კონსტანტინე ამირაჯიბი

(გადამისამართდა გვერდიდან ამირაჯიბი, კონსტანტინე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამირაჯიბი.

კონსტანტინე მიხეილის ძე ამირაჯიბი (დ. 30 დეკემბერი [ძვ. სტ. 18 დეკემბერი], 1869,თბილისი — გ. 14 ივლისი, 1948, იქვე) — ქართველი მეცნიერი სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგში, პროფესორი (1927), მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1934).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა მიხეილ ამირაჯიბისა და სოფიო ამირაჯიბის (დაქორწინებამდე ართუთაშვილ-მხარგრძელი) ოჯახში. 1893 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტი და იქვე დატოვეს ქიმია-ტექნოლოგიის კათედრის ასისტენტად პროფესორ კ. პეტრიაშვილთან. 1894 წელს მიავლინეს საზღვარგარეთ (საფრანგეთსა და გერმანიაში), 1897 დაბრუნდა საქართველოში. 1907 წელს დააარსა სასოფლო-სამეურნეო სკოლა,1919 წელს ამირაჯიბი მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოცენტის თანამდებობაზე და სასოფლო-სამეურნეო მანქანათმცოდნეობის კათედრის გამგედ. 1927 წელს ამირაჯიბის ინიციატივით ჩამოყალიბდა სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების საცდელი სადგური, რომელსაც შემდგომში მისი სახელი მიენიჭა. 1931 წელს ამ სადგურის ბაზაზე შეიქმნა სოფლის მეურნეობის მექანიზაციის კვლევითი ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც 1934 წლამდე ამირაჯიბი იყო (შემდგომში ამ ინსტიტუტს ამირაჯიბის სახელი მიენიჭა). პროფესორ ა. დიდებულიძესთან ერთად შექმნა და გამოცადა ელექტროტრაქტორი. 1920 წელს გამოიცა ამირაჯიბის სასოფლო-სამეურნეო მექანიკის ლექციების კურსი. ამირაჯიბი დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და შრომის წითელი დროშის ორდენით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. პანთეონში მასთან ასევე დაკრძალულები არიან:

  • ქეთევან ჯაბრაილის ასული აბაშიძე (დ. 1877, სოფელი ცხრამუხა, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი — გ. 1969, თბილისი) — პროფესორ კონსტანტინე ამირაჯიბის მეუღლე.
  • ბარბარე კონსტანტინეს ასული ამირაჯიბი (1896-1965) — პროფესორ კონსტანტინე ამირაჯიბის უფროსი ქალიშვილი. თეატრალური მოღვაწე. მუშაობდა ავლევის სცენისმოყვარეთა თეატრში რეჟისორად.
  • ბარბარე მიხეილის ასული ამირაჯიბი (1872-1939) — პროფესორ კონსტანტინე ამირაჯიბის და. პედაგოგი, ეწეოდა საკომპოზიციო მოღვაწეობას. პროფესორ კონსტანტინე ამირაჯიბის უმცროსი და ანასტასია მიხეილის ასული ამირაჯიბი იყო გამოჩენილი მხატვრის ვალენტინ სეროვის მოწაფე, რომელიც ხშირად სტუმრობდა ოჯახს. დიდ ფერმწერს დაუხატავს ტილო „ვარვარა როიალთან“, რომელსაც ერთ-ერთ პრესტიჟულ გამოფენაზე მედალიც დაუმსახურებია.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დვალი რ., გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, «მეცნიერება და ტექნიკა», 1969, № 12
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 397.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 43, თბ., 1994