ამილახვრების სახლი

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

ამილახვრების სახლი — არქიტექტურული ძეგლი ქალაქ გორში, სამეფო ქუჩა № 47-ში. აგებულია XIX საუკუნის მიწურულში.

სახეშეცვლილია: აივანი შემინულია, დაქუცმაცებულია ტიხრებით, აღარ არსებობს სადარბაზოს შესასვლელზე მიდგმული ლითონის პორტიკი, აგრეთვე ფასადის მარცხენა მხარეს ადრე არსებული ფართო შეისრული თაღი, რომელშიც ლითონის ორნამენტირებული ალაყაფის კარი ეკიდა. ამილახვრების სახლი ერთსართულიანია, დგას ცოკოლზე. გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედია (36 × 8 მეტრი), ნაშენია აგურით. შესასვლელი ორი აქვს — ქუჩიდან (სადარბაზო) და ეზოდან (ხისსვეტიანი აივნიდან). გეგმა კორიდორული სისტემისაა. ერთმანეთისაგან იზოლირებული საცხოვრებელი ოთახების გრძელი დერეფნიის ბოლოში დამხმარე სათავსებია. ეზოს მხარეს, შუაში — წაგრძელებული სადარბაზო ოთახია (დაახლოებით 90 კვ მეტრი), რომელიც აივნზე გადის. აივნის ორივე მხარეს, ერთმანეთის სიმეტრიულად თითო მეოთხედწრიული კიბეა.

ინტერიერში საყურადღებოა შორენკეცებითა და თაბაშირის ორნამენტული დეტალებით მორთული ბუხარი (სადარბაზოში) და 3 ღუმელი. სარდაფში ჩასასვლელი ეზოდანაა. სარდაფის კიბის ორფერდა სახურავი ლითონის სხმულ, ორნამენტიან სვეტებს ეყრდნობაშენობის მთავარი ფასადი არქიტექტურული დეკორით (რთული პროფილები, ლავგარდანი, მაღალი პარაპეტი, შვერილი პილასტრები და ასე შემდეგ) მდიდრულადაა მორთული. პილასტრები ფასადს არათანაბარ მონაკვეთებად ყოფს. შენობის ცენტრი მკვეთრად არის გამოყოფილი. მისი არე განიერია. პარაპეტზე დადგმულია ქონგურისებრი დეტალი, რომელშიც ადრე ჩასმული იყო საგვარეულო გერბის რელიეფური გამოსახულება. შენობის კედელი რუსტირებულია. ნალესობაში გამოყვანილი ღარებით. პილასტრები დანაწევრებულია ცოკოლის, სარკმლების, ლავგარდნისა და პარაპეტის დონეზე. სარკმლებს მსგავსი მოჩარჩოება აქვს. მთელ ფასადს გასდევს ძლიერი შვერილი ლავგარდანი.

ლიტერატურა

რედაქტირება