ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანა ვინტური (ინგლ. Anna Wintour; დ. 3 ნოემბერი, 1949) — ბრიტანული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც 1988 წლიდან ჟურნალი ვოგის მთავარი რედაქტორია, ხოლო 2020 წლიდან კომპანიაში კონდე ნასტი ინფორმაციის მთავარი ოფიცრის პოზიციას იკავებს. იგი აგრეთვე ვოგის გლობალური სარედაქციო ხელმძღვანელი და კონდე ნასტის შემოქმედებითი ხელმძღვანელია. მკაცრი და მომთხოვნი ხასიათის გამო ცნობილია მეტსახელით „ატომური ვინტური“.

ანა ვინტური

ვინტური 2019 წელს
დაბადების თარიღი 3 ნოემბერი, 1949 (1949-11-03) (75 წლის)
ჰემპსტიდი, ლონდონი, ინგლისი
მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
აშშ-ის დროშა აშშ
აქტიური 1975-დღემდე

მოდის ჟურნალისტიკაში ვინტურის კარიერა ორ ბრიტანულ ჟურნალში დაიწყო. 1970-იან წლებში იგი აშშ-ში გადავიდა, სადაც ჟურნალებში — Harper’s Bazaar და New York — მოდის რედაქტორად მუშაობდა. მოგვიანებით ლონდონში დაბრუნდა და 1985-1987 წლებში ბრიტანული ვოგის რედაქტორი იყო.

ვინტურის ყოფილმა პირადმა თანაშემწემ, ლორენ ვაისბერგერმა, მასთან მუშაობის გამოცდილებაზე დაფუძნებით მხატვრული რომანი „ეშმაკს აცვია პრადა“ დაწერა, რომელიც ბესტსელერი გახდა. რომანში ვინტური მირანდა პრისტლის პერსონაჟის პროტოტიპია, რომლის როლსაც 2006 წლის ცნობილ ეკრანიზაციაში მერილ სტრიპი ასრულებს.

მოდიდან ჟურნალისტიკამდე

რედაქტირება

ვინტურმა აღნიშნა, რომ მის პროფესიულ არჩევანზე გავლენა მამამისმა მოახდინა, რომელიც ჟურნალ Evening Standard-ის რედაქტორი იყო. 15 წლის ვინტური მამის ხელშეწყობით ცნობილ ბუტიკში დასაქმდა.[1] მშობლების სურვილით, მან მოდის დიზაინის სწავლა დაიწყო, თუმცა მალევე შეწყვიტა, რის შესახებაც აღნიშნა, რომ მოდის სწავლას შეუძლებლად მიიჩნევს. მისი ცნობილი ფრაზაა: „მოდა ან გესმის, ან – არა.“[2] მალევე ვინტურმა შეყვარებულის, რიჩარდ ნევილის,ხელშეწყობით ჟურნალში Oz დაიწყო მუშაობა.[3]

მოდის ჟურნალისტიკაში ვინტურის კარიერა 1970 წელს დაიწყო, როცა იგი ჟურნალში Harper's Bazaar UK რედაქტორის ასისტენტად აიყვანეს.[4] კონკურენტთან მუდმივი უთანხმოების გამო ვინტურმა ჟურნალში მუშაობა შეწყვიტა[5] და შეყვარებულთან, შტატგარეშე ჟურნალისტ ჯონ ბრედშოუსთან, ერთად ნიუ-იორკში გადავიდა.[6]

ნიუ-იორკი

რედაქტირება

ნიუ-იორკში გადასული ვინტური 1975 წელს ჟურნალში Harper's Bazaar დამწყებ მოდის რედაქტორად აიყვანეს, საიდანაც ცხრა თვის შემდეგ გაათავისუფლეს.[7] რამდენიმე თვეში ვინტური ბრედშოუს ხელშეწყობით ჟურნალში Viva მოდის რედაქტორი გახდა. ეს მისთვის პირველი სამსახური იყო, სადაც პირადი თანაშემწის აყვანის საშუალება მიეცა. სწორედ აქედან შეიძინა მან მომთხოვნი და რთული ხასიათის უფროსის რეპუტაცია.[8]

1978 წელს ჟურნალი Viva არამომგებიანობის გამო დაიხურა. ვინტურმა დროებით მუშაობისგან შესვენება გადაწყვიტა. იგი დაშორდა ბრედშოუს და ფრანგ პროდიუსერთან, მიშელ ესტებანთან, დაიწყო ურთიერთობა და ორი წლის მანძილზე პერიოდულად ხან ნიუ-იორკში, ხანაც პარიზში ცხოვრობდა.[9] ვინტურმა მუშაობა 1980 წელს განაახლა. იგი ჟურნალში Savvy მოდის რედაქტორი გახდა, რომლის სამიზნე აუდიტორიას ფინანსურად დამოუკიდებელი კარიერაზე ორიენტირებული ქალბატონები წარმოადგენდნენ.[10]

მომდევნო წელს ვინტური ჟურნალის New York მოდის რედაქტორი გახდა, სადაც მისმა საქმიანობამ ყურადღება დაიმსახურა. მთავარი რედაქტორი ედვარდ კოსნერი მას ჟურნალის სხვა სექციებზე მუშაობის უფლებასაც აძლევდა. ვინტურმა ყოფილი კოლეგის დახმარებით ვოგის რედაქტორ გრეის მირაბელასთან დანიშნა ინტერვიუ, რომლის დროსაც რესპოდენტს უთხრა, რომ მის პოზიციაზე სურდა მუშაობა.[11][12]

კონდე ნასტი

რედაქტირება

ვინტურმა ვოგში 1983 წელს დაიწყო მუშაობა მას შემდეგ, კონდე ნასტის სარედაქციო ხელმძღვანელმა, ალექს ლიბერმენმა, მას ჟურნალში ვაკანტური პოზიციის შესახებ შეატყობინა. ვინტური დათანხმდა და ვოგის პირველი შემოქმედებითი ხელმძღვანელი გახდა, რა პოზიციაც კონკრეტულად განსაზღვრულ ვალდებულებებს არ ითვალისწინებდა. იგი ხშირად მირაბელასთვის შეტყობინების გარეშე ახორციელებდა ცვლილებებს, რაც ჟურნალში მომუშავეთა შორის განხეთქილების საფუძველი ხდებოდა. ამ პერიოდში ვინტურმა დევიდ შეფერთან, ბავშვთა ფსიქიატრთან, დაიწყო შეხვედრა, რომელსაც ლონდონიდან იცნობდა.[13] იგი შეფერზე 1984 წელს დაქორწინდა.[14]

1985 წელს ვინტური ბრიტანული ვოგის მთავარი რედაქტორი გახდა. ახალ პოზიციაზე მან რედაქციის არაერთი წევრი გაათავისუფლა და ჟურნალზე იმაზე მეტი კონტროლი დაამყარა, ვიდრე ოდესმე ნებისმიერ წინა რედაქტორს დაუმყარებია. სწორედ ამ პერიოდში მოიპოვა მან მეტსახელი „ატომური ვინტური“,[15] ხოლო რედაქციაში დარჩენილი თანამშრომლები ამ პერიოდს იხსენებენ ტერმინით „ვინტური ჩვენი მღელვარებისა“.[16] ვინტურის ცვლილებებმა ჟურნალი ტრადიციულიდან ამერიკული ხაზისკენ მიმართა. მისი სამიზნე აუდიტორია სწორედ ის მკითხველი იყო, რომლის მოპოვებასაც ჟურნალი Savvy ცდილობდა.

1987 წელს ვინტური აშშ-ში ჟურნალის House & Garden სამართავად დაბრუნდა, რომლის გაყიდვებსაც Architectural Digest-თან კონკურენცია აფერხებდა[17] და კონდე ნასტს იმედი ჰქონდა, რომ ვინტური ამ მდგომარეობის გამოსწორებას შეძლებდა. მან კვლავ, როგორც რედაქციის შემადგენლობაში, აგრეთვე ჟურნალის მიმართულების მხრივაც რადიკალური ცვლილებები განახორციელა. პირველივე კვირას ვინტურმა 2 მილიონი დოლარის ღირებულების ფოტოები და სტატიები გააუქმა.[18] მან ჟურნალში მოდა მნიშვნელოვნად წინ წამოწია და ხშირად აქვეყნებდა ცნობილი ადამიანების ფოტოებს.

