ალილო — ქართული საწესო სიმღერა. სრულდებოდა შობის წინა ღამეს. შეიკრიბებოდა რამდენიმე კაცი (სულ მცირე 3, რადგან სიმღერა სამხმიანია), ჩამოუვლიდა ყოველ ოჯახს და სიმღერით დღესასწაულს მიულოცავდა. მასპინძელი მომღერლებს სანოვაგით ასაჩუქრებდა (აუცილებლად უნდა გაეტანებინათ კვერცხი — სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო). ალილოს ტექსტებში („ოცდახუთსა დეკემბერსა“, „ჩიტი ღობეზე შემოჯდა“, „წისქვილს პური დავარიგე“ და სხვ.) გამოთქმული იყო ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და ბარაქიანობის სურვილი.

ალილო თბილისში, 2008 წელს

ალილო მთელ საქართველოში იყო გავრცელებული და ყველა კუთხეში თავისებურად ასრულებდნენ. სიმღერას წარმართული ჰანგი უდევს საფუძვლად. „ალილო“, როგორც ჩანს, მოგვიანებით დაერქვა (ალილუიასგან). ვარაუდობენ, რომ საშობაო და სააღდგომო სიმღერების საერთო სახელწოდება უნდა ყოფილიყო ჭონა.

საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომელიც საქართველოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაირღვა — საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. 1990 წლებში მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ ილია II-ემ აღადგინა. დღესდღეობით ალილოს ზეიმობენ სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, როდესაც მრავალი ეკლესიის მრევლი უერთდება ალილოს მსვლელობას.

დასავლეთი ევროპა

რედაქტირება

ალილოს ტრადიცია არის დასავლეთ ევროპის ქვეყნებში; მაგალითად ინგლისურენოვან სამყაროში, ეს ტრადიცია ასოცირდება tricks or treating-ის ზეიმთან, რომელიც გარკვეულწილად დაკავშირებულია ჰალოუინთან და 31 ოქტომბერს ეწყობა. შინაარსითა და ფორმით უახლოვდება ქართულ ალილოს, რადგან ამ დროს სამასკარადო კოსტიუმებში გამოწყობილი ბავშვები კალათებით ხელში დადიან კარდაკარ, მღერიან და მასპინძელს ტკბილეულს სთხოვენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სიხარულიძე ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 310.
  • 2013 Municipal Trick-or-Treat List, Haunted Wisconsin, dated 2013, copy at archive.org, copy at webcitation.org