ალეუტის კუნძულების კამპანია
ალეუტის კუნძულების კამპანია | |||||
---|---|---|---|---|---|
მეორე მსოფლიო ომისა და წყნარი ოკეანის საბრძოლო თეატრის ნაწილი | |||||
იაპონელი სამხედროები კუნძულ კისკაზე | |||||
თარიღი | 3 ივნისი, 1942 – 15 აგვისტო, 1943 | ||||
მდებარეობა | ალეუტის კუნძულები, ალასკა, აშშ | ||||
შედეგი | მოკავშირეთა გამარჯვება | ||||
მხარეები | |||||
| |||||
მეთაურები | |||||
| |||||
ძალები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
| |||||
ალეუტის კუნძულების კამპანია ვიკისაწყობში |
ალეუტის კუნძულების კამპანია — მეორე მსოფლიო ომში ალეუტის კუნძულებზე მომხდარი ბრძოლები იაპონიის იმპერიასა და აშშ-ს შორის, წყნარი ოკეანის საბრძოლო თეატრის ნაწილი. ეს იყო მეორე მსოფლიო ომის ერთადერთი კამპანია, რომლის დროსაც იაპონურმა არმიამ ამერიკის კუთვნილი ტერიტორია — ალასკის ტერიტორიის კუთვნილი კუნძულები კისკა და ატუ — დაიკავა. ამ ფაქტმა ამერიკული საზოგადოების შოკირება გამოიწვია, რადგანაც აშშ-ს ტერიტორიაზე მტრის ჯარის შეჭრა ბოლოს 130 წლის წინ იყო მომხდარი, ბრიტანეთ-ამერიკის ომის დროს, 1812 წელს.
კამპანია 1942 წლის 3 ივნიის დაიწყო კუნძულებზე იაპონელთა გადასხმით.[1] კუნძულების სიშორისა და ამინდით გამოწვეული სირთულეების გამო ამერიკულ-კანადურმა ჯარმა იაპონელების ალეუტიდან განდევნა თითქმის ერთი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა. ალეუტის კუნძულების სტრატეგიული მნიშვნელობა მდგომარეობდა წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში სატრანსპორტო ხაზების გაკონტროლებაში.
იაპონელები ფიქრობდნენ, რომ ალეუტის კუნძულების კონტროლით ისინი თავს აიცილებდნენ ამერიკელთა შემოტევას წყნარი ოკეანის ჩრდილოეთიდან. ამერიკელები კი, თავის მხრივ, შიშობდნენ, რომ იაპონია ამ კუნძულებს გამოიყენებდა ბაზებად, რომლებიდანაც შემდგომ ფართომასშტაბიან საჰაერო იერიშებს განახორციელებდა აშშ-ს დასავლეთ სანაპიროს ისეთ ქალაქებზე, როგორებიცაა: ანკორიჯი, სიეტლი, სან-ფრანცისკო და ლოს ანჯელესი.
კუნძულ ატუს დასაბრუნებლად ბრძოლა 1943 წლის 11 მაისს დაიწყო და დასრულდა 29 მაისს, როდესაც იაპონელთა გადარჩენილმა ნაწილებმა წარუმატებელი ბანზაი შეტევა განახორციელეს და სრულად განადგურდნენ. 1943 წლის 15 აგვისტოს ამერიკელთა შემტევი ძალები კუნძულ კისკაზე გადასხდნენ კუნძულის სამკვირიანი დაბომბვის შემდეგ, თუმცა აღმოაჩინეს, რომ იაპონელებს ის 29 ივლისს მიეტოვებინათ.
ალეუტის კუნძულების კამპანიას ხშირად უწოდებენ „დავიწყებულ ბრძოლას“, ვინაიდან ის ომის სხვა მოვლენების ჩრდილში მოექცა და ნაკლებად ცნობილია.[2]
სამხედრო ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ იაპონიის შეჭრა ალეუტის კუნძულებზე ამერიკელთა ყურადღების გადასატანი დივერსიული ქმედება იყო მიდუეის ბრძოლისას, რომელსაც ამერიკის წყნარი ოკეანის ფლოტი უნდა გაეტყუებინა მიდუეიდან. ვარაუდს ამყარებს ის ფაქტი, რომ კუნძულებზე შეტევა მიდუეის ბრძოლასთან ერთად დაიწყო და ორივე ბრძოლას ადმირალი ისოროკუ იამამოტო მეთაურობდა. თუმცა სხვა მოსაზრების მიხედვით, იაპონელთა შეტევა ალეუტებზე არანაირი დივერსიული ქმედება არ ყოფილა და მიზნად ისახავდა მხოლოდ და მხოლოდ იაპონელთა ჩრდილოეთ ფლანგის დაცვას აშშ-ს შესაძლო შეტევისგან.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ History.com Editors. "Battle of the Aleutian Islands". HISTORY.
- ↑ John Haile Cloe. "Attu: The Forgotten Battle" (PDF). National Park Service.
Most people are unaware that the United States launched its first offensive operations in the Pacific with the Aleutian Campaign, June 1942-August 1943. It preceded landing on Guadalcanal by two months.
- ↑ Parshall, Jonathan; Anthony Tully (2005). Shattered Sword: The Untold Story of the Battle of Midway. Potomac Books.