ალექსანდრე ხატისოვი

ექიმი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალექსანდრე ხატისოვი (დ. 17 თებერვალი, 1874, თბილისი — გ. 10 მარტი, 1945) — ექიმი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალექსანდრე ხატისოვი დაიბადა 1891 წელს, თბილისში. დაამთავრა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია და იმავე წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. შემდეგ ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. 1897 წელს წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი და მიიღო ექიმის დიპლომი. იგი ფლობდა სომხურ, რუსულ, ქართულ, ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს.

ალექსანდრე ხატისოვი 1898 წელს განათლების გასაღრმავებლად გაემგზავრა საზღვარგარეთ (იტალია, საფრანგეთი, გერმანია), სადაც შეისწავლა ჰიგიენა, საზოგადოებრივი, სამართალდამცავი და მუნიციპალური საქმე (სასაკლაოები, საავადმყოფოები, წყალმომარაგების სისტემები). პარიზსა და ბერლინში რამდენიმე ბროშურა და წიგნი გამოსცა ურბანული კეთილმოწყობის საკითხებზე.

1900 წელს ალექსანდრე ხატისოვი თბილისში დაბრუნდა. 1902 წელს აირჩიეს საკრებულოს წევრად და ერთ-ერთი საქალაქო კომისიის თავმჯდომარედ, 1905 წელს თბილისის ადმინისტრაციული საბჭოს წევრად, ხოლო 1908 წლიდან 1910 წლამდე მუშაობდა თბილისის მერის მოადგილედ.

1910 წლის 20 სექტემბერს გაიმართა არჩევნები, რომელშიც ხმათა დიდი უმრავლესობით ალექსანდრე ხატისოვი არჩეულ იქნა ქალაქის თავად. ქალაქის თავად არჩევის შემდეგ მან დაიწყო თავისი იდეების განხორციელება. მისი მმართველობის პერიოდი აღმოჩნდა ძალიან ნაყოფიერი. მან შეიმუშავა ჯანდაცვის, კულტურის, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების განვითარების პროგრამები. ალექსანდრე ხატისოვი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქალაქის მშენებლობის ხარისხს და არქიტექტურულ იერსახეს. მისი მოღვაწეობა ქალაქის თავის თანამდებობაზე ძალიან ეფექტური იყო.

ალექსანდრე 1914 წელს თავმჯდომარეობდა ქალაქების ალიანსის კავკასიის კომიტეტს. იგი იყო პირველი მსოფლიო ომის წლებში სომხეთის მოხალისეთა რაზმების და სომეხი ლტოლვილების დახმარების ორგანიზატორი. 1916 წელს, ალექსანდრე ხატისოვმა აქტიური მონაწილეობა მიიღო დასავლეთ სომხეთიდან დევნილების დასახმარებლად, რომელთაგან ბევრმა თავშესაფარი იპოვა თბილისში.

1915-1917 წლებში იგი არჩეულ იქნა სომხეთის ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილედ (თბილისი). 1916 წლის დეკემბრის ბოლოს მონაწილეობდა გიორგი ლვოვის მიერ მოსკოვში მოწყობილ შეხვედრაზე, სადაც განიხილებოდა სახელმწიფო გადატრიალების გეგმა. ალექსანდრე ხატისომა ლვოვის თხოვნით კავკასიის ყოფილ გამგებელს, დიდ თავადს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძეს შესთავაზა წინადადება ნიკოლოზ II-ის დამხობის შემდეგ დაეკავებინა სამეფო ტახტი.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა ვითარება და რევოლუციამდელი თბილისის ბოლო ქალაქის თავი თანამდებობიდან გადადგა. ხატისოვი შეუერთდა დაშნაკცუთიუნის პარტიას. მეთაურობდა სომხეთის ეროვნულ ბიუროს - 1917 წლის ოქტომბრამდე. 1917 წლის მარტი-აპრილში თავმჯდომარეობდა სომხეთის პოლიტიკური პარტიების კრებას. 1917 წლის ივნისში მონაწილეობდა ამიერკავკასიის გლეხთა ყრილობაში. ასევე, მონაწილეობა მიიღო სომხეთის ეროვნული კრების მოწვევაში (აღმოსავლეთ სომხების ყრილობა) და სომხეთის ეროვნული საბჭოს შექმნაში (1917 წლის სექტემბერი – ოქტომბერი).

1918 წლის აპრილში ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ დაინიშნა ფინანსთა და სურსათის მინისტრად, აგრეთვე ამიერკავკასიის სეიმის მთავრობის ქველმოქმედების მინისტრად. 1918 წლის 28 მაისს, სომხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, ალექსანდრე ხატისოვმა ოვანეს კაჩაზნუნთან ერთად ხელი მოაწერა ბათუმის სამშვიდობო ხელშეკრულებას (4 ივნისი).

1919 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად, ხოლო 1919 წლის აგვისტოდან 1920 წლის მაისამდე – სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად. 1920 წლის ზაფხულში მთავრობის ბიუროს შემადგენლობასთან ერთად გაემგზავრა საზღვარგარეთ სომეხთა დიასპორაში სომხეთისათვის "ოქროს ფონდის" ჩამოსაყალიბებლად. იმავე წლის 2 დეკემბერს, მთავრობის სახელით ხელი მოაწერა ალექსანდროპოლის შეთანხმებას, სომხეთის ბოლშევიკური რევოლუციური კომიტეტისათვის ხელისუფლების გადაცემის თაობაზე.

სომხეთის გასაბჭოების შემდეგ, 1920 წლის დეკემბერში, ალექსანდრე ხატისოვი თბილისში დაბრუნდა, ხოლო 1921 წლის თებერვალში ემიგრაციაში გაემგზავრა საფრანგეთში. მან პარიზში განაგრძო საზოგადოებრივი მოღვაწეობა. მონაწილეობდა სომხურ და რუსულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. გამოსცა მემუარების წიგნი, რომელიც მოიცავს თბილისის საკრებულოში 15 წლიანი მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ინფორმაციას. ასევე მონაწილეობდა ლოზანის კონფერენციაში, სადაც იცავდა სომეხთა ინტერესებს ერთა ლიგის წინაშე.

1926 წელს ხატისოვი იყო სომხეთში მიწისძვრით დაზარალებულთათვის ძმური დახმარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 1926-1928 წლებში იყო პარიზში რუსული კულტურის მეგობართა საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. ლექციებს კითხულობდა რუსეთის სახალხო უნივერსიტეტში. ფაშისტური გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდში გადავიდა პორტუგალიაში.

1944 წელს ფაშისტებთან თანამშრომლობის საბაბით დაპატიმრებულ იქნა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს მტკიცებულების არარსებობის გამო.

ალექსანდრე ხატისოვი გარდაიცვალა 1945 წლის 10 მარტს, პარიზში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება