ალფეზ ხელაძე
ალფეზ სიმონის ძე ხელაძე (დ. 15 თებერვალი, 1886, ოზურგეთში — გ. უცნობია) — ქართველი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
რედაქტირებაალფეზ ხელაძე დაიბადა 1886 წლის 15 თებერვალს, ოზურგეთის მაზრის სოფელ მამადში გლეხის ოჯახში. დაამთავრა მამადის ორკლასიანი სკოლა და ქუთაისში ბიძასთან, მესტამბე იოსებ ხელაძესთან გაემგზავრა, სადაც შეისწავლა მანქანაზე მუშაობა.
1903 წელს ჩააბარა ქუთაისის სამეურნეო სასწავლებელში, საიდანაც არეულობის გამო მე-2 კლასის მოსწავლე დაითხოვეს. 1904 წლიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობაში ჩაერთო, როგორც პროპაგანდისტი.
1908 წელს ალფეზი ქუთაისში დააპატიმრეს და 1 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო შემდეგ ციმბირში, ვიატკის მაზრაში 5 წლით გადაასახლეს, საიდანაც 1910 წელს გამოიპარა და გურია-აჭარაში არალეგალურად დაიწყო მუშაობა. 1917 წლიდან პროფმოძრაობაში ჩაება, ჯერ ხელზე მოსამსახურეთა კავშირის მდივნად მუშაობდა, შემდეგ – მეთამბაქოეთა, ხოლო ამის შემდეგ თბილისის პროფკავშირების ბიუროს თავმჯდომარედ დაიწყო მუშაობა. მალევე, გადაიყვანეს საქართველოს პროფკავშირთა თავმჯდომარის, სეით დევდარიანის მოადგილედ.
1921-1922 წლებში, საბჭოთა ხელისუფლების დროს, არალეგალურ მუშაობას აწარმოებდა გურიაში, სადაც დააკავეს, მცირე ხნით საპყრობილეში ჩასვეს და შემდეგ გერმანიაში გადაასახლეს. გერმანიიდან ჩეხეთში წავიდა, სადაც რუსულ უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. ჩეხეთში ყოფნის პერიოდში მსოფლმხედველობა შეიცვალა, საჯაროდ აღიარა საბჭოთა ხელისუფლებასთან შერიგება და სამშობლოში დაბრუნდა. სამშობლოში დაბრუნებისთანავე თანამშრომლობა დაიწყო გაზეთ „ახალ გზაში“. პუბლიკაციებს უმეტესად პარტიულ-პოლიტიკურ საკითხებზე წერდა. ამავე დროს მუშაობა დაიწყო ცეკავშირის გამგეობის წევრად. ამის შემდეგ, საქართველოს ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ მენშევიკთა შორის მომუშავე განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი იყო.
ალფეზ ხელაძის გარდაცვალების თარიღი უცნობია.