ალექსანდრე ბორტნიკოვი
ალექსანდრე ბორტნიკოვი (რუს. Алекса́ндр Васи́льевич Бо́ртников; დ. 15 ნოემბერი, 1951, მოლოტოვი, სსრკ) — რუსი სახელმწიფო მოღვაწე. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) დირექტორი 2008 წლის 12 მაისიდან. არმიის გენერალი (2006).
ამჟამად არის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის და დსთ-ს ქვეყნების უსაფრთხოების ორგანოების და სპეცსამსახურების ხელმძღვანელთა საბჭოს თავმჯდომარე. 2008 წლის 25 მაისიდან — რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1951 წლის 15 ნოემბერს ქალაქ მოლოტოვში (დღევანდელი პერმი).
1973 წელს დაასრულა სარკინიგზო ტრანსპორტის ინჟინერთა ლენინგრადის ინსტიტუტი. მუშაობდა ქალაქ გატჩინის ქარხნებში.
1975 წელს დაასრულდა სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ფელიქს ძერჟინსკის სახელობის უმაღლესი სკოლა; იმავე პერიოდში გაწევრიანდა საბჭოთა კავშირის კომპარტიაში, რომლის რიგებშიც პარტიის დაშლამდე ირიცხებოდა.
1975 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში. იყო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის კონტრსადაზვერვო დანაყოფების ოპერატიული და სახელმძღვანელო შემადგენლობის წევრი.[1]
2003 წლის ივნისამდე იყო რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის კონტრსადაზვერვო ოპერაციების სამართველოს უფროსის მოადგილე (სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქში).[2]
2004 წლის 2 მარტს გახდა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილე; იგი აგრეთვე სათავეში ჩაუდგა „ФСБ“-ს ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტს.
2004 წლის 11 ივლისს გახდა „ФСБ“-ს ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. 2006 წელს მიენიჭა გენერალ-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.[3] იმავე წლის დეკემბერში, ანუ, მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ, მიიღო არმიის გენერლის წოდება.
2008 წლის 12 მაისიდან არის „ФСБ“-ს დირექტორი და ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო იმავე წლის 25 მაისიდან რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი.
სანქციები და საერთაშორისო თანამშრომლობა
რედაქტირება2014 წლის 26 ივლისს, რუსეთის მიერ უკრაინის ტეროტირიაზე ჩატარებული ქმედებების გამო, ბორტნიკოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს ევროკავშირმა და კანადამ;[4][5] თუმცა, იგი არ მოხვდა აშშ-ის სანქციების სიაში, რომელშიც იყო პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული 35 პოლიტიკოსი თუ ბიზნესმენი.[6] 2015 წლის თებერვალში, ამერიკული მხარის მოწვევთ, ბორტნიკოვმა მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში შემდგარ სამიტში, რომელიც ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლას მიეძღვნა.[7]
2018 წლის 27-28 იანვარს ბორტნიკოვი კვლავ ეწვია აშშ-ს, ამჟამად სერგეი ნარიშკინთან ერთად. ისინი შეხვდნენ ცენტრალური სადაზვერვო სამართველოს დირექტორ მაიკ პომპეოს (რომელმაც მალევე დატოვა ეს თანამდებობა და სახელმწიფო მდივანი გახდა; იგი ჯინა ჰასპელმა ჩაანაცვლა. ეს იყო რუსული და ამერიკული სპეცსამსახურების ხელმძღვანელების პირველი ასეთი დონის შეხვედრა. მხარეებმა იმსჯელეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებისგან წამოსულ საფრთხეზე.[8]
კრიტიკა
რედაქტირება2015 წლის 27 ივლისს გამოქვეყნდა „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბორტნიკოვმა, „ФСБ“-ს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, პრესტიჟულ რუბლიოვო-უსტინსკოეს შოსეზე გაყიდა 4,8 ჰექტარი მიწა, რომელიც საბავშვო ბაღს ეკუთვნოდა. გაზეთის ინფორმაციით, ბორტნიკოვმა და სხვებმა ამ გაყიდვიდან 2,5 მილიონი დოლარი მიიღეს. გაზეთის მტკიცებით, ეს გამოძიება იყო ერთ-ერთი იმ მიზეზთაგან, რომელთა გამოც „ФСБ“ გამოვიდა წინადადებით, შეეზღუდათ საჯარო წვდომა „როსრეესტრის“ ინფორმაციაზე.[9][10] პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ატარებდა არანაირ გამოძიებას მომხდართან დაკავშირებით, რადგან ეს „ФСБ“-ს პრეროგატივა იყო.[11]
