ანა ბრიტანელი (ინგლ. Anne of Great Britain), აგრეთვე ცნობილია როგორც ანა, სამეფო პრინცესა (ინგლ. Anne, Princess Royal) და ანა ჰანოვერელი (ნიდერლ. Anna van Hannover; დ. 2 ნოემბერი, 1709, ჰანოვერი, გერმანია — გ. 12 იანვარი, 1759, ჰააგა, ნიდერლანდები) — ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე ჯორჯ II-ისა და დედოფალ კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელის უფროსი ქალიშვილი. ორანის პრინცესა 1734-1751 წლებში როგორც ვილემ IV-ის მეუღლე. პრინც ვილემ V-ის დედა და მისი რეგენტი 1751-1759 წლებში. ნიდერლანდების მეფე ვილემ I-ის ბებია.

ანა ბრიტანელი
ორანის პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 25 მარტი, 1734
მმართ. დასასრული: 22 ოქტომბერი, 1751
წინამორბედი: მარია ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი
მემკვიდრე: ვილჰელმინა პრუსიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2 ნოემბერი, 1709
დაბ. ადგილი: ჰანოვერი, გერმანია
გარდ. თარიღი: 12 იანვარი, 1759, (49 წლის)
გარდ. ადგილი: ჰააგა, ნიდერლანდები
მეუღლე: ვილემ IV, ორანის პრინცი
შვილები: კაროლინა, ბადენ-დურლახის პრინცესა
ანა
ვილემ V, ორანის პრინცი
დინასტია: ჰანოვერები
მამა: ჯორჯ II, დიდი ბრიტანეთის მეფე
დედა: კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი
რელიგია: ანგლიკანიზმი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება
 
პრინცესა ანა 1730 წელს

ანა დაიბადა 1709 წლის 2 ნოემბერს ჰერენჰაუზენის სასახლეში, ჰანოვერში. იგი იყო ჰანოვერის მეფე ჯორჯ I-ის უფროსი ვაჟის, პრინცი ჯორჯისა და მისი ცოლის, პრინცესა კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელის მეორე შვილი და პირველი ქალიშვილი. როდესაც იგი ხუთი წლის იყო, 1714 წელს ბაბუამისს, ჯორჯ I-ს მისმა ბიძაშვილმა, დედოფალმა ანამ, რომელიც უშვილოდ გარდაიცვალა, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ტახტი დაუტოვა, რის შემდეგაც ჰანოვერების ოჯახი ლონდონში გადასახლდა, ანა კი დიდი ბრიტანეთის პრინცესაც გახდა.

როგორც უფროს პრინცესას, ანას მშობლები კარგ განათლებას აძლევდნენ. იგი თავისუფლად საუბრობდა გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. გარდა ამისა, მას განსაკუთრებული მიდრეკილება ჰქონდა მუსიკისკენაც.

1720 წელს იგი ყვავილის ეპიდემიით დაავადდა, რომელსაც სასწაულებრივად გადაურჩა. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევის შემდეგ ანა მედიცინის შესწავლით დაინტერესდა და ეს სფერო თავისი ეპოქისათვის საკმაოდ მაღალ დონეზე აითვისა. მისი გავლენით დედამისმა მედიცინა ასწავლა მის უმცროს დებს: ამალიასა და კაროლინასაც. მიუხედავად ამისა, დაავადების შემდეგ ანას სახე შეეცვალა და არ განიხილებოდა ისეთ ლამაზ პრინცესად, როგორებიც მისი უმცროსი დები იყვნენ.

1727 წლის 30 აგვისტოს ბაბუამისი გარდაიცვალა, რის შემდეგაც მეფე მამამისი, ჯორჯ II ხდება, რის გამოც ანას სამეფო პრინცესის წოდება მიენიჭა. ეს წოდება 1642 წელს დააარსა მეფე ჩარლზ I-მა თავისი ქალიშვილის, პრინცესა მერისათვის, რომელიც შემდგომში ასევე ორანის პრინცზე დაქორწინდა.

