ალექსანდრე ჩოჩია
ალექსანდრე (ალეკო) ალექსანდრეს ძე ჩოჩია (დ. 1935, აბაშა, — გ. 2005, გორი) — ქართველი ქირურგი. პედიატრის ანა კუცია-ჩოჩიას შვილი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1959 წელს ა. ჩოჩიამ დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი (ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი). იყო აკადემიკოს ეგნატე ფიფიას ერთ-ერთი უახლოესი მოწაფე და თანამშრომელი, მისი ხელმძღვანელობით გაიარა ასპირანტურის კურსი. მოღვაწეობდა მუცლის ღრუს ქირურგიის და მიკროქირურგიის დარგებში. 1959-1972 წლებში მუშაობდა თბილისის რკინიგზის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში (გამგე: აკად. ე. ფიფია) ქირურგად და განყოფილების გამგის მოადგილედ. 1972-2005 იყო გორის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე და გორის რაიონის მთავარი ქირურგი. არჩეული იყო საქართველოს ქირურგთა საზოგადოების წევრად და აქტიურად მონაწილეობდა მის საქმიანობაში. შესრულებული და გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი (ე. ფიფიასთან ერთად). აღზარდა ქირურგთა არაერთი თაობა. ითვლებოდა საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო ქირურგად. გარდაიცვალა საოპერაციო მაგიდასთან, გორის ცნობილი ტერორისტული აქტის (2005) დროს დასახიჩრებულთა მკურნალობისას.
ალექსანდრე ჩოჩიას სახელი მიეკუთვნა გორის რაიონულ საავადმყოფოს. ამავე საავადმყოფოს ეზოში დადგმულია მისი ბიუსტი.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირინე აპრესოვა. განთიადს სიცოცხლე ეგებება.- ჟ. "დროშა", N 12, 1983, გვ. 14.
- ალექსანდრე ჩოჩია (გამოსათხოვარი).- გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა", N 29(5062), 2005.
- გურანდა ღვალაძე. ალეკო ჩოჩია.- გაზ. "თბილისი", N 8(20117), 2006.