ალექსანდრე იობიძე

ქართველი აგრონომი

ალექსანდრე (საშა) სიმონის ძე იობიძე (დ. 1892, სოფელი საფიჩხია, ქუთაისის გუბერნია — გ. 11 მაისი, 1962, ქუთაისი) — ქართველი მევენახე-მეღვინე, საქართველოს სსრ დამსახურებული აგრონომი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალექსანდრე იობიძე დაიბადა 1892 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ საფიჩხიაში, აზნაურ სამსონ (სარდიონ) იობიძის ოჯახში. რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მიზნად დაისახა მევენახეობა-მეღვინეობას გაყოლოდა. 1914 წელს ყირიმში დაამთავრა მაგარაჩის მევენახეობა-მეღვინეობის ორწლიანი უმაღლესი საიმპერატორო სკოლა. მისი მასწავლებლები იყვნენ იმ დროისთვის ცნობილი სპეციალისტები: ბარბერონი, ბაგრეევი და შჩერბაკოვი. უმაღლესი კურსების დამთავრების შემდეგ ქუთაისში დაუბრუნდა. 1916 წელს იგი გაამწესეს ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქის ინსტრუქტორ-სპეციალისტად. მალე კვლავ ქუთაისში დაბრუნდა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა მომზადების საქმეს მოჰკიდა ხელი. შემდეგ საკუთარი ინიციატივით გადავიდა გურჯაანის რაიონის სოფ. ჩუმლაყში, წინანადლის მამულში. აქ მან პირადი ინიციატივით 50 ჰექტარზე ამერიკული საძირე ვაზის სადედე გააშენა, რომელმაც შემდგომ დიდი როლი შეასრულა კახეთის მევენახეობის აღდგენის საქმეში, რადგან ქართულ ვაზს ავადმყოფობა გაუჩნდა და საფრთხე დაემუქრა მის არსებობას, დიდი როლი შეასრულა კახეთის მევენახეობის აღდგენის საქმეში.

1926 წელს იგი დაინიშნა სოხუმის მაზრის აგრონომად. მისი ინიციატივით სოხუმში იქმნება მევენახეობა-მეღვინეობის განყოფილება. მიზანი ერთი იყო-აფხაზეთში აეღორძინებინათ კულტურული მევენახეობა. იმავე წელს მან გამოაქვეყნა საგაზეთო წერილი „რუს. Закультурное виноградствов Абхазии“, სადაც აფხაზეთის მშრომლებს მოუწოდებდა ხელი მოეკიდათ კულტურული მევენახეობისათვის და დასახა ამ დარგის აღორძნების კონკრეტული გზები. ამავე წელს მან პირველად შეიტანა აფხაზეთში „ცოლიკოური“ და სათავეში ჩაუდგა მისი პლანტაციების გაშენების საქმეს. ბევრი უნდობლად უყურებდა დაბლარი ჯიშის ვენახს, მაგრამ მან დაძლია ეს წინააღმდეგობა. თვითონ არჩევდა ნიადაგს, კოლმეურნეებს ასწავლიდა მცენარის მოვლის აგროწესებს და ნელნელა საქმე წინ მიიწევდა[1].

1927 წელს ალ. იობიძის ინიციატივით სოხუმში შეიქმნა მევენახეობა-მეღვინეობის განყოფილება, თვითონ კი დამტკიცებულ იქნა განყოფილების გამგედ. 1932 წელს ის მონაწილეობდა აფხაზეთის მევენახეობის განვითარების პერსპექტიული გეგმის შექმნაში. მისი ხელმძღვანელობით გაშენებულ იქნა ბომბორის საბჭოთა მეურნეობა გუდაუთაში, სადაც 5 წელი მარტო ცხოვრობდა გომბორის ტყეში, დადიოდა და შეუპოვრად ეძებდა კოლხური ჯიშის ვაზს. იპოვა და აღადგინა კიდეც საუკუნის წინათ დაკარგული კოლხური სახელგანთქმული „დღუნდღუშის“, „პუმპულას“, „მახვატელის“, „ზედაგის“, ამლახუს“ პირველი ლერწები. საკუთარ ნაკვეთზე გადმოიტანა ისინი და მიიღო კიდეც ის ტკბილი ღვინოები, რომლებიც ლეგენდებშია მოხსენიებული.

1934-1935 წლებში იგი ხელმძღვანელობდა საქარის მევენახეობის საცდელი სადგურის აგროტექნიკის განყოფილებას. 1936 წლიდან ის კვლავ აფხაზეთშია. მუშაობდა საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის სოხუმის დასაყრდენი პუნქტის მეცნიერ მუშაკად. ამავე დროს, 1939 წლიდან, მოღვაწეობდა გუდაუთის რაიონის ახალსოფლის ორჯონიკიძის სახელობის კოლმეურნეობაში.