 
ვინტური 2006 წელს გერმანიაში

ვინტურის მიერ გატარებულმა ცვლილებებმა House & Garden-ის პრობლემები კიდევ უფრო გააუარესა. ჟურნალმა არაერთი ხანგრძლივი გამომწერი დაკარგა მას შემდეგ, რაც მისი სახელწოდება შემოკლდა და HG გახდა, რადგან სახელის ცვლილება მკითხველს აფიქრებინებდა, რომ მან სხვა ჟურნალი მიიღო.[17] ჟურნალს რეკლამას სთავაზობდნენ სხვადასხვა მოდის სარეკლამო სააგენტოები, ხოლო დიდი ხნის პარტნიორი სააგენტოები მასთან თანამშრობლობაზე უარს ამბობდნენ.[19]

ათი თვის შემდეგ ვინტური ამერიკული ვოგის რედაქტორი გახდა. ჟურნალში იგი ძირითადად ცხოვრების სტილზე იყო ფოკუსირებული და არა მოდაზე,[20] რის გამოც ინდუსტრიაში დასაქმებულები ღელავდნენ, რომ ვოგს კონკურენციას Elle-ის ამერიკული გამოცემა გაუწევდა.[21][20] რედაქციის შემადგელობის ცვლილების შემდეგ, ვინტური ჟურნალის გარეკნის ფოტოების სტილის ცვლილებას შეუდგა. წინა რედაქტორი გრეის მირაბელასგან განსხვავებით, რომელიც ცნობილი მოდელების სტუდიური ფოტოების პორტრეტებს ანიჭებდა უპირატესობას, ვინტური ღია სივრცეში გადაღებულ ფოტოებს ირჩევდა, რომელშიც მოდელის ტანიც ჩანდა. იგი გარეკნისთვის ცნობილ მოდელებს იღებდა, რომელთაც ძვირადღირებულ მოდურ ტანსაცმელთან ერთად იაფფასიან სამოსსაც აცმევდა. მაგალითად, 1988 წლის ნოემბრის გამოცემის გარეკანზე 19 წლის მიქაელა ბერსუს 50-დოლარიანი ჯინსის შარვალი და 10 ათასი დოლარის ღირებულების ძვირფასი თვლებით მორთული მოსაცმელი აცვია. ეს ვოგის პირველი გარეკანი იყო, რომელზეც მოდელს ჯინსის სამოსი ეცვა.[20]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Oppenheimer, 42–44.
  2. Oppenheimer, 51.
  3. Oppenheimer, 58–62.
  4. Oppenheimer, 63.
  5. Oppenheimer, 96.
  6. Oppenhimer, 100.
  7. Oppenheimer, 109.
  8. Oppenheimer, p. 120.
  9. Oppenheimer, 152.
  10. Oppenheimer, p. 159.
  11. Gray, 4.
  12. Oppenheimer, p. 190.
  13. Oppenheimer, 193.
  14. Oppenheimer, p. 223.
  15. Oppenheimer, 243.
  16. Oppenheimer, 240.
  17. 17.0 17.1 Oppenheimer, 269.
  18. Zuckerman, Lawrence; 13 June 1988; The Dynamic Duo at Condé Nast დაარქივებული 2013-05-25 საიტზე Wayback Machine. , Time. აღდგენილია 8 თებერვალი 2007.
  19. Oppenheimer, 271.
  20. 20.0 20.1 20.2 Fortini, Amanda; 10 February 2005; Defending Vogue's evil genius; Slate. აღდგენილია 6 დეკემბერი 2006.
  21. Larson, Christina; April 2005; From Venus To Minerva დაარქივებული 2006 საიტზე Wayback Machine. ; Washington Monthly. აღდგენილია 11 დეკემბერი 2006.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანა_ვინტური“-დან