ალექსი წერეთელი (დ. 1864 — გ. 1942), თავადი, ოპერის იმპრესარიო. მწერალ აკაკი წერეთლისა და ნატალია პეტროვნა ბაზილევსკაიას ვაჟი.

დაიბადა პეტერბურგში და აღიზარდა რუსულ კულტურულ გარემოში. ქართულს თითქმის არ ფლობდა; მიიღო ინჟინრის განათლება. ოპერამ ადრევე გაიტაცა და 1896-97 წლებში ხარკოვში (ახლანდ. ხარკივი, უკრაინა) ჩამოაყალიბა საოპერო დასი, რომელმაც გასტროლებით მოიარა რუსეთის იმპერიის დიდი ქალაქები და წარმატების მწვერვალს 1904-06 წწ. პეტერბურგში მიაღწია. წერეთელს ეკუთვნის რამდენიმე მომავალში ცნობილი საოპერო ტალანტის აღმოჩენა. 1913 წ. წერეთელმა პეტერბურგში მოაწყო ქართული დიასპორის ყველაზე დიდი საღამო. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, 1917 წ., რუსეთი დატოვა და ევროპას მიაშურა. 1921 წლიდან მისი ახლად შექმნილი დასი წარმატებით გამოდიოდა ესპანეთის თეატრებში. 1928 წ. იყო პარიზში „რუსული ოპერის“ თანადამფუძნებელი. 1930 წ. ოპერა გაკოტრდა, მის მფლობელებს შორის დავა კი სასამართლომდე მივიდა. წერეთელმა სასამართლო პროცესი მოიგო და 1931 წ. ემიგრანტ ვასილი ბაზელის კომპანიონობით „რუსული ოპერა“ აღადგინა. დასში მიწვეული იყო თედორე შალიაპინი.

წერეთელმა თავისი დასის მთელი რეკვიზიტები „მომავალი თავისუფალი საქართველოს თეატრს“ უანდერძა. თუმცა, მისი გარდაცვალების შემდეგ, ანდერძი არაქმედითად იქნა ცნობილი და წერეთლის ქონება აუქციონზე გაიყიდა.