ამსტერდამ-რაინის არხი
ამსტერდამ-რაინის არხი (ნიდერლ. Amsterdam-Rijnkanaal) — არხი ნიდერლანდებში, რომელიც ქალაქ ამსტერდამს აკავშირებს მთავარი სანაოსნო გზით მდინარე რაინთან. წარმოადგენს მნიშვნელოვან სანაოსნო არტერიას ამსტერდამის პორტსა და გერმანიის რურის რეგიონს შორის. არხი აგრეთვე გამოიყენება წყალმომარაგებისათვის. ამსტერდამის პორტიდან ბრეკელენამდე მიემართება სამხრეთისაკენ, შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებას იღებს და გაივლის ქალაქ უტრეხტს, რის შემდეგაც, უერთდება მერვედეს არხს; კვეთს მდინარეებს ლეკსა და ლინგეს და უახლოვდება მდინარე ვაალს. არხის სიგანეა 100-120 მ, სიღრმე 6 მ.