დელოსის კავშირი

(გადამისამართდა გვერდიდან ათენის პირველი საზღვაო კავშირი)

დელოსის კავშირი, ათენის პირველი საზღვაო კავშირიათენის მიერ ძვ. წ. 478/477 წელს შექმნილი ძველბერძნული პოლიტიკური გაერთიანება. 480–479 წლებში ბერძენ-სპარსელთა ომებში (500–449) სპარსელებზე მოპოვებული გადამწყვეტი გამარჯვებების შემდეგ ბერძნების წინაშე დადგა ეგეოსის ზღვიდან მათი განდევნისა და მცირე აზიის სანაპიროს ბერძნული ქალაქების სპარსული უღლისგან განთავისუფლების ამოცანა. სპარტა, რომელსაც პანელინურ კავშირში უმაღლესი მთავარსარდლობა ეკუთვნოდა, არ იყო დაინტერესებული ზღვისგაღმა ლაშქრობებით და პრაქტიკულად გამოვიდა ომიდან. ამ დროს, რიგმა კუნძულოვანმა ქალაქ-სახელმწიფოებმა (ქიოსზე, ლესბოსზე, სამოსზე და სხვ.) ათენს მიმართეს სპარსელებზე შემდგომი თავდასხმების მეთაურობის წინადადებით. ათენი დათანხმდა და მისი ეგიდით, როგორც ჩანს, თავდაპირველად პანელინური კავშირის ჩარჩოებში, 478/477 წელს შეიქმნა ახალი სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება — ათენის საზღვაო კავშირი.[1]

დელოსის კავშირი პელოპონესის ომის წინ, ძვ. წ. 431 წ.

ეს კავშირი ეყრდნობოდა იონიური ქალაქების (რომლებიც ათენის კავშირში უმრავლესობას შეადგენდნენ) ძველ რელიგიურ-პოლიტიკურ ერთობას — დელოსის ამფიქტიონიას. კავშირის ცენტრი გახდა კუნძული დელოსი, სადაც მდებარეობდა აპოლონის ცნობილი სალოცავი. აქედან მომდინარეობს გაერთიანების სახელწოდება. თავდაპირველად კავშირი დაფუძნებული იყო თანასწორუფლებიანობის საწყისებზე, მისი ხელმძღვანელი ორგანო გახდა მოკავშირე ქალაქების კრება (სინოდი), საბრძოლო მოქმედებების განსახორციელებლად შეიქმნა საერთო ფლოტი და ხაზინა, სადაც ქალაქებს (თავდაპირველად მათ, ვისაც არ ჰქონდათ თავისი ესკადრის გამოყვანის შესაძლებლობა) შეჰქონდათ გამოსაღები — ფოროსი. საერთო-საკავშირო შეკრებები ტარდებოდა კუნძულ დელოსზე, აქვე ინახებოდა საერთო ხაზინა. კავშირი სწრაფად გაფართოვდა და მალე მისი წევრების რაოდენობა 200-მდე გაიზარდა. ამ ერთობის ძალის გამოყენებით ათენმა შეძლო დიდი წარმატებებისათვის მიეღწია და სპარსელები ეგეოსის ზღვიდან გაედევნა. თუმცა ამავდროულად წარიმართა ათენის კავშირის გარდაქმნაც. ფლოტის სიძლიერეზე დაყრდნობით, ათენელები თავის მოკავშირეებს თანდათან დაქვემდებარებულ სატელიტებად აქცევდნენ: მათ დიდ ნაწილს ჩამოართვეს საკუთარი შეიარაღებული ძალების ყოლის, საკუთარი მონეტების, მასისა და მოცულობის საზომების გამოყენების უფლებები, შემოუფარგლეს ადგილობრივი თვითმმართველობა და მოურიდებლად აღკვეთდნენ-ხოლმე კავშირიდან გასვლის ნებისმიერ მცდელობას (ამგვარად ჩაახშვეს აჯანყებები ნაქსოსზე 469 წელს, თასოსზე 465 წელს, ევბეაზე 446 წელს, სამოსზე 440–439 წლებში). ჭირვეულ ქალაქებში ათენელებმა საკუთარი გარნიზონები ჩააყენეს და თავისი აგრარული და სტრატეგიული პრობლემების გადასაწყვეტად მოკავშირეთა მიწებზე დააარსეს სამხედრო-სამიწათმოქმედო კოლონიები — კლერუქიები. ათენის კავშირის ათენის სახელმწიფოდ (არქედ) გადაქცევაში გადამწყვეტ მომენტად ჩვეულებრივ თვლიან საკავშირო ხაზინის დელოსიდან ათენში გადატანას (454). ამ ხაზინას ათენელები განაგებდნენ როგორც საკუთარს; ამასთან ერთად, განუწყვეტლივ ზრდიდნენ მოკავშირეების მიერ გადასახდელი ფოროსის რაოდენობას: თავდაპირველად მისი მთლიანი ჯამი შეადგენდა 460 ტალანტს, პელოპონესის ომის წინ (431 წლისთვის) გაიზარდა 600-მდე, ხოლო შუა ომში (425) ორზე მეტჯერ გაიზარდა და წელიწადში 1460 ტალანტს მიაღწია. ამგვარი შევიწროება და მძიმე გადასახადები მოკავშირეთა უკმაყოფილებას იწვევდა, და როდესაც ათენმა მარცხები განიცადა, კავშირი დაიშალა. ოფიციალურად გაუქმდა ძვ. წ. 404 წელს, პელოპონესის ომში ათენის დამარცხების შემდეგ.[1]

ძვ. წ. 378 წელს შექმნილი ათენის მე-2 საზღვაო კავშირიც თავდაპირველად თანასწორუფლებიანობის საწყისებზე იყო დაფუძნებული, თუმცა, ათენის დიდმპყრობელური პოლიტიკის გამო, მანაც იგივე ბედი გაიზიარა. ათენის 1-ელი და მე-2 საზღვაო კავშირის ისტორიაში წარმოჩენილია ძველი საბერძნეთის დამახასიათებელი პოლიტიკური ცხოვრების ტენდენციები: ერთის მხრივ, ეკონომიკური ინტერესების, კულტურისა და პოლიტიკური წყობის (უმთავრესად, დემოკრატიულის) ერთობა ხელს უწყობდა საზღვაო ქალაქების გაერთიანებას, მეორის მხრივ კი, მძლავრი ქალაქი-ჰეგემონი ისწრაფოდა პოლიტიკური ინტეგრაციის დაჩქარებისა და კავშირის ბაზაზე საკუთარი სახელმწიფოს შექმნისკენ, რამაც გარდაუვალად გამოიწვია გაერთიანების მცდელობების კრახი.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 Фролов Э. Д. Делосский союз // Большая российская энциклопедия. т. 8. — М., 2007. — стр. 478.