ალექსანდრე კოღუაშვილი

ალექსანდრე მარკოზის ძე კოღუაშვილი (დ. 5 სექტემბერი, 1886, ქუთაისი — გ. 29 აგვისტო, 1924, ვანი) — რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში. კომპარტიის წევრი (1904).

რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა ჭიათურაში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში. I მსოფლიო ომის დროს გაწვეული იყო სახელმწიფო ლაშქრის ვორონეჟის 160-ე ქვეით დრუჟინაში, მსახურობდა უმცროს უნტერ-ოფიცრად. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს ჯარის ნაწილებში ეწეოდა აგიტაციას დროებითი მთავრობის წინააღმდეგ. აირჩიეს ჯარისკაცთა ასეულის კომიტეტის თავმჯდომარედ. 1918 წელს დემობილიზაციის შემდეგ დაბრუნდა ქუთაისში, მუშაობდა ზეინკლად და ეწეოდა აგიტაციას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის (1921) შემდეგ მუშაობდა ვანის რაიონის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დღეებში დაიღუპა ვანის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის შენობაში აჯანყებულთა რაზმის ხელმძღვანელ ამბერკი ადეიშვილთან ურთიერთსროლისას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 5-6.
  • ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012. – გვ. 141.