ალიბუხარი
ალიბუხარი — ქლიავის ადგილობრივი ჯიში, ატმისებურის აღმოსავლეთქართული ფორმა. გავრცელებულია ცალკეული ხეების სახით აღმოსავლეთ საქართველოში (ძირითადად ქართლში).[1] ზომიერი ზრდის ხეა. აქვს მომრგვალო ვარჯი. ახასიათებს ყვავილობის საშუალო პერიოდი. ნაყოფის კანი მკვრივი, ყვითელია, თეთრი კანქვეშა წინწკლებით. დაფარულია სქელი ცვილისებრი ნაფიფქით. კანი სრულ სიმწიფეში ადვილად სცილდება რბილობს. აქვს მოგრძო, კვერცხისებური ფორმა. ნაყოფს სიგრძეზე გასდევს ზედაპირული ღარი. ზომაში საკმაოდ მსხვილია (38–40 გ). ყუნწი საშუალო სიგრძის ან გრძელია. რბილობი ყვითელი, მკვრივი, მცირედ ძარღვიანი. კურკა მცირე ზომის, მოგრძო, ბრტყელი და თავისუფალი რბილობისაგან. მწიფდება სექტემბრის პირველ დეკადაში. დაავადებების მიმართ საშუალო გამძლეობას ავლენს. კარგი საგემოვნო თვისებები აქვს, არის მომჟავო-ტკბილი, სუსტი არომატით. მსხმოიარობს უხვად, ყოველწლიურად. გამოიყენება ჩირის, ხილფაფის, მურაბისა და ტყლაპის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხომიზურაშვილი ნ. და სხვები, საქართველოს მეხილეობა, ტ. 4, გვ. 45, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1978.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ხომეზურიშვილი ნ., ერისთავი ელ., საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები, საქართველოს სსრ მიწსახკომი, ლ. პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი, თბ.: „ტექნიკა და შრომა“, 1941.