ალი ფაშა II ჰაფიზი
ალი ფაშა II ჰაფიზი (დ. 1762, აფხაზეთი — გ. 15 აგვისტო, 1807) — პოლიტიკური ლიდერი, სამხედრო პირი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1802 წელს ერაყის ქართველი გამგებლის სულაიმან ფაშა ალ ქაბირი ბუიუქის გარდაცვალების შემდეგ, ბაღდადის ვალის თანამდებობის დასაკავბლად დაუნდობელი ბრძოლა დაიწყო. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი პრედენტენტი ქართული წარმომავლობის, სულაიმან ფაშას ყოფილი მამლუქი და სიძე, უფროსი ქალიშვილის ქმარი, ალი იყო.
ალი დაახლოებით 1762 წელს დაიბადა აფხაზეთში, სახელად რქმევია იოსები. იგი ღარიბი გლეხის ოჯახიდან უნდა იყოს გამოსული, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ იოსები ერთი აფხაზის ვინმე მადად ბეგის ყმად არის მოხსენიებული. იოსები ძალიან ახალგაზრდა ჩაუყვანიათ ბაღდადში და სულაიმან ფაშას „ქართულ გვარდიაში“ ჩაურიცხავთ. ის ჯერ საფაშოს ხაზინდრად მუშაობდა, 34 წლისამ კი ქაჰიას თანამდებობა მიიღო.
ზუსტი ცნობები იმის შესახებ რომ სულაიმანმა ფაშას ტახტი ალის უანდერძა არ არსებობს. თუმცა ცნობილია, რომ ჯერ კიდევ სულაიმან ფაშა ალ-ქაბირი ბუიუქის ცხოვრებაში ალი ცდილობდა, ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, ხოლო სიმამრის გარდაცვალების შემდეგ მისი პრეტენზიები ერთიორად გაიზარდა. საბოლოოდ ერთმანეთს იენიჩართა აღა აჰმადი და ალი ფაშა დაუპირისპირდნენ. ალი ფაშას წინააღმდეგ იენიჩართა ლიდერმა შეთქმულების მომზადება დაიწყო. ამ შეთქმულების მიზანს ალის თანამდებობიდან ჩამოშორება წარმოადგანდა, რათა ქვეყნის მმართველი სულაიმან ფაშა ბუიუქის მეორე სიძე სალიმი ან კი სალიმის ვაჟი საიდი გამხდარიყო. აღა აჰმადს ამ ორი ადამიანის გამოყენება სურდა, რათა დროთა განმავლობაში თვითონ დაეკავებინა ბაღდადის ვალის ტახტი. ამავე დროს იენიჩართა ლიდერს სურდა, მაღალი პორტას თანხმობით ინგლისელებისათვის ნება დაერთო ბასრაში გაეხსნათ მუდმივი წარმომადგენლობა, რაც მომავალში ამ უკანასკნელთა მხარდაჭერას უზრუნველყოფდა აღა აჰმადისათვის. მაგრამ ინგლისურმა პოლიტიკამ საქმის დაჭერა ალისთან გადაწყვიტა და მაღალი პორტაც ალისკენ გადაიხარა იმ პირობით, თუ იგი ვაჰაბიტებთან ბრძოლას განაგრძობდა.