მე-19 საუკუნეში აფხაზეთში ორმოცამდე ადგილობრივი ჯიშის ვაზი ხარობდა. თითქმის ყველა მაღლარი იყო, მაგრამ ვაზს ავადმყოფობა გაუჩნდა და გადაშენდა. ხალხს ჰქონდა მხოლოდ მაღალი ვენახი-იზაბელა. 30-იანი წლების ბოლოს ყინული გალღვა. აფხაზეთში ფეხი მოიკიდეს მთიანი რაჭიდან ჩამოსახლებულმა მცირემიწიანმა რაჭველებმა. აზრი, რომ თითქოს აფხაზეთში კლიმატური პირობების გამო ვაზის წარმოება არ შეიძლებოდა, გაქრა. რაჭველები არ შეუშინდნენ ბუნებას, მალარიას, გაჩეხეს ჩირგვნარი, ეკალბარდები, ძაღლყუნძენა და ცხოვრება დაიწყეს. სოფელს კი ახალსოფელი დაერქვა. სწორედ მაშინ შეესხა ფრთები აგრონომ ალექსანდრე (საშა) იობიძის ოცნებას, აფხაზეთში კულტურული ვენახის ზვრების გაშენების შესახებ.

მის სანერგეში გამოყვანილმა ბევრმა ჯიშმა საუკეთესო ნიადაგი ჰპოვა არა მარტო ახალსოფლის მიწაზე, არამედ მთელს აფხაზეთში. სასელექციო ნაკვეთზე მან გაამრავლა 210-ზე მეტი ჯიშის ვაზი. მათ შორის 25 აფხაზური ვაზის ჯიში /აჰარდანი, აჟშხუატა, აღბიჟი და სხვები/. მან შეისწავლა ბევრი ჯიშის აგრობიოლოგია, შეიმუშავა მათი ჯიშობრივი აგროტექნკა.

მან გაავრცელა და დანერგა აფხაზეთში შესანიშნავი ქართული ჯიშის ვაზი ჩხავერი, ეს ძველი კოლხური ჯიშის ვენახი გადაშენების გზაზე იდგა. ალექსანდრე იობიძემ გამოიყვანა დაბალი ჩხავერი, მანვე აფხაზეთის ზონისთვის გამოიყვანა ცოლიკარი და კრახუნა, აფხაზური ჯიშები-კაჭიჭი, აკასირხვა, ახარდანი, ამლახუ და სხვა.

სასარგებლო მუშაობას ეწეოდა აგრონომი ალ. იობიძე მეღვინეობის ხაზითაც. მან შეიმუშავა „ჩხავერის“ დაყენების ორიგინალური წესი. ამისათვის მან გამოიყენა ისეთი ტექნოლოგია, რომელიც ახლოს იყო შამპანიურის დაყენებასთან[2]. 1955 წელს ახალსოფლის კოლმეურნეობას ესტუმრნენ მეღვინე-მრეწველები საფრანგეთიდან, რომლებმაც აღფრთოვანება ვერ დამალეს ჩხავერის შუშხუნა ღვინის გასინჯვისას და თხოვეს მასპინძლებს, გაეცნოთ მისი დაყენების წესი, დაეთვალირებინათ ის სარდაფები, სადაც ის ინახებოდა.

1954 წლიდან ყოველ წელს მონაწილეობდა სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენებში, დაჯილდოებული იყო ოქროსა და ვერცხლის მედლებით. იგი შესანიშნავად ფლობდა ქართულ, რუსულ, და ფრანგულ ენებს. ზედმიწვნით იცოდა მევენახეობის ისტორია დადამიწაზე ვაზის გაჩენიდან დღემდე. მას მუდამ გვერდით ედგა მისი აფხაზი მეუღლე, განათლებული, ერუდირებული ძაძუ მხეცაძე, რომელიც მის ყოველ წარმატებას თუ გულისტკენას იზიარებდა.

დაჯილდოვებული იყო სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევების გამოფენაზე ორო ოქროს მედლით; მედლით შრომითი მამაცობისათვის.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მიქაუტაძე რ. „ალექსანდრე იობიძე — კოლხური ვაზის აღორძინების ინიციატორი საქართველოში“, „ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის წელიწდეული“, ქუთაისი, 2018, გვ. 106-112
  • ნეკროლოგი — გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, სოხუმი, 15 მაისი, 1962
  • „გაზ. სამშობლო“ 27.07.1915 #122

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ხუბუა ი., „ვენახის მესაიდუმლე“ : გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, 1960, №119.
  2. Семеновский П. „Экономика колхоза им. Орджоникидзе“, библиолтека колхозника Абхазии. вып. 28-29, Сухуми, 1958.