ანბერდი
ანბერდი, ამბერდი (სომხ. Ամբերդ) — VII-XIII საუკუნეების ციხესიმაგრე სომხეთში, მდებარეობს არაგაწოტნის პროვინციაში, ზღვის დონიდან 2 300 მეტრზე, მდინარე ამბერდისა და არხაშანის ხეობებით შემოსაზღვრულ არაგაწის მთის ფერდობზე. ციხის სახელწოდება სომხურად ითარგმნება როგორც „ციხესიმაგრე ღრუბლებში“. ციხესიმაგრის მახლობლად მდებარეობს XI საუკუნის ვაჰრამაშენის ეკლესია. ამბერდიდან 6,4 კმ-ში მდებარეობს ქალაქი ბიურაკანი.
დასახლების კვალი ციხესიმაგრის გარშემო ქვის ხანიდან ჩანს. ბრინჯაოს ხანაში და ურარტუულ პერიოდში ციხესიმაგრე მოძველებული იყო. ზოგიერთი წყაროს მიხედვით იგი მეფეთა საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. ციხესიმაგრის ხელახლა აშენება მოხდა VII საუკუნეში კამსარაკანების ფეოდალური საგვარეულოს მიერ.
ოთხი საუკუნის შემდეგ ციხესიმაგრე და მიმდებარე მიწები უკვე პაჰლავუნების მფლობელობაშია და როგორც გრიგორ მაგისტროსი ამბობს იგი გადააკეთა ვაჰრამ პაჰლავუნიმ. 1026 წელს მასვე აუშენებია ციხესიმაგრის ახლოს ვაჰრამაშენის ეკლესია, რომელიც არხაშენის კანიონის პირას დგას. ციხესიმაგრეში შემორჩენილია აბანოსა და წყალსატევის ნაშთები[1].
1070-იან წლებში ციხესიმაგრეს თურქ-სელჩუკები დაეპატრონენ და სამხედრო ბაზად გადააქციეს. 1193 წელს, ქართველთა ერთიანმა არმიამ ზაქარია მხარგრძელისა და მისი ძმის ივანე ათაბაგის მეთაურობით გაათავისუფლა ციხესიმაგრე[2]. მათი საგვარეულოს, მხარგრძელების მფლობელობაშია XI-XII საუკუნეების განმავლობაში. ამ პერიოდში ციხესიმაგრე სტრუქტურულად გაძლიერდა, გარე კედლები განახლდა.
1236 წელს მონღოლების შემოსევების პერიოდში ციხესიმაგრე საბოლოოდ განადგურდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 146.
- ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანე, ქართლის ცხოვრება, თბ., 2008
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ამბერდის ციხე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-08-31.
- ↑ ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანე, ქართლის ცხოვრება, თბ., 2008, გვ., 354