ორანის პრინცესა

რედაქტირება
 
პრინცესა ანა 1728 წელს

1725 წლიდან დაიწყო საქორწინო მოლაპარაკებები ანასა და საფრანგეთის მეფე ლუი XV-ს შორის, რომელსაც ახალი ჩაშლილი ჰქონდა ნიშნობა ესპანეთის ინფანტა მარიანა ვიქტორიასთან. ფრანგების აზრით, ანაზე ქორწინებით ლუი შეძლებდა პრუსიასა და ნიდერლანდებთან არსებული ნეიტრალიტეტის შენარჩუნებასა და ესპანეთის ამბიციების ჩახშობას. მოლაპარაკებები მხოლოდ რელიგიამ ჩაშალა, ვინაიდან ლუი კათოლიკე იყო, ანა კი კატეგორიულ უარს აცხადებდა კათოლიკობის მიღებაზე. პარალელურად, ლუი XV-ს იმისაც შეეშინდა, რომ პროტესტანტი დიდებული ფრანგ ჰუგენოტებს წააქეზებდა, რომელთა პროტესტიც ძლივს ჩაახშეს ფრანგმა მეფეებმა, ამიტომაც ფრანგები კატეგორიულად მოითხოვდნენ ქორწინების შემთხვევაში ანას კათოლიციზმზე მონათვლას.

1734 წლის 25 მარტს, სენტ-ჯეიმზის სასახლის სამლოცველოში ანა ცოლად შერთეს ორანის პრინც ვილემ IV-ს, რომელიც ასევე პროტესტანტი იყო. ქორწინების შემდეგ ანამ ორანის პრინცესის წოდება მიიღო, თუმცა მისი პირადი სურვილის გამო ბრიტანეთის სამეფო პრინცესის ტიტულიც შეინარჩუნა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა.

ვილემ IV-ს ზურგის დეფორმაცია ჰქონდა, რაც მის გარეგნობაზეც აისახებოდა, მაგრამ ანამ განაცხადა, რომ იგი მასზე მაინც დაქორწინდებოდა „ბაბუინიც რომ ყოფილიყო“. ამ ქორწინების ასეთი დაჟინებული მოთხოვნა იმაში მდგომარეობდა, რომ ანას არ სურდა მამისა და ძმის სამეფო კარზე მთელი ცხოვრება მათ ხარჯზე ეცხოვრა. ამ არჩევნის გამო იგი თავის ძმას, უელსის პრინცს სერიოზულად ეჩხუბა, რომელსაც არ სურდა თავისი დის ასე გათხოვება, თუმცა ანასათვის ვილემი ერთადერთი პროტესტანტი მონარქი იყო, რომელზე ქორწინებაც შეეძლო, ამიტომაც შანსი გამოიყენა.

ვილემმა და ანამ თაფლობის თვე ჰოლანდიაში, კიუში გაატარეს, რის შემდეგაც ნიდერლანდების სამეფო კარზე დასახლდნენ. ჰააგაში ჩასვლიდან მალევე ანამ იგრძნო რომ ორსულად იყო, ამიტომაც დაუყოვნებლივ დაბრუნდა ბრიტანეთში. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ანას შვილი ავტომატურად იქნებოდა ბრიტანეთის ტახტის ერთ-ერთი მემკვიდრე და მისი აზრით ამ მემკვიდრეობის განსამტკიცებლად საჭირო იყო ბავშვის ბრიტანეთის მიწაზე გაჩენა. მისმა ასეთმა გადაწყვეტილებამ კონფლიქტი გამოიწვია მამასა და ქმართან, რომელთაც იგი ლონდონში ხანმოკლე ვიზიტის შემდეგ დაუყოვნებლივ დააბრუნეს ნიდერლანდებში. 1735 წლის აპრილში საბოლოოდ გახდა ცნობილი, რომ ანა ორსულად არ იყო. 1736 წელს იგი ნამდვილად დაორსულდა, მაგრამ მკვდარი გოგონა გააჩინა.

 
ანა 1734 წელს

ანა ვერ იტანდა ნიდერლანდელებს და ცუდი ურთიერთობა ჰქონდა დედამთილთან, მარია ლუიზა ფონ ჰესენ-კასელთანაც. ბრიტანული წარმომავლობისა და რწმენის გამო, ნიდერლანდელები მას ამპარტავნად თვლიდნენ. იგი მხოლოდ ლიტერატურითა და მუსიკით ინტერესდებოდა. როგორც ცნობილია იგი თავის სეფექალებს გამუდმებით ხმამაღლა აკითხებდა წიგნებს და მხოლოდ მაშინ უნაცვლებდა ქალბატონებს ერთმანეთს, როდესაც უკვე ხმა ჩაეხლიჩებოდათ. მიუხედავად დისტანციური ურთიერთობისა, ანასა და ვილემს მეტად ინტიმური და ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდათ, რაც მათი მიმოწერებიდან ირკვევა. 1747 წელს ვილემი ნიდერლანდების გაერთიანებული პროვინციების შტატჰალტერი გახდა. მან უამრავი ახალი რეფორმა გაატარა, რამაც წყვილს პოპულარობა მოუტანა. ახალ სამეფო კარზე ანამ უამრავი გამოჩენილი მუსიკოსი მიიწვია, რითაც ჰააგა ევროპის ერთ-ერთ უდიდეს კულტურულ ცენტრად აქცია.