1802 წელს ალი ფაშამა თავისი მმართველობა აჯანყებების მცდელობათა ჩახშობით დაიწყო, რომელთა სათავეშიც არაბული ტომების შეიხები და ქურთი იეზიდები იდგენენ და ამის შემდეგ ვაჰაბიტებს მიუბრუნდა. ვაჰაბიტები ერაყის შიგნითაც მოქმედებდნენ და მათი ლიდერი ას-საუდი ცდილობდა გაეკონტროლებინა მდ. ევფრატის დასავლეთით მდებარე მთელი ტერიტორია. სულთან სელიმ III გააძლიერა ზეწოლა ალიზე, რათა მას სამხედრო ექსპედიცია მოეწყო ვაჰაბიტების წინააღმდეგ. მაგრამ ალიმ დაარწმუნა მაღალი პორტა, რომ მხოლოდ ერაყს არ შესწევდა საკმარისი ძალა ვაჰაბიტთა დასამარცხებლად და მათი მოძრაობის ჩასახშობად. 1803 წელს ხანდაზმული ას-საუდის მკვლელობაში ვაჰაბიტებმა ალი ფაშას დასდეს ბრალი და იმავე წლის დასასრულს დიდი ექსპედიცია მოაწყვეს ნეჯეფის მიმართულებით. ალი ფაშამ მტერს მთელი თავისი არსებული ძალები დაუპირისპორა. მას ჰილლას არაბი ამირაც ამოუდგა მხარში. გაერთიანებული ძალით დამარცხებული ვაჰაბიტები ერაყის ფარგლებიდან განდევნეს. ვაჰაბიტებს მომხრეებიც გამოუჩნდნენ ერაყის შიგნით. სულ მალე აბიდის არაბული ტომის ბელადები, თავიანთი ძალაუფლების გაზრდის მიზნით, აუჯანყდნენ ალი ფაშას. 1802 წელს ალიმ მათი აჯანყება ჩაახშო. თუმცა ამით პრობლემები არ დასრულებულა. ერაყის ჩრდილოეთში ქურთთა ლიდერმა აბდ არ-რაჰმან ბაბანმა, რომელიც სპარსეთის მოკავშირე იყო, გაამწვავა მდგომარეობა ფაშასთან თავისი ძალაუფლების გაზრდის მოთხოვნით. ამ დაპირისპირებაში სპარსეთი ჩაერია და ალი ფაშამ სულთან სელიმ III უკუთხავად საომარი მოქმედებები დაიწყო სპარსეთის წინააღმდეგ გაუწვრთნელი და მცირერიცხოვანი ჯარით, რამაც სულთნის დიდი გულისწყრომა გამოიწვია. სპარსეთის წინააღმდეგ ალი ფაშას წარმოებული ომი 1806 ბაღდადის მმართველის სასტიკი დამარცხებით დასრულდა.
ასეთი გართულებული ვითარების პირობებში, როდესაც ჰაფიზ ალი ფაშა ყოველი მხრიდან იგერიებდა თავს დახვეულ მტერს, ბაღდადში მის წინააღმდეგ ქართული წარმომავლობის ბათუმელი მადად ბექის ხელმძღვანელობით მომზადდა შეთქმულება. შეთმულთა უმრავლესობა ქართული წარმომავლობის ყოფილი მამლუქები იყვნენ, რომელთაც უკვე მაღალი ადმინისტრაციული თანამდებობები ეკავათ. შეთქმულებაში ბრიტანეთის დიპლომატის ხელიც ერია. 1807 წლის 15 აგვისტოს დილის ლოცვის დასრულების შემდეგ ჰაფიზ ალი ფაშა მადად ბექმა მოწამლული ხანჯლით განგმირა.
ბაღდადის ვალი მისივე აშენებული სასწავლებლის ეზოში დაასაფლავეს. ალი ფაშას ფიცხ ადამიანად ახასიათებდნენ, რომელმაც არ იცოდა რა იყო დანდობა. თუმცა იგი დიდად პატრონობდა მეცნიერებასა და სწავლულებს, აშენებდა სკოლებსა და სასწავლებლებს და გამუდმებით ცდილობდა თავისი ყოფილი სამშობლოდან, საქართველოდან მამლუქების შეძენას. მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომლებმაც თავი იჩინეს ჰაფიზ ალი ფაშას მმართველობის დროს ერაყში მამლუქთა მმართველობა არ დამხობილა. დაკრძალულია ერაყში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ალი ფაშა II (ჰაფაზი) 1802-1807 წწ., ი. თოფურიძე, მამლუქთა ეპოქა ერაყში, თბ., 2015, გვ. 116-120