აკოფ აკოფიანი (მხატვარი)
აკოფ აკოფიანი (სომხ. Հակոբյան Հակոբ Տիգրանի; დ. 24 მაისი, 1923 — გ. 8 მარტი, 2013) — სომეხი და საბჭოთა მხატვარი. საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988). სომხეთის სსრ სახალხო არტისტი (1977). საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1986).[1][2]
აკოფ აკოფიანი | |
---|---|
დაიბადა | 24 მაისი, 1923 |
დაბადების ადგილი | ალექსანდრია, ეგვიპტე |
გარდაიცვალა | 8 მარტი, 2013 (89 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ერევანი, სომხეთი |
ეროვნება | სომეხი |
ცნობილი ნამუშევრები | „ბაღი რიფსიმეს ტაძართან. ეჩმიაძინი“, „ადრეული გაზფხული“, „ხეები თხრილთან“, „მწუხარება“, „თამბაქოს მწეველი“, „ვენახები ზამთარში“, „მხატვრის სახელოსნოში“, „მიტოვებული კუთხე“, „არარატი“, „გარნის ხეობა“ |
ჯილდოები | სომხეთის სსრ სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1923 წლის 24 მაისს ალექსანდრიაში (ეგვიპტე), სადაც გადავიდა ოჯახი 1915 წელს გენოციდისაგან თავის დასაღწევად. 9 წლის ასაკში აკოფი მშობლებმა გაგზავნეს სასწავლებლად სომხურ სკოლაში კვიპროსში მელქონიანის სომხურ სკოლაში, სადაც ხატვას ასწავლიდა ფერმწერი და ხელოვნებათმცოდნე ო. ავეტისიანი. 1941 წელს იგი დაბრუნდა ალექსანდრიაში და მოეწყო საფეიქრო ფაბრიკაში. სამი წლის შემდეგ გადავიდა კაიროში, დაიწყო მუშაობა დიზაინერად და მოეწყო კაიროს უმაღლეს სამეფო სამხატვრო აკადემიაში (დაამთავრა 1947 წელს). 1952 წელს გაემგზავრა სასწავლებლად პარიზში, სადაც დაამთავრა გრან-შომერის აკადემია.
ა. აკოფიანის, როგორც მხატვრის, ფორმირებას, მისი ხელწერის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო ევროპის, კერძოდ, პარიზის მუზეუმების გაცნობამ. უცხოეთში ცხოვრების პერიოდში ა. აკოფიანი ძირითადად ნატურმორტებსა და თემატურ სურათებს ქმნიდა, რომლებშიც იგი თავისი თაობის, სამშობლოსაგან მოწყვეტილი ადამიანების სულიერ მდგომარეობას გადმოცემდა. მხატვრის მიერ ამ თემაზე შექმნილი სურათებიდან გამოირჩევა „მწუხარება“ (1961). მუხლებზე იდაყვებდაყრდნობილი, ხელებში თავჩარგული მამაკაცის საერთო იერი მიგვანიშნებს ამ ადამიანის მწარე ხვედრზე. სურათში „მკერავი“ (1961) გამხდარი, ავადმყოფური იერის მამაკაცი, იმედგაწყვეტილი შემკვეთთა მოლოდინში, ცარიელ საკერავ მანქანას მისჯდომია და დაფიქრებული მზერა მიუპყრია ერთი წერტილისათვის. ამ სურათის საერთო განწყობილებას აძლიერებს მონაცრისფრო-რუხი კოლორიტი. ასეთივე ძლიერი სულიერი განცდებია გადმოცემული სურათებში: „თამბაქოს მწეველი“ (1962), „გიტარაზე დამკვრელი“ (1962), „მრეცხავი ქალი“ (1961), ქალი სამზარეულოში“ (1959) და სხვ.
ა აკოფიანის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ნატურმორტებს. მხატვარი ასახავს ყოველდღიურ ყოფით საგნებს. „როდესაც ვარჩევ საგნებს ნატურმორტისათვის, — ამბობს მხატვარი, — უცბად ვამჩნევ, რომ ოთახის მეორე კუთხეში ჩემს მიერ გადაყრილი საგნებისაგან იქმნება კიდევ უფრო ლამაზი ნატურმორტი“. სურათებში ასახული საგნები გვიამბობენ იმ ადამიანებზე, რომელთა საკუთრებასაც ისინი წარმოადგენენ. სწორედ ეს მიყრილ-მოყრილი, ხმარებაში მყოფი საგნები იზიდავს მხატვარს და მათში ეძებს სილამაზეს. უცხოეთში ცხოვრების პერიოდში მხატვარი მონაწილეობდა იქ გამართულ გამოფენებზე.