რეგენტობა და გარდაცვალება

რედაქტირება

1751 წლის 22 ოქტომბერს ვილემი გარდაიცვალა და ტახტი მათმა მცირეწლოვანმა ვაჟმა, ვილემ V-მ დაიკავა, რომლის რეგენტიც ანა გახდა. გარდა ოფიციალური რეგენტობისა, ანამ მოიპოვა ნიდერლანდების შტატჰალტერობა და მისი ყველა პრეროგატივა, გარდა სამხედრო მოვალეობისა, რომელიც ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგ ლუდვიგ ერნესტს ჰქონდა მინდობილი. იგი შრომისმოყვარე, მაგრამ ამპარტავანი და ამბიციური იყო, რაც არაპოპულარულ მმართველად აქცევდა. 1750-იანი წლები დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებს შორის დაძაბულობისა და კომერციული მეტოქეობის პერიოდია, რამაც ანა მეტად რთულ მდგომარეობაში ჩააყენა.

ანას საშინაო პოლიტიკა მიმართული იყო ნიდერლანდებში ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისა და მასზე ორანელთა საგვარეულოს უფლების დამტკიცებისაკენ. შესაძლოა ითქვას, რომ ანამ მოახერხა და ნიდერლანდებში ცენტრალური ხელისუფლება ჩამოაყალიბა. მან ხელი შეუშალა ქალაქ ჰარლემის არჩევნებს, რაც ფაქტობრივად მის გამოყოფას ნიშნავდა. მისი მკაცრი მმართველობით მოსახლეობა უკმაყოფილო იყო, თუმცა ამ ხერხმა შედეგი გამოიღო, რამაც შემდგომში ხელი შეუწყო ნიდერლანდების ერთიან სამეფოდ ჩამოყალიბებას.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ანა მხარს უჭერდა დიდ ბრიტანეთთან ალიანსის შექმნასა და განმტკიცებას საფრანგეთის წინააღმდეგ, ეს მოსაზრება კი ნიდერლანდებში არაპოპულარული იყო.

ანამ რეგენტობის შენარჩუნება სიცოცხლის ბოლომდე მოახერხა. იგი 1759 წლის 12 იანვარს გარდაიცვალა ჰააგაში, 49 წლის ასაკში. ამის შემდეგ რეგენტი მისი დედამთილი გახდა, რომელიც პოსტზე ასევე გარდაცვალებამდე, ანუ 1765 წლამდე იყო. ამის შემდეგ რეგენტი ანას უფროსი ქალიშვილი, კაროლინა გახდა, რის შემდეგაც, 1766 წელს ვილემ V სრულწლოვანი გახდა და დამოუკიდებლად დაიწყო ქვეყნის მართვა.

ნამუშევრები

რედაქტირება

პრინცესა ანა დიდად იყო დაინტერესებული ფერწერით, რის გამოც მან მასწავლებლად ჰერმან ვან დერნ მიინი დაიქირავა, რომელმაც მას ხატვა კარგად ასწავლა. მართალია ანა ხშირად ხატავდა, თუმცა ჩვენამდე მისი მხოლოდ ორი ნახატია მოღწეული, რომელთაგან ერთი 1740 წელს შექმნილი ავტოპორტრეტია.

  1. კაროლინა (1743-1787), ცოლად გაჰყვა ბადენ-დურლახის პრინც კარლ კრისტიანს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  2. ანა (1746), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  3. ვილემ V (1748-1806), ორანის პრინცი 1751-1806 წლებში. ცოლად შეირთო ვილჰელმინა პრუსიელი, რომელთანაც შეეძინა ნიდერლანდების პირველი მეფე ვილემ I;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Van der Kiste, John (1997) George II and Queen Caroline. Stroud, Gloucestershire: Sutton Publishing. ISBN 0-7509-1321-5
  • Lang, Paul Henry (2011). George Frideric Handel (reprint ed.). Dover Books on Music. pp. 249–50. ISBN 978-0-486-29227-4.
  • djr (20 March 2017). "Digitaal Vrouwenlexicon van Nederland". Retrieved January 13, 2014.
  • Clayton, Ellen Creathorne. English female artists, volume 2 (London, Tinsley brothers, 1876) p. 81 ff.
  • "Heritage - Areas of Interest". Town of Princess Anne. Retrieved 1 November 2018.
  • Montgomery-Massingberd, Hugh (ed.) (1977). Burke's Royal Families of the World, 1st edition. London: Burke's Peerage. p. 240. ISBN 0-85011-023-8.