ანატორი (ნასოფლარი)
ანატორი — არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს შატილიდან ჩრდილო აღმოსავლეთით, 2,3 კმ-ზე, მდინარეების არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან, კლდოვან მთაზე.
1974-1976 წლებში ნასოფლარზე არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი).
ნასოფლარის აღმოსავლეთ ნაწილში გამოვლინდა ტერასულად განლაგებული, ფიქლის ქვის მშრალი წყობით და ფიქლითა და ტალახით ნაგები XI-XV საუკუნეების ბანურსახურავიანი ნაგებობები. ადგილ ოჩიდალზე გაითხარა ოთხკუთხა ნაგებობა, რომელშიც დიდი რაოდენობით აღმოჩნდა გარეულ ცხოველთა (ირმების, არჩვების) რქები. გარდა ამისა აღმოჩნდა ლითონის სამკაულებიც.
ანატორის აკლდამები
რედაქტირებანასოფლარის აღმოსავლეთით ადგილ მეიდანზე, მდებარეობს XI-XV საუკუნეების სამაროვანი. სამაროვანზე გაითხარა ნატეხი ქვით ნაგები და ქვიშაქვის ფილებით გადახურული მიწისქვეშა, ამოშენებულკედლებიანი საგვარეულო სამარხი, რომელშიც მხოლოდ მიცვალებულთა ძვლები აღმოჩნდა. იქვე ახლოს განვითარებულ შუა საუკუნეების რამდენიმე მიწისზედა და ნახევრად მიწისზედა აკლდამაა. გაითხარა ნახევრად მიწისზედა ორი კამაროვანი აკლდამა. აკლდამების შიგნით, კლდეების გასწვრივ მიცვალებულთა დასასვენებლად ორ ან სამ იარუსად ფიქლის თაროებია მოწყობილი. აკლდამის ისრული ფორმის კამარა იატაკის დონიდან იწყება და წვერწაკვეთილია. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ფიქალით. აკლდამებში დაკრძალული იყო რამდენიმე ათეული ადამიანი. ადრე დაკრძალულთა ძვლები იატაკზე და ქვედა ქვედა იარუსის თაროების ქვეშ იყო დაგროვილი. აღმოჩნდა ხის ჭურჭელი, სამკაულები, ისრისპირები, მონეტები და სხვა.
მარიამწმინდის ეკლესია
რედაქტირებააკლდამების სამხრეთ დასავლეთით, მთის ციცაბო კალთაზე, დგას IX-X საუკუნეების მარიამწმინდის ეკლესია. ამ ადგილს ტაბუ ადევს და გამოცხადებულია მკვრივად (შეუვალ ადგილად). ეკლესია დარბაზულია (8,4x4,5 მ). დასავლეთიდან გვიანდელი მინაშენი (7,2x5 მ) ეკვრის. ორივე ნაგებობა აგებულია ფიქლით. ეკლესიის გარეთა კუთხეების წყობაში გამოყენებულია შირიმის ქვის კვადრები. ძლიერ დაზიანებულია; ეკლესიის გადახურვა და კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილია. მინაშენის კედლები 0,5-0,6 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი. ეკლესიას შესასვლელი ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან (ამოშენებულია) აქვს. აღმოსავლეთით ფართო მხრებით გამოყოფილია ოდნავ ნალისებრი აფსიდია, რომლის ღერძზე სარკმლის კვალი შეიმჩნევა. დანარჩენი სარკმლების კვალი არ ჩანს. საფეხურით შემაღლებული საკურთხევლის იატაკი ფიქლითაა მოგებული. დარბაზის სამივე კედელს, მთელ სიგრძეზე, საფეხური გასდევს. საკურთხევლის წინ დგას კუბური ფორმის პოსტამენტი. რომეზედაც ჯვრის ბაზა იყო დადგმული. პოსტამენტში ქვეყნის მხარეების მიმართულებით თითო გამჭოლი ხვრელია მოწყობილი. დასავლეთ წახნაგს ხვრელის ფუძის დონეზე საფეხური გასდევს. სამხრეთ კედელთან აღმოჩნდა შირიმის ერთ ქვაში გამოკვეთილი ოთხწახნაგა სანათლავი. ზემოდან სანათლავის სამ გვერდს რელიეფური სარტყელი გასდევს, რომლის გასწვრივ წრიული ღრმულებია ამოკვეთილი. სანათლავის ოთხივე წიბოს მთელ სიმაღლეზე თითო ნახევარსვეტი ასდევს, ხოლო ერთ-ერთ წახნაგზე ამოკვეთილია მცირედ შეღრმავებული დეკორატიული თაღი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ეკლესიაში არმოჩნდა VIII-XIV საუკუნეების პერიოდის მასალა (მოუჭიქავი და მოჭიქული თიხის ჭურჭლის ნატეხები, სამაჯურები, სათითეები, მონეტები და სხვა), რომელიც ინახება აკც-ის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- რ. რამიშვილი, კ. წერეთელი, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 335.