ალექსანდრე ვოლობუევი

ალექსანდრე ვიქტორის ძე ვოლობუევი (რუს. Александр Викторович Волобуев; დ. 8 ნოემბერი, 1907, ქ. ყარსი, — გ. 18 ოქტომბერი, 1963, სოხუმი) — საქართველოში მოღვაწე არქიტექტორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961).

დაამთავრა თბილისის ამიერკავკასიის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი (1933). 1938–1941 წლებში მუშაობდა მოსკოვში (მონაწილეობდა საბჭოების სასახლის დაპროექტებაში), შემდეგ — თბილისის საპროექტო ინსტიტუტებში („თბილქალაქპროექტი”, „საქკომუნპროექტი” და სხვ.), ხოლო 1954 წლიდან გარდაცვალებამდე — სოხუმში („საქქალაქმშენსახპროექტის” სოხუმის ფილიალი).

მისი პროექტებით აშენებულია საცხოვრებელი და საზოგადოებრივი ნაგებობები თბილისში, ბათუმში, ჭიათურაში, ცხინვალში, სოხუმში, მიუსერასა და გუდაუთაში, მ. შ. თბილისის ფუნიკულიორის ზედა სადგური (1938; თანაავტორი, ავტორები: ზ. და ნ. ქურდიანები), საჰაერო დაცვის საუწყებო სანატორიუმის საძილე კორპუსი, სოხუმის მთის ტყე-პარკის ობიექტები (1950-იანი წლები; თ. თელიასთან, ლ. ლითანიშვილთან, თ. მაჭარაშვილთან, ლ. მუშკუდიანსა და ს. ცინცაბაძესთან ერთად) და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება