ალექსი მირიანაშვილი
ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი (დ. 1860, ანაგა, ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი — გ. 24 აპრილი, 1925, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე.
ალექსი მირიანაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1860 |
დაბადების ადგილი | ანაგა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 24 აპრილი, 1925 |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | პედაგოგი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ბიოგრაფია
რედაქტირება7 წლის შეიყვანეს სოფელ ვაქირის დაწყებით სკოლაში. შემდეგ სწავლობდა სიღნაღის სამაზრო სასწავლებელში. 1881 წელს დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის სრული კურსი. ამ პერიოდში იგი დაუახლოვდა ცნობილ ქართველ მოღვაწეებს ს. მესხს, ი. გოგებაშვილს, ნ. ცხვედაძეს, ნ. ლომოურს და მათი დახმარებით დაინიშნა მასწავლებლად თბილისის ქართულ სკოლაში, რომელიც „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ ეკუთვნოდა.
აქ მან ნაყოფიერად იმუშავა რამდენიმე წელიწადს, შემდეგ გადაიყვანეს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში, სადაც ერთხანს თვითონაც სწავლობდა. 1900-1923 წლებში თბილისის კომერციული სასწავლებლის პედაგოგია.
ალექსი მირიანაშვილის მხატვრული ლიტერატურისადმი სიყვარული ჯერ კიდევ სტუდენტობისას აღეძრა. სამწერლო ასპარეზზე 1879 წელს გამოვიდა. ამის შემდეგ აქტიურად თანამშრომლობდა პერიოდულ ორგანოებში: „ივერია“, „თეატრი“, „დროება“, „იმედი“, „ნობათი“, „ჯეჯილი“, „ნაკადული“, „მოამბე“, „ცნობის ფურცელი“, „სახალხო გაზეთი„“, თემი“, „თეატრი და ცხოვრება“ და სხვანი. იგი იყო ბავშვების საყვარელი მწერალი. ა. მირიანაშვილის „იგავ-არაკების კრებული“ თავის დროზე პოპულარობით სარგებლობდა. სულ მას გამოცემული აქვს შვიდი წიგნი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 274, თბ., 1994