ანანურის მეორე საცხოვრებელი სახლი
ანანურის მეორე საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანანურის ქვედა უბანში. ეკუთვნის როსტიაშვილებს. აგებულია XIX საუკუნის ბოლოს.
ორსართულიანია. ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. სახლის ორივე სართულის გეგმარება ერთმანეთის მსგავსია. პირველ სართულზე სამეურნეო დანიშნულების ხუთი ოთახი და მცირე ზომის ტალანია. ტალანში შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. იგი სახლის შუა ნაწილში მდებარე ორ ოთახს უკავშირდება, მათგან ერთი დასავლეთ ნაწილში მდებარე ოთახთანაა დაკავშირებული. აღმოსავლეთ ნაწილში ტიხრით გამიჯნული ორი ოთახია, რომლებსაც დამოუკიდებელი შესასვლელები აღმოსავლეთიდან აქვთ. მოგვიანებით შენობის ჩრდილოეთის ფასადის აღმოსავლეთ ნაწილზე პატარა სადგომი მიუშენებიათ ერთადერთი შესასვლელით აღმოსავლეთიდან.
მეორე სართულზე სამი საცხოვრებელი ოთახი, დამხმარე სადგომი და მცირე ზომის ტალანია. ოთახებიდან თითო-თითო აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებშია. ტალანი, დამხმარე სადგომი და მესამე ოთახი მათ შორისაა მოქცეული. სართულს ჩრდილოეთის მხრიდან, მთელ სიგრძეზე, ხის გადახურული აივანი გასდევს. აივანზე ასასვლელი ხის ორმარშიანი კიბე, რომლის ერთი მარში აივნის ფარგლებშია მოქცეული, დასავლეთიდანაა. აივანი ტალანს და დასავლეთ ოთახს უკავშირდება, ტალანი - აღმოსავლეთ ოთახს, შუა ოთახს და დამხმარე სადგომს. შუა ოთახიდან განაპირა ოთახებში გასასვლელი თითო კარია. აღმოსავლეთ ოთახს აღმოსავლეთიდან ხის დაკიდებული აივანი ეკვრის. აივანზე გასასვლელი კარი ოთახის აღმოსავლეთ კედლის შუაშია. კარის ორივე მხარეს თითო ფანჯარაა. მესამე ფანჯარა ჩრდილოეთიდანაა. იგი აივანზე გადის. აივანზე გამოდის დამხმარე სადგომის ორი ფანჯარაც. შუა ოთახი სამხრეთ კედელში მოწყობილი სამი ფანჯარით ნათდება. დასავლეთი ოთახის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო განიერი და მაღალი თახჩაა. დასავლეთ კედელში, ერთმანეთთან ახლოს, ორი ფანჯარაა გაჭრილი. ამავე კედელშია მოქცეული სხვენზე ასასვლელი კიბე, რომლის შესასვლელი აივნიდანაა.
სხვენი ერთიანია. სავენტილაციოდ მას ორი სწორკუთხა ღიობი აქვს, რომლებიც აღმოსავლეთის და დასავლეთის ფასადების ფრონტონებშია მოწყობილი. შენობის მეორე სართულის აღმოსავლეთის და ჩრილოეთის ფასადებზე კარ-ფანჯარას ნახევარწრიული ფორმის პროფილირებული თაღები ევლება, რომელთა ბოლოებს ანალოგიური პროფილის თარო აკავშირებს. ორივე აივანს ხისრიკულებიანი მოაჯირი აქვს. შენობის ორფერდა სახურავი გამართულია ხის ნივნივებზე და დაბურულია კრამიტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., მარსაგიშვილი გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 213.