ამბროსი რუხაძე
ამბროსი რუხაძე (დ. 5 მაისი, 1905, სამტრედია — გ. 17 ოქტომბერი, 1998) — ქართველი მათემატიკოსი, მექანიკოსი, მეცნიერი და პედაგოგი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1948).
ამბროსი რუხაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 5 მაისი, 1905 |
დაბ. ადგილი | სამტრედია |
გარდ. თარიღი | 17 ოქტომბერი, 1998 (93 წლის) |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველო |
საქმიანობა | მათემატიკოსი, მექანიკოსი და პედაგოგი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
შვილ(ებ)ი | Anri Rukhadze |
ბიოგრაფია
რედაქტირება1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის მათემატიკის დარგი.
1928-1929 წლებში მუშაობდა საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში მათემატიკისა და თეორიული მექანიკის კათედრაზე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეორიული მექანიკის კათედრაზე ასისტენტად. 1930 წელს იყო საქართველოს სამშენებლო და საქართველოს პედაგოგიური ინსტიტუტების დოცენტი. 1930-1933 წლებში — საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი მათემატიკის ლენინგრადის განყოფილების ასპირანტი. 1932-1933 წლებში ლენინგრადის სამხედრო მექანიკურ ინსტიტუტში ასწავლიდა თეორიულ მექანიკას. 1933-1948 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრის დოცენტი. 1944-1958 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, ამასთანავე იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის პროფესორი და კათედრის გამგე, 1958-1998 წლებში — ამავე კათედრის პროფესორი. მისი მეცნიერული კვლევის ძირითადი საკითხებია იზოტროპული და ანიზოტროპული დრეკადი მასალისაგან შედგენილი ძელების გრეხისა და ღუნვის ამოცანები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მის მიერ შემოღებული ე.წ. „ინერციის განზოგადებული ცენტრის“ ცნება, რომელიც ინერციის ცენტრის მოხდენილ განზოგადებას წარმოადგენს და არსებით როლს ასრულებს სხვადასხვა დრეკადი მასალისაგან შედგენილი ძელების დეფორმაციის საკითხების შესწავლისას. ამ მეთოდის გამოყენებით მან ამოხსნა განივი ძალით ღუნვის ამოცანები პრიზმული, ოდნავ კონუსური, მცირედ დაღუნული და ბუნებრივად დაგრეხილი ერთგვაროვანი და შედგენილი ძელებისათვის. მან კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის გამოყენებით ამოხსნა დრეკადობის თეორიის ზოგიერთი ამოცანა. მასვე ეკუთვნის მნიშვნელოვანი შედეგები დრეკადობის კვადრატულ თეორიაში სხვადასხვა მასალისაგან შედგენილი პრიზმული ძელის გრეხის, გაჭიმვის, ღუნვის, ერთგვაროვანი დაგრეხილი ძელის წყვილძალით ღუნვისა და სხვა ამოცანების ამოხსნაში. ავტორია ორიგინალური ქართული სახელმძღვანელოებისა უმაღლეს მათემატიკაში.
ჯილდოები
რედაქტირება- 1995 — ღირსების ორდენი
- 1967 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- უმაღლესი მათემატიკის კურსი: სახელმძღვანელო უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლებისათვის ტ. 2 თბილისი, განათლება, 1973, გვ. 650
- უმაღლესი მათემატიკის კურსი: სახელმძღვანელო პოლიტექნ. ინ-ტის სტუდენტთათვის, თბილისი, განათლება, 1970, გვ. 590
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე, თბ., 2016, გვ. 270-271
- მათემატიკოსები საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში: 1917-2014/ლიდა ბერიძე, თბ., 2014, გვ. 88-89
- წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბ., 2000, გვ. 261