1953 წელს, ფსევდონიმით „ემილი“ გამოფინა სურათი ბუქარესტში მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა ფესტივალის დროს. სურათს მეორე პრემია ხვდა. მხატვარმა ეს ფერწერული ტილო საბჭოთა დელეგაციას გადასცა საჩუქრად. შემდგომში მან თავის მშობლიურ სომხეთში გამოგზავნა კიდევ რამდენიმე სურათი.
1961 წელს აკოფიანი საცხოვრებლად თავის მშობლიურ სომხეთში გადავიდა. 1962 წლიდან ცხოვრობდა ლენინაკანში, სადაც შექმნა პეიზაჟების მთელი სერია: „ქუჩა ლენინაკანში“ (1965), „შემოდგომა ლენინაკანში“ (1972), რომელიც ნათელი და მაჟორული ტონალობისაა. ამ პეიზაჟებში ა. აკოფიანმა გადმოსცა მშობლიური მიწის სიყვარული. მხატვრის პეიზაჟებში თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივია, მაგრამ ბუნების მოტივები ახლებურად და განწყობილებითაა გადმოცემული. ერთი შეხედვით, ისეთ უბრალო პეიზაჟში, როგორიცაა „ხეები“ (1970), „ეზო“ (1963), „პეიზაჟი ღობით“ (1970) მხატვარი გადმოგვცემს სომხეთის ბუნების თავისებურებას. მისთვის უცხოა ბუნების პასიური ჭვრეტა და ამიტომაც პეიზაჟებში ჩანს მხატვრის დამოკიდებულება ამა თუ იმ მოტივისადმი, ბუნების ამა თუ იმ მოვლენისადმი მწყობრი კომპოზიციები, საჰაერო პერსპექტივის გადმოცემა ა. აკოფიანის ტილოების ნიშან-თვისებაა. რაც შეეხება მისი პეიზაჟების კოლორისტულ თავისებურებას, ჩვენს წინაშეა მხოლოდ მისთვის ჩვეული ცივი-მონაცრისფრო ვერცხლისფერ-ოქროსფერები, რითაც მხატვარი ოსტატურად აღწევს ფერწერული ატმოსფეროს შექმნას. მხატვარს უყვარს შემოდგომის ფერები, ნიავდაქროლილი, განმარტოებული, ფოთოლგაცვენილი ხეების ოქროვანი ფერადოვნება. ეს არის სამხრეთის კოლორიტის ჟღერადობა, მზისგან გათაანგული ჰაერის, სამშობლო მთებისა და ველების სურნელი. ა. აკოფიანის სურათები აგებულია გარეგნულად მშვიდ და შინაგანად დაძაბულ განწყობილებათა დაპირისპირებით. ერთი შეხედვით, თითქოს გადამხმარი ვაზი („ადრეული გაზფხული“, 1971), ფოთოლგაცვენილი შიშველი ხეები („ხეები თხრილთან“, 1971) გარეგნულად მშვიდი იერისაა, მაგრამ თუ დავაკვირდებით, ვიგრძნობთ, თუ როგორ ფეთქავს მათში სიცოცხლე.
დაკავებული იყო საზოგადოებრივი მოღვაწეობით, 1967 წლიდან აირჩიეს სომხეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.
გარდაიცვალა 2013 წლის 8 მარტს. დაკრძალულია კომიტასის სახელობის პანთეონში.
ჯილდოები
რედაქტირება- 1977 — მიენიჭა სახელმწიფო პრემია და სომხეთის სსრ სახალხო არტისტის წოდება.
- 1986 — თბილისში, ამიერკავკასიის პირველ ბიენალეზე მიენიჭა ოქროს მედალი ნახატისთვის „გაზაფხული“ (1971).
- 1987 — მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია ნახატების ციკლისთვის: „ჩემი სამშობლო“: „გაზაფხული ბაღში“, „გზა და ხეები“, „ფერდობი“, „ნატურმორტი სახელოსნოში“, „მშვიდობიანი დღე“, „სომხური პეიზაჟი“.
- ერევნის საპატიო მოქალაქე (2001)
- დაჯილდოებულია წმინდა მესროპ მაშტოცის ორდენით, მედლით „შრომითი წარჩინებისათვის“ (27.10.1967)