2017 წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორთა, წევრ-კორესპონდენტთა და აკადემიკოსთა ჯგუფმა ღია წერილში გააკრიტიკა ბორტნიკოვი, უკანასკნელის მიერ „როსიისკაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორისთვის, ვლადისლავ ფრონინისთვის მიცემული ინტერვიუს გამო.[12] ჯგუფის აზრით, ბორტნიკოვი სტალინისიულ რეპრესიებს ამართლებდა.[13][14] ინტერვიუ მიეძღვნა „სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიის“ (ВЧК) დაარსების 100 წლის იუბილეს. ისტორიკოსმა ნიკიტა პეტროვმა აღნიშნა „სამართლებრივი ნიჰილიზმი“ ბორტნიკოვის მხრიდან.[15]
ოჯახი და შემოსავალი
რედაქტირებაბორტნიკოვს ჰყავს მეუღლე და შვილი — დენის ბორტნიკოვი (დ. 19 ნოემბერი, 1974). დენისმა დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკისა და ფინანსების სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1996 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა „საწარმო-სამშენებლო ბანკში“. 2011 წლიდან დღემდე მუშაობს ВТБ ბანკში, არის ჩრდილოეთ-დასავლეთ რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელი და კომპანიის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი. 2011 წლის ნოემბრიდან არის მმართველობის წევრი.[16]
2009 წელს ალექსანდრე ბორტნიკოვის შემოსავალი, მისი ოფიციალური დეკლარაციის მიხედვით, იყო 4,7 მილიონი რუბლი. 2013 წელს შემოსავალი გაიზარდა და 8,72 მილიონი რუბლი შეადგინა. კიდევ ერთხელ გაიზარდა შემოსავალი 2015 წელს — 11,5 მილიონი რუბლი.[17]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Биография на сайте ФСБ России
- Карьера нового директора ФСБ Статья в газете Собеседник» № 19 2008 г.
- Биография на сайте РИА «Новости»
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Взят под опеку «Коммерсантъ Власть» № 19 (772) от 19 мая 2008 г.
- ↑ А. Бортников. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-21. ციტირების თარიღი: 2018-11-02.
- ↑ Высшие офицеры, участвовавшие во встрече с Президентом России по случаю их назначения на вышестоящие должности и присвоения им высших воинских (специальных) званий, 26 июля 2006 года.
- ↑ ЕС включил в санкционный список Бортникова
- ↑ Канада ввела санкции в отношении 14 россиян и 13 компаний
- ↑ Санкционные списки против российских граждан и компаний
- ↑ Директор ФСБ РФ примет участие в Вашингтоне в саммите по противодействию насильственному экстремизму
- ↑ Сергей Горяшко, Гордон Коррера. (2018-02-01) Директор ЦРУ раскрыл тему тайной встречи с главами российских разведок. Русская служба Би-Би-Си. ციტირების თარიღი: 2018-02-01.
- ↑ СМИ узнали о сделке начальства ФСБ по продаже элитной земли в Подмосковье // РБК, 27.07.2015
- ↑ Лубянские на Рублёвке დაარქივებული 2016-04-06 საიტზე Wayback Machine. // Новая газета, 27.07.2015
- ↑ Кремль прокомментировал публикацию о земельных сделках руководителей ФСБ // РБК, 27.07.2015
- ↑ Фронин В. А.. (2017-12-19) ФСБ расставляет акценты. Александр Бортников: Разрушение России для некоторых до сих пор остается навязчивой идеей. Наша задача - не дать состояться их планам. Российская газета — Федеральный выпуск №7454 (288). ციტირების თარიღი: 2017-12-22.
- ↑ Трунина А.. (2017-12-22) Академики РАН обвинили главу ФСБ в оправдании сталинских репрессий. РБК. ციტირების თარიღი: 2017-12-22.
- ↑ Черных А.. (2017-12-22) «Как человек, рожденный в 1937 году, я хочу предупредить». Академики написали коллективное обращение в связи с интервью главы ФСБ. Коммерсантъ. ციტირების თარიღი: 2017-12-22.
- ↑ Елена Рачева. «Попытка создать красивую историю госбезопасности провалилась» // Новая газета. — 2018. — № 1. — С. 12—13.
- ↑ Бортников Денис Александрович - Член правления. www.vtb.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-26. ციტირების თარიღი: 2016-11-25.
- ↑ Сведения о доходах, расходах, об имуществе и обязательствах имущественного характера :: Федеральная Служба Безопасности. www.fsb.ru. ციტირების თარიღი: 2016-11-25.