III, მარტი 15.
- ↑ იქვე, გვ.185
- ↑ იქვე, გვ.228
- ↑ იქვე, გვ.65
- ↑ Late Antique Lamps with Defixiones. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-14. ციტირების თარიღი: 22 მაისი, 